განჩინება

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
010100116001242986
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001242986

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№215აპ-18 ქ. თბილისი

ო------ მ------, 215აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მ------ ო------ (მონაწილეობის გარეშე), - დ----------–-------–-–------------–-, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტრაქტორის შესაძენად 27 000 აშშ დოლარის დაუფლების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღაზია „ტ---------ში“ ფულადი თანხის დაბანდების მიზნით 17700 აშშ დოლარის დაუფლების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ავტომანქანა „LEXUS RX-330“ შესაძენად 10 800 აშშ დოლარის დაუფლების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სოფელ გ------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის 17280 აშშ დოლარის დაუფლების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ო------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ამავე განაჩენით განისაზღვრა, რომ მ------ ო------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყება მისი დაკავების დღიდან;

მ------ ო-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2015 წლის თებერვლის დასაწყისში მ------ ო------ თავის მეგობარ ი-- მ----–--–---–ს შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომანქანა „LEXUS RX-330-ის“ შეძენაში, რისთვისაც მან ი. მ----–--–---–ს გამოართვა 10800 აშშ დოლარი. მ------ ო------ს წინასწარ ჰქონდა განზრახული ი-- მ----–--–---–ისთვის არ შეეძინა ზემოხსენებული ავტომანქანა და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის თანხას. მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. მ----–--–---–ს მიადგა 10800 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2015 წლის თებერვლის ბოლოს მ------ ო------მ თავის მეგობარ ი-- მ----–--–---–ს შესთავაზა, კომერციული საქმიანობის მიზნით, ერთობლივად შეეძინათ ტრაქტორი, რომლის საქართველოში ჩამოტანისა და მისი რეალიზაციის შემდეგ ი-- მ----–--–---–ი მიიღებდა ფულად სარგებელს, რისთვისაც მან ი. მ----–--–---–ს გამოართვა 27000 აშშ დოლარი. მ------ ო------ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, არ შეეძინა ზემოხსენებული ტრაქტორი და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა ი-- მ----–--–---–ის თანხას. მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. მ----–--–---–ს მიადგა 27000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2015 წლის ივლისში მ------ ო------მ თავის მეგობარ ი-- მ----–--–---–ს შესთავაზა, კომერციული საქმიანობის მიზნით, თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ, სოფელ გ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ საკურორტო სეზონზე გააქირავებდნენ ოთახებს, რის შედეგადაც ი. მ----–--–---–ი მიიღებდა ფულად სარგებელს, რისთვისაც მან ი. მ----–--–---–ს გამოართვა 17280 აშშ დოლარი. მ------ ო------ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, არ შეესრულებინა დანაპირები და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა ი-- მ----–--–---–ის თანხას. მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. მ----–--–---–ს მიადგა 17280 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2015 წლის ივნისში მ------ ო------ თავის მეგობარ ი-- მ----–--–---–ს შესთავაზა, კომერციული საქმიანობის მიზნით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „ტ---------ში“ თანხის დაბანდება, რის შედეგადაც ი. მ----–--–---–ი მიიღებდა ფულად სარგებელს, რისთვისაც მან ი. მ----–--–---–ს გამოართვა 17700 აშშ დოლარი. მ------ ო------ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, არ შეესრულებინა დანაპირები და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა ი-- მ----–--–---–ის თანხას. მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. მ----–--–---–ს მიადგა 17700 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმებასა და მ------ ო-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში. კასატორის მითითებით, საქმეზე უტყუარად არის დადგენილი მ------ ო-----ის მიერ ბრალად წრდგენილი ყველა ეპიზოდის ჩადენის ფაქტი; სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა დაკითხული მოწმის ჩვენებები.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №52აპ-13, №236აპ-12, №5აპ-18 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

9. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების (ტრაქტორის შესაძენად 27 000 აშშ დოლარისა და მაღაზია „ტ---------ში“ თანხის დაბანდების მიზნით 17 700 აშშ დოლარის დაუფლების) ეპიზოდებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას არასაკმარისი მტკიცებულებების თაობაზე. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

10. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ------ ო-----ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ავტომანქანა “LEXUS RX-300-ის” შესაძენად 10800 აშშ დოლარისა და სოფელ გ------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის 17 280 აშშ დოლარის დაუფლების) მსჯავრდების თაობაზე. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ანა მ----–--–---–ის, ტრისტან ლოქაბიძისა და ოთარ გაბაიაძის ჩვენებებით, 2015 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშერულებითა და 2016 წლის 26 დეკემბრის მიღება-ჩაბარებისა და მორიგების აქტით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ------ ო-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე