განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700052309
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №24აგ-18 27 ივლისი, 2018 წელი
რ------–---–ი გ------, 24აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------ რ------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით გ------ რ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 20 იანვრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განაჩენი შეიცვალა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.
გ------ რ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2.000 ლარი; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ------ რ------–---–ის ადვოკატებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შვანგირაძის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2018 წლის 31 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ------ რ------–---–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის შესაბამისად, გადასინჯოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ვინაიდან მისთვის მსჯავრად შერაცხული სსკ–ის 1443–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ქვედა ზღვარმა დაიწია.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ------ რ------–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორი - მსჯავრდებული გ------ რ------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გადასინჯვას, შუამდგომლობაში მითითებული მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა კი არ შემსუბუქდა, პირიქით - გამკაცრდა და ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა 4-დან 6 წლამდე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), დღეს მოქმედი რედაქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისულფების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე.
4. ამდენად, კასატორის პოზიცია განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იმ მოტივით, რომ შემსუბუქდა კანონმდებლობა მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, უსაფუძვლოა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ------ რ------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------ რ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ------ რ------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე