განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210015001009780
საქმე №ას-883-2018 21 სექტემბრის, 2018 წელი
№ას-883-2018 ნ------ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ-------- ნ------ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ----- გ-----–---–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ-------- ნ------ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ----- გ-----–---–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მორალური ზიანის – 10 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 4 ივლისს თბილისის ზღვის შემოსასვლელ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა ორი ავტომანქანა. ერთ-ერთს მართავდა მოსარჩელის დედის თანამშრომელი (შემდგომში – მძღოლი), მეორეს კი – მოპასუხე.
3. ავტოავარიის დროს მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად მოსარჩელის დედა გარდაიცვალა.
4. ავტოავარიის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც შეწყდა მძღოლის მიმართ ამნისტიის აქტის საფუძველზე. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოპასუხე დაჯარიმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. მან დატოვა შემთხვევის ადგილი, დაშავებული პირისათვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. არც შემდგომ გამოუჩენია მოსარჩელის მიმართ არანაირი ყურადღება.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოს 2013 წლის 22 იანვრის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მძღოლის მიმართ ამნისტიის აქტის გამო. დადგენილებაში მიეთითა, რომ მძღოლის მიერ დაირღვა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ხოლო მოპასუხის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ აღინიშნებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს (დედის გარდაცვალებას) შორის. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები განსაზღვრავდეს მოთხოვნის სამართლებრივი ნორმის დისპოზიციურ მხარეს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. უფლების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში.
9. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაუმართლებელია, კერძოდ:
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 413-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სარჩელში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა არსებობდეს ნორმის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
12. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი გამოძიება დაიწყო და შეწყდა მძღოლის მიმართ ამნისტიის აქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე დაჯარიმდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი). შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს – მოსარჩელის დედის გარდაცვალებას შორის, რის გამოც სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
14. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სსკ-ის 992-ე მუხლის დანაწესი და არასწორად განმარტა საქმეზე წარმოდგენილი გარემოებანი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ განსაცდელში მიატოვა მოსარჩელის დედა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 4 ივლისს თბილისის ზღვის შემოსასვლელ გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ერთ-ერთ ავტომანქანას მართავდა მოსარჩელის დედის თანამშრომელი (შემდგომში – მძღოლი), მეორეს კი – მოპასუხე.
18. ავტოავარიის დროს მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად მოსარჩელის დედა გარდაიცვალა.
19. ავტოავარიის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც შეწყდა მძღოლის მიმართ ამნისტიის აქტის საფუძველზე. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოპასუხე დაჯარიმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. მან დატოვა შემთხვევის ადგილი, დაშავებული პირისათვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. არც შემდგომ გამოუჩენია მოსარჩელის მიმართ არანაირი ყურადღება.
20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 992-ე მუხლის (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) გამოყენება არასწორია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მითითებული ნორმით დელიქტური პასუხისმგებლობა შემოფარგლულია უშუალოდ დაზარალებული პირისათვის მიყენებული ზიანით და, შესაბამისად, ეს ნორმა სულიერი ტკივილის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს იმ პირს, რომელიც თავად არ დაზარალებულა საკუთარი სხეულის ან საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად (შდრ. იხ. სუსგ, №3კ-242-01, 06.04.2001; №3კ-1218-01, 24.04.2002).
25. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანი (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით). კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება, გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება, დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ. იხ. სუსგ, №3კ-242-01, 06.04.2001; №3კ-1218-01, 24.04.2002; №ას-14-466-05, 09.11.2006; №ას-1156-1176-2011, 20.01.2012). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1006-ე მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ, მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკივილისათვის (შდრ. იხ. სუსგ, №3კ-1218-01, 24.04.2002).
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს, ასევე სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1156-1176-2011,20.01.2012).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და, რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან (სუსგ 14.07.2018წ. საქმე №ას-593-568-2016).
28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოსარჩელის დედის გარდაცვალების გამო მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტაბილურ პრაქტიკას მორალური ზიანის ანაზღაურების წანამძღვრებთან დაკავშირებით, რის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ნ------ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი