განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002150276
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№162აპ-18 ქ. თბილისი
გ--–----- ზ----, 162აპ-18 25 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ---- გ--–-----ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ზ---- გ--–-----, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარი, 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
3. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
4. განაჩენის მიხედვით ზ---- გ--–-----მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ასევე - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებები“ - 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – „მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით ზ---- გ--–----- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 500 ლარით ნარკოტიკული საშუალება - „ოპიუმის“ ჯგუფის, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა), „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების გამო. მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 12 სექტემბერს ზ---- გ--–-----ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარების ფაქტი, აგრეთვე - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ---- გ--–-----მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---- ი---------მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ზ---- გ--–-----ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
7. ზ---- გ--–----- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
8. ზ---- გ--–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა ზ---- გ--–-----მ საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ზ---- გ--–-----ს საქმის მასალები, გაითვალისწინა მისი საკასაციო საჩივრის მოტივები და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმეში არსებული მასალებით, რომლებიც შეიცავს საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დადასტურებულია, რომ ზ---- გ--–-----მ ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ვისაც მანამდე ანალოგიური ქმედებისათვის დაკისრებული ჰქონდა სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით. აღნიშნულ ბრალს არც თვითონ მსჯავრდებული უარყოფს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით მას ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, ამასთან, 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები.
3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე შემოტანილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ---- გ--–----- ითხოვს, რომ მას ჯარიმის სახით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვინაიდან, კასატორის განმარტებით, მის ოჯახს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, თვითონ უმუშევარია, ხოლო მისი მშობლები პენსიონერები არიან. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთათვის განკუთვნილი ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხშირად უწევს ფინანსურ დახმარებას ზ---- გ--–-----სა და მის პენსიონერ მშობლებს მკურნალობის ხარჯების დასაფარავად. ამასთან, მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ის არის ფიზიკურად ჯანმრთელი და შრომისუნარიანი, თუმცა, უმუშევრობის გამო, არავითარი შემოსავალი არ გააჩნია, რის გამოც, ფაქტობრივად, პენსიონერი მშობლების კმაყოფაზეა. ამიტომ სურვილი აქვს, რომ სასჯელი მოიხადოს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახით, ვინაიდან არ გააჩნია სასჯელის სახით მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის მატერიალური საშუალება.
4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, მოქმედი სისხლის სამართლის კანონიდან გამომდინარე. ამ კანონით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივ სასჯელთა იერარქიის მიხედვით, ჯარიმა წარმოადგენს ყველაზე უფრო მსუბუქ სასჯელს, ხოლო მასთან შედარებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სასჯელის უფრო მკაცრ სახედ ითვლება. ზემდგომ სასამართლოს არ აქვს უფლება, მსჯავრდებულს დაუმძიმოს სასჯელი, თუ ამას არ ითხოვს ბრალდების მხარე საპროცესო კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
5. ამავე დროს, ვინაიდან მსჯავრდებული ზ---- გ--–----- ფაქტობრივად ითხოვს სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელის შეცვლით თავისი მდგომარეობის შემსუბუქებას, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, იმსჯელოს მისთვის ჯარიმის სახით განსაზღვრული იმ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რომლის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენით მისთვის დაკისრებული ოდენობით ჯარიმის გადახდა, სავარაუდოდ, არარეალურია. ამიტომ, მსჯავრდებულის სოციალური მდგომარეობისა და ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მიმართ ჩამოყალიბებული დასჯადობის ლიბერალიზაციის ტენდენციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული სასჯელის ზომის შემცირებას კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვრამდე, რაც შეადგენს 1000 ლარს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის შენიშვნისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ზ---- გ--–-----ს სასიკეთოდ: სასამართლოს მიერ მის მიმართ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარი - უნდა შემცირდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ამ სახის კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ზომამდე და, შესაბამისად, მას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ---- გ--–-----ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებული ზ---- გ--–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.
4. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე