განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056028
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№154აპ-18 თბილისი
ჯ---–-ა ვ--–------ 154აპ-18 1 აგვისტო, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ვ--–----- ჯ---–-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--–----- ჯ---–-ას, – დაბადებულს 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 05:15 საათზე, ვ--–----- ჯ---–-ამ უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ქ------- წ-------–-ს ქ. №---ში მდებარე მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 15 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ არაყს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ვ--–----- ჯ---–-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება. გამართლებული ვ. ჯ---–-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განაჩენი გაუქმდა; ვ--–----- ჯ---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2015 წლის 22 სექტემბრიდან იმავე წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–----- ჯ---–-ამ და ითხოვა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის, როგორც უსაფუძვლოს და დაუსაბუთებლის, გაუქმება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ უდავოდ ცნობილი ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ვ--–----- ჯ---–-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დასაბუთებულია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ ვ--–----- ჯ---–-ას უდანაშაულოდ ცნობისათვის არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ 15 ლარის ზიანზე აპელირებით არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან, როდესაც თავად ქმედების ხასიათი და მისი ჩადენის ხერხი არ წარმოადგენს მცირე მნიშვნელობის მქონეს, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
8. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ--–----- ჯ---–-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი