განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010100116001635411
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001635411

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№88აპ-18 ქ. თბილისი

გ--------- კ-------, 88აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - გ------- მ----–---სა და გ---- შ-----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით კ------- გ---------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 262–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ------- გ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

მსჯავრდებულ კ------- გ---------ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2016 წლის 16 ნოემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- გ---------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული დანაშაული და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით ნასამართლევმა კ------- გ---------მ ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, თ--------ის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,463 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 57 ცალი მთელი აბი და 0,352 გრამი აბის ნატეხები, რაც მან 2016 წლის 16 ნოემბერს არაერთგზის, ს-----ის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა და ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ------- გ--------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 262–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეების ჩვენებებს; მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი ინფორმაციები, ხოლო ბრალდებულმა ლოგიკურად და თანმიმდევრულად განმარტა, რომ მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა საქართველოში, სოფელ ს-----ში და თ--------ის რესპუბლიკიდან არ შემოუტანია; რაც შეეხება ჩხრეკის ოქმში მითითებას, რომ თითქოს, მან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა თ--------ის რესპუბლიკის ქ. ტ---------ში, არის მცდარი და აღნიშნული განპირობებული იყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მასთან საპროცესო შეთანხმების დადების დაპირებით.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება კ------- გ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პოლიციელების მიერ არასწორი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდების შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. რაიმე გარემოება, რაც პალატას მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, საქმის მასალებიდან არ იკვეთება.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - გ------- მ----–---სა და გ---- შ-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე