განჩინება

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
200100118002271580
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002271580

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №235აპ-18 ქ. თბილისი

ო--------–---–ი გ-------, 235აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ------- ო--------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით გ------- ო--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანები „ზილ-131“, სახ.№------- და „გაზ-66“, სახ.№-------, ავტომანქანების სარეგისტრაციო მოწმობები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ავტომანქანა „ზილ-131-ზე“, სახ.№------- მოთავსებული 4 ცალი მორი, ავტომანქანა „გაზ-66-ზე“ სახ.№------- მოთავსებული 2 ცალი მორი, ბენზოხერხი, დალუქული ერთ ფუთად რაც ხელწერილით ჩაჰბარდა დ----- მ-----–---–ს, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

 

განაჩენით მსჯავრდებულ გ------- ო--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 11 დეკემბერს, თ--–---- რაიონის სოფელ კ----------–------ს ტერიტორიაზე არსებული თ--–---- სატყეო უბნის მე-6 კვარტალში, გ------- ო--------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ვერხვის ჯიშის პირველი ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1076,40 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელის დამძიმებას, ასევე დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების - „ზილ-131“ მარკისა და ,,გაზ-66“ მარკის ავტომანქანების ჩამორთმევას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ------- ო--------–---–ისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას; ასევე დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების - „ზილ-131“ მარკისა და ,,გაზ-66“ მარკის ავტომანქანების ჩამორთმევას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ------- ო--------–---–ისათვის სასჯელის გამკაცრებას, ასევე დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების - „ზილ-131“ მარკისა და ,,გაზ-66“ მარკის ავტომანქანების ჩამორთმევას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მიაჩნია, რომ გ------- ო--------–---–ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.

 

8. სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხზეც, თუ რატომ არ უნდა ჩამოერთვას გ------- ო--------–---–ს „ზილ-131“ მარკისა და ,,გაზ-66“ მარკის ავტომანქანები, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე