განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055832
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№145აპ-18 ქ. თბილისი
დ---–ი გ----, 145აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ---- დ---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით გ---- დ---–ი – დ----------–-------–-–----------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ გ---- დ---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, გ---- დ---–მა თ---–--–-, წ----------------–--–----------–--–-------------ში მდებარე მ------ ყ----–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის აივანზე, დერეფანსა და სამზარეულოში დაასხა ნავთობპროდუქტი, რომელსაც განზრახ წაუკიდა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიწვა მ------ ყ----–---–ი კუთვნილი სახლის ნაწილი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და გ---- დ---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას; ალტერნატივის სახით კასატორი ითხოვს გ---- დ---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, ვერ დგინდება, თუ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რომელი ნაწილი ეკუთვნოდა დაზარალებულ მ------ ყ----–---–ს; ტ------– ზ-------–---–მა განმარტა, რომ დაზიანებული სახლის სააბაზანო ოთახში გარკვეული ნივთები დამონტაჟებული იყო გ. დ---–ის ხარჯით, სახლიც მსჯავრდებულის ხარჯებით იყო გარემონტებული; აღნიშნული მოწმისა და გ. დ---–ის ჩვენებებით საეჭვოა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, რემონტის ხარჯები მ------ ყ----–---–მა გადაიხადა; ამ საქმეზე თავად გ---- დ---–ი და მისი ოჯახია დაზარალებული; გ. დ---–მა სახლში ბენზინი რემონტის შემდეგ შესასვლელ კარსა და კედელზე დარჩენილი თეთრი საღებავის კვალის მოშორების მიზნით მიიტანა; მეუღლესთან კამათის შემდეგ მან სიგარეტს მოუკიდა და ვინაიდან აქვს პარკინსონის დაავადება და ნერვიულობისას ხელი უკანკალებს, აღარ ახსოვს, ხელიდან გაუვარდა თუ ინსტინქტურად დააგდო ასანთი.
6. კასატორის მითითებით, გ---- დ---–ს თავისი და მეუღლის სახლის დაზიანება რომ სდომებოდა, საამისოდ სხვა ხერხს გამოიყენებდა; სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ერთადერთი პირდაპირი მოწმე ნინო ოქიტაშვილია, ყველა სხვა პირი არის ირიბი მოწმე.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №424აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მტკიცებულებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ---- დ---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ---- დ---–ის მიერ ცეცხლის წაკიდების განზრახვისა და დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის კუთვნილების შეფასების ნაწილში. ამასთან, არ არსებობს დაზარალებულისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებების მიმართ უნდობლობის საფუძველი და ისინი შეესაბამება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ---- დ---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე