განჩინება

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
010141318700050730
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050730

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

საქმე №10აგ-18 27 ივლისი, 2018 წელი

ბ-------ი ბ------, 10აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ბ------ ბ-------ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ბ. ბ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყო – 2013 წლის 21 აპრილიდან.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივნისის განაჩენით ბ------ ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა განაჩენის გამოტანის მომენტიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გიორგი რამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 11 წლით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2014 წლის 4 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 21 აპრილიდან 2014 წლის 4 ივნისამდე.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ------ ბ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

7. 2018 წლის 11 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ------ ბ-------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემობათა გამო ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

9. კასატორი - მსჯავრდებული ბ------ ბ-------ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მისი მსჯავრდება უკანონოა და ეფუძნება პოლიციელების ცრუ ჩვენებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

 

3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში ბ------ ბ-------ი არ უთითებს არც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მასში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ კასატორისეული შეფასება, რომ უკანონოა მისი მსჯავრდება, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

4. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მითითებას მოწმეთა მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.

 

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ბ------ ბ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე