განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056719
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№190აპ-18 ქ. თბილისი
ჩ------–---–ი ნ--------, 190აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ნ-------- ჩ------–---–ი, – დაბადებული 1974 წლის 10 იანვარს, ნასამართლევი – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლით (2017 წლის 25 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ნ-------- ჩ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 550 საათით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ნ-------- ჩ------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (2017 წლის 22 მაისიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 550 საათით - ჩაეთვალა მოხდილად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 20:20 საათზე, თ---–--–ი, ზ. ქ-----ის ქუჩის N---ში მდებარე მ-------- ს------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნ-------- ჩ------–---–მა თავისი და მ-------- ს------–--ის არასრულწლოვანი შვილის, 17 წლის ს--–---- ჩ------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - მ-------- ს------–--ესა და შვილს - ს--–---- ჩ------–---–ს, კერძოდ, მ-------- ს------–--ეს ფეხი დაარტყა მუცელში და შემდეგ - რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რითაც მ-------- ს------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ს--–---- ჩ------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ფეხი - მუცლის მარჯვენა მხარეს, რის შედეგადაც ს--–---- ჩ------–---–ს მიაყენა ნაჭდევები შუბლის მიდამოში, ხოლო მარჯვენა მხრის მიდამოში - სისხლნაჟღენთი, რითაც ს--–---- ჩ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე;
2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 20:20 საათზე, თ---–--–ი, ზ. ქ-----ის ქუჩის N---ში მდებარე მ-------- ს------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნ-------- ჩ------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - მ-------- ს------–--ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ჩ------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას; კასატორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მსჯავრდებულის პიროვნება; მსგავსი კატეგორიის საქმეზე არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება მსჯავრდებულზე წამახალისებლად მოქმედებს; ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულთა დამოკიდებულება მომხდარისადმი; ნ. ჩ------–---–ი წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდის ჩადენისათვის; ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას არასამართლიანი სასჯელის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს გართულებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მან აღიარა ჩადენილი ქმედება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ-------- ჩ------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე