განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700051297
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №53აგ-18 თბილისი
ბ-–------ მ--------, 53აგ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ-----ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით მ-------- ბ-–------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (8,11 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.
მ-------- ბ-–------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
მ-------- ბ-–------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 7 ივლისიდან იმავე წლის 10 ივლისამდე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 სექტემბრის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
მ-------- ბ-–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
მ-------- ბ-–------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 7 ივლისიდან იმავე წლის 10 ივლისამდე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი.
დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2018 წლის 18 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- შ-----მ, რომელმაც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- შ-----მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ვინაიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით მ-------- ბ-–------ მსჯავრდებულია 8,11 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მის მიმართ ვერ გავრცელდება და ამასთანავე, მას უკვე მოხდილი აქვს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული სასჯელი.
4. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 სექტემბრის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
მ-------- ბ-–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.
6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს მიმართ არ უნდა გაევრცელებინა და ამასთანავე, იგი უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელისგან, ვინაიდან „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით მ-------- ბ-–------ს სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და ამ შემთხვევაში მის მიმართ კანონს არ ჰქონდა უკუძალა (ამ საკითხზე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის №83აგ-17 განჩინება), მაგრამ, რადგან მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს, არათუ საკასაციო განხილვის მოცემულ ეტაპზე, არამედ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინების გამოტანის მომენტისათვის, უკვე მოხდილი ჰქონდა მითითებული განჩინებით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით (გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 29 აგვისტოდან), საკასაციო პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ საკითხზე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ-------- ბ-–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ-----ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე