განჩინება

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
010141318700058755
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058755

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №254აპ-18 ქ. თბილისი

გ-----–---–ი რ-------, 254აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ------- გ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---- ფ----------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით რ------- გ-----–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 9 თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ------- გ-----–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 30 ნოემბრიდან.

 

განაჩენით მსჯავრდებულ რ------- გ-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რ------- გ-----–---–ი 2012 წლის აგვისტოდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - მ---- მ-------–---–-ა და დას - მ----- გ-----–---–ს, ასევე მათზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამცირებდა, კერძოდ, ქ.თ---–--–ი, სოფელ დ------–ი, გ------- ბ--–------–-ს პ------–ი შესახვევის N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ------- გ-----–---–მა დედის - მ---- მ-------–---–--ა და დის - მ----- გ-----–---–ის მიმართ ზემოხსენებული ქმედებები ჩაიდინა 2016 წლის 1 და 19 სექტემბერს, 2016 წლის 5 ოქტომბერს, 2016 წლის 15, 29 და 30 ნოემბერს. აღნიშნულმა ქმედებებმა კი მ---- მ-------–---–--ა და მ----- გ-----–---–ის ტანჯვა გამოიწვია.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და რ------- გ-----–---–ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ------- გ-----–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ---- ფ----------ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. გ-----–---–ის გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება რ------- გ-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორი არ უთითებს.

 

9. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

10. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს რ------- გ-----–---–ის ბრალეულობის თაობაზე, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებას, დაცვის მხარის არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ------- გ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---- ფ----------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე