განჩინება

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
010141318700056411
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056411

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№169აპ-18 ქ. თბილისი

კ-------–--- ბ------, 169აპ-18 24 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ-------- ჯ-----–---–ს, - დაბადებულს 1987 წელს და ბ------ კ-------–---ს, - დაბადებულს 1976 წელს, - ბრალად ედებოდათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2015 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებმა – დ-------- ჯ-----–---–მა და ბ------ კ-------–---მ უკანონოდ, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ გადავიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. 2015 წლის 19 მაისს დ-------- ჯ-----–---–მა და ბ------ კ-------–---მ სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №6 სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე გამავალი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მდინარე დ------ს გამოვლით და უკანონოდ გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მათი ქმედება შეამჩნიეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა და ისინი დააკავეს იმავე ტერიტორიაზე.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დ-------- ჯ-----–---–ი და ბ------ კ-------–--- ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მათვე განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- ხაჩიძემ და მოითხოვა დ-------- ჯ-----–---–ისა და ბ------ კ-------–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მათი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

 

5. გამართლებული ბ------ კ-------–---ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ------ ქ-----, ასევე გამართლებული დ-------- ჯ-----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე-–--- ჯ------- შესაგებლებით ითხოვენ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გაამართლა დ-------- ჯ-----–---–ი და ბ------ კ-------–---, ვინაიდან საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით არ დადასტურდა მათი ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. დ-------- ჯ-----–---–ისა და ბ------ კ-------–---ს ურთიერთშესაბამისი ჩვენებები (რომლებითაც მათ ახსნეს, თუ როგორ მოხვდნენ საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან) თანხვედრაშია მოწმეების – გ------- ნ-–--–-–---–--ა და ნ-------- რ-------ს ჩვენებებთან. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მოწმეებმა: ლ---- ს---–-–---–მა, მ----- შ---------მ, დ----- ჭ-------მ, ხ---- ყ-----–---–მა და კ--- კ------–---მ დაადასტურეს, რომ მდინარე დ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დ. ჯ-----–---–ი და ბ. კ-------–--- დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დემარკირებული არ არის.

 

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ-------- ჯ-----–---–ი და ბ------ კ-------–--- გადაადგილდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ მათ მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენის ფაქტი არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით. ასეთ შემთხვევაში, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების (მსჯავრდებულების) სასარგებლოდ. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე