განჩინება

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
010141318700057464
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№211აპ-18 თბილისი

გ----------ი დ-----, 211აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- გ----------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:

 

დ----- გ----------ი, – დ----------–-------–-–------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ----- გ----------ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ----- გ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 26 თებერვლიდან.

 

ა---- წ--------–ი, – დ----------–-------–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ა---- წ--------–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 28 თებერვლიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- გ----------მა, ა---- წ--------–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ინტერნეტგვერდის საშუალებით მოძებნეს ლ---- მ----------ის განცხადება, რომლითაც შეიტყვეს, რომ იგი ყიდდა მობილურ ტელეფონებს და გადაწყვიტეს ლ---- მ----------ის დაყაჩაღება. ამ მიზნით 2016 წლის 25 დეკემბერს დ----- გ----------ი მობილური ტელეფონის ნომრით 5-------- დაუკავშირდა ლ---- მ----------ს და თითქოსდა მობილური ტელეფონის შესაძენად დაუთქვა შეხვედრა ვ---------–-----ში მდებარე ეკლესიასთან. იმავე დღეს ლ---- მ----------ი თავისი ავტომანქანით მივიდა მითითებულ ტერიტორიაზე, სადაც მას შეხვდნენ დ----- გ----------ი, ა---- წ--------–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი. ისინი ჩასხდნენ ლ---- მ----------ის ავტომანქანაში, დ----- გ----------ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი - უკანა, ხოლო ა---- წ--------–ი - წინა სავარძელზე. თავდამსხმელებმა ლ---- მ----------ს განუცხადეს, რომ ტელეფონის საყიდლად საჭირო თანხა თან არ ჰქონდათ და თითქოსდა თანხის ასაღებად სთხოვეს ვ---------–------------------------ კორპუსთან მიყვანა. ამ მისამართზე მისვლის შემდეგ, დ----- გ----------მა ლ---- მ----------ს თავზე მიადო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, რის შემდეგაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით დ----- გ----------მა და ა---- წ--------–მა დაზარალებულს გასტაცეს საფულე მასში არსებული თანხით, 5 მობილური ტელეფონითა და ოქროს ბეჭდით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ----- გ----------ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის პოზიციით, დაზარალებულმა გამოძიების სტადიაზე განაცხადა, რომ ე. ჩ--------–---–მა გადაიტანა ტელეფონი მანქანიდან, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში კი მიუთითა, რომ სამივე ერთად გადავიდა ავტომანქანიდან; სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სასჯელის გადავადებაზე უარის მართებულობაზე; ე. ჩ--------–---–ი 2013 წლის ნოემბერში (როდესაც მსჯავრდებული დააკავეს) დაიყოლიეს თანამშრომლობაზე და მანვე მოუწყო დანაშაულის პროვოცირება.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №191აპ-17, №2კ-57აპ.-2000 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაცვის მხარის ვერსია ლ---- მ----------თან დ----- გ----------ის პირადი მოტივით დაპირისპირების თაობაზე დაუდასტურებელია, მით უმეტეს, რომ დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ე. ჩ--------–---–ი, რომლის ჩვენებითაც მას დაზარალებულის ჩვენებასთან დაპირისპირება შეეძლო.

 

10. რაც შეეხება სასჯელის გადავადებაზე უარს, იგი გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, კერძოდ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----- გ----------ი არის მძიმე ავადმყოფი, მაგრამ მასში არ არის მითითება, რომ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში ხელი შეეშლება მის მოხდას.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ----- გ----------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე