ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700054783
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ახლად გამოვლენილი განჩინება
საქართველოს სახელით
№41აგ-18 10 სექტემბერი, 2018 წელი
ე-------- თ------, 41აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ------ ე--------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენით თ------ ე-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (9,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ შეძენა–შენახვა, გადაზიდვისათვის) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.
2. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით თ------ ე-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) – 3 წლით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1999 წლის რედაქცია) – 3 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (გაუქმდა პირობითი მსჯავრი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ------ ე--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, კერძოდ:
თ------ ე-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) – 3 წლით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) – 3 წლით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა თ------ ე--------ს მიმართ წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ------ ე--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 იანვრიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის დადგენილებით თ------ ე--------ს ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 თებერვლიდან.
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ------ ე--------ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
თ------ ე-------- გათავისუფლდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 იანვრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა თ------ ე--------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
თ------ ე--------ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა: სსკ–ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 იანვრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი თ------ ე--------ს მიმართ დარჩა უცვლელად.
9. 2018 წლის 2 მარტს მსჯავრდებულმა თ------ ე--------მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ მის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენმა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, დაამძიმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი. შუამდგომლობის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, წარსულში ამ მუხლით ნასამართლობამ არ უნდა მოახდინოს გავლენა და აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მას სასჯელი შთანთქმის წესით უნდა განესაზღვროს.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით თ------ ე--------ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. კასატორი - მსჯავრდებული თ------ ე-------- ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.
3. პალატა მიუთითებს კასატორს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით არ მომხდარა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. ხსენებული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.
4. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თ------ ე-------- მსჯავრდებული იყო როგორც „მარიხუანის“ შეძენა–შენახვისთვის, ისე აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული თ------ ე-------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ თ------ ე--------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ------ ე--------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება მსჯავრდებულ თ------ ე--------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე