განჩინება

სისხლის სამართლის 17.09.2018
საქმის ნომერი
010141318700054168
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054168

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №32აგ-18 17 სექტემბერი, 2018 წელი

ა-–----–---–- თ-----, 32აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------- გ-----–---ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორს, ბრალდებულ თ----- ა-–----–---–სა და ადვოკატ ი---- ი---------ს შორის, რომლის თანახმად, თ----- ა-–----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.

 

თ----- ა-–----–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. 2018 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ----- ა-–----–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ----- ა-–----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. კასატორი – მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ-------- გ-----–---ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თ----- ა-–----–---–-ს მიმართ განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ჰყავს უმუშევარი მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ასევე უმუშევარი მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------- გ-----–---ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნისათვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

 

3. საქმის მასალებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით თ----- ა-–----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 9,18 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის დაუნიშნავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

 

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს.

 

5. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------- გ-----–---ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინება მსჯავრდებულ თ----- ა-–----–---–-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე