განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053638
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №34აგ-18 თბილისი
კ----------- ს------, 34აგ-18 18 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ს------ კ-----------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით - 117.76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვა) და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
ს------ კ----------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
3. 2018 წლის 15 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს------ კ----------მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისს შესული ცვლილებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა და სასჯელისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლით:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით მას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 117.76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, „ნედლი მარიხუანის“ დიდ ოდენობად ითვლებოდა - 100 გრამი. ამავე კანონში 2017 წლის 26 ივლისს შესული ცვლილების თანახმად, დიდ ოდენობად განისაზღვრა - 140 გრამი. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემომითითებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა არა კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებულ ოდენობაზე და ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს 100 გრამამდე „ნედლ მარიხუანაზე“, რადგან იმ მომენტისათვის ის იყო ზღვრული ოდენობა, ამჟამინდელი მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე წესით უნდა გავრცელდეს 140 გრამამდე „ნედლ მარიხუანაზეც“, რის საფუძველზეც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს ქმედება, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს------ კ----------მა. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ 2018 წლის 2 მარტის განაჩენით მიიღო მსჯავრდებულისათვის საუარესო გადაწყვეტილება, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 13 სექტემბრის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ განჩინებით განსაზღვრული კვალიფიკაცია ხელმეორედ გადააკვალიფიცირა და ამასთან სასჯელი უკანონოდ დაამძიმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და როგორც მინიმუმ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაკისრებული სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით (ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული (100 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის.
3. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
4. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებაში იმსჯელა სწორედ „ნედლი მარიხუანის“ კონკრეტულ ოდენობაზე (100 გრამამდე) და განმარტა, რომ 100 გრამამდე „ნედლი მარიხუანა“ არ მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გასაღების საფრთხეს. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
5. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს არგუმენტებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 2 მარტის განაჩენით მიიღო მსჯავრდებულისათვის საუარესო გადაწყვეტილება და მისთვის შეფარდებული სასჯელი უკანონოდ დაამძიმა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 13 სექტემბრის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის გამოყენებით, ს------ კ-----------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, უკვე გადააკვალიფიცირა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 220 (ორას ოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განუსაზღვრა 2 წელი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება, რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დადგენილი ს------ კ-----------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 220 (ორას ოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს------ კ-----------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენი გაუქმდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება, რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დადგენილი ს------ კ-----------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 220 (ორას ოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი