განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700052913
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№60აპ-18 ქ. თბილისი
ქ--------ი ზ-----, 60აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და მსჯავრდებულ ზ----- ქ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-–--- გ-----ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის განაჩენით ზ----- ქ--------ი, - დ----------–------ წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით სასჯელის დაუნიშნავად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 125–ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 9 თვით (რაც მოხდილია).
ზ----- ქ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- ქ--------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ზ----- ქ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 26 აპრილს თბილისში, ფონიჭალაში, ჭალას დასახლებაში, ზ----- ქ--------მა მეუღლის მამას– ს--–------ ბ---------ს დაარტყა ხელი მკერდში, რის გამოც ამ უკანასკნელმა იგრძნო ძლიერი ტკივილი.
ზ----- ქ--------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა ერთჯერადი მოხმარების შპრიცში, საიდანაც ნაწილი მოიხმარა. 2013 წლის 9 სექტემბერს აღნიშნული შპრიცი ამოღებულ იქნა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპრიცისა და ნემსის შიდა ზედაპირი შეიცავდა 0, 000000004 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,დეზომორფინს“. შპრიცზე არსებულ სისხლზე ჩატარებული საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ შპრიცში არსებული დანაშრები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ზ----- ქ--------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ზ----- ქ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ზ----- ქ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით სასჯელის დაუნიშნავად.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარეებმა. პროკურორი ითხოვს ზ----- ქ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ხოლო დაცვის მხარე - ზ----- ქ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილშიც, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი და არასარწმუნოა; განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ----- ქ--------ის ბრალეულობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ----- ქ--------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც უტყუარად მიუთითებენ ზ----- ქ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტზე.
9. უსაფუძვლოა ასევე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ზ----- ქ--------ის სსკ-ის 111,125–ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვისა და მსჯავრდებულ ზ----- ქ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-–--- გ-----ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე