განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330210016001272190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-394-394-2018 13 ივლისი, 2018 წელი
№ას-394-394-2018 თ--------–---–ი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ------- თ--------–---–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი-–-- ძ---–-–---–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მოძრავი ნივთის მიკუთვნება, მისი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შ------- თ--------–---–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი-–-- ძ---–-–---–ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოთხოვისა (მარკა, მოდელი - ბმვ 328XI, სანომრე ნიშნით - S------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------- და მისი მოსარჩელისათვის მიკუთვნების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის არსებული მეგობრული ურთიერთობით ისარგებლა მოპასუხემ და მოსარჩელის მიერ შეძენილი ავტომობილი აღირიცხა საკუთრებად, კერძოდ, ავტომაქანის შეძენის განაცხადი შეივსო მოპასუხის სახელზე და მხარეთა შეთანხმებით, ის შემდგომ უნდა გაფორმებული მოსარჩელის საკუთრებად. მოსარჩელემ გადაიხადა ნივთის შესაძენად ყველა გადასახადი, მათ შორის - ჩამოყვანისა და მისი განბაჟების თანხა, ამასთან ავტომანქანას მოსარჩელე ფლობდა ერთი წლის განმავლობაში, მის მიერ არის გადახდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმებიც. 2015 წლის დეკემბერში მოპასუხემ მოტყუებით წაიყვანა ნივთი და აღარ უბრუნებს მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან მოსარჩელისაგან შეიძინა ავტომობილი, ნივთის მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის დროისათვის გადაიხადა ნასყიდობის ღირებულება, შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენია, ხოლო მოსარჩელეს სურს სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. მოსარჩელე არასოდეს ყოფილა ნივთის მესაკუთრე, ავტომობილი საზღვარგარეთიდან სხვა პირის მიერაა ჩამოყვანილი და მისი ღირებულების გადახდის შემდგომ გაფორმდა მოპასუხის საკუთრებად, ამასთანავე, არასწორია მოსარჩელის განცხადება, თითქოს მოპასუხეს სრულად არ ჰქონდეს ანაზღაურებული ნივთის ფასი. ნივთის შეძენიდან გასული საკმაო დროის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელეს არასოდეს პრეტენზია არ წაუყენებია, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობით სადავო ავტომობილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე,რომელსაც თავად ფლობს.
1.2.2. ავტომობილი საქართველოში არც მოსარჩელის და არც მოპასუხის სახელზე არ ყოფილა შემოყვანილი, არამედ, იგი შემოყვანილი იქნა ნ--- კ-–---ის სახელზე და საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო ნ--- კ-–---ის, როგორც ამ ავტომობილზე უფლებამოსილი პირის შესაბამისი თანხმობა;
1.2.3. ნ--- კ-–---ის თანხმობის საფუძველზე სადავო ავტომობილი 2014 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღირიცხა მოპასუხის სახელზე;
1.2.4. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, ნ--- კ-–---ისაგან სადავო ავტომობილი დაერეგისტრირებინა თავის სახელზე და რომ არა მისი თანხმობა, ნ.კ-–---ი სადავო ავტომობილს მოპასუხის სახელზე არ დაარეგისტრირებდა. მოპასუხის მტკიცება, რომ მან ავტომობილის ღირებულება, დაახლოებით 14 000 აშშ დოლარი გადაუხადა არა ნ.კ-–---ს, არამედ მოსარჩელეს, სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, რომ შ.თ--------–---–ი უფლებამოსილი იყო ნ.კ-–---ისაგან საკუთარ სახელზე დაერეგისტრირებინა ავტომობილი (აპელანტის პოზიციიდან გამომდინარე, ი-–-- ძ---–-–---–ის სახელზე ამ ავტომობილის დარეგისტრირება ატარებდა ფორმალურ, დროებით ხასიათს, ვინაიდან 2014 წლის დეკემბრიდან ავტომობილი იმყოფებოდა ყოველთვის მის მფლობელობაში, ვიდრე 2015 წლის დეკემბერში ავტომობილი მოტყუებით არ წაიყვანა ი-–-- ძ---–-–---–მა. რეალურად ავტომობილის მესაკუთრეს თვითონ წარმოადგენდა და მისი მოთხოვნისთანავე ი-–-- ძ---–-–---–ს შ------- თ--------–---–ის სახელზე უნდა გადაეფორმებინა ავტომობილი. ამასთან აპელანტი უთითებს, რომ ი-–-- ძ---–-–---–ი ვერ ადასტურებს ავტომობილის ღირებულების მისთვის გადახდის შესახებ გარემოებას). განსახილველი დავის საგანს ავტომობილის ნასყიდობის ღირებულების გადახდის დაკისრება არ წარმოადგენს, არამედ გამოსაკვლევია, 2014 წლის დეკემბერში ი-–-- ძ---–-–---–ის სახელზე ავტომობილის დარეგისტრირებით წარმოიშვა თუ არა მისი საკუთრების უფლება (სკ-ის 186-ე მუხლი). უდავოა, რომ ავტომობილი ნ.კ-–---ისა და შ.თ--------–---–ის მიერ გამოვლენილი ნების შედეგად დარეგისტრირდა ი.ძ---–-–---–ის სახელზე, ხოლო აპელანტის მტკიცება, რომ რეგისტრაცია ფორმალურია, არადამაჯარებელია და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მოსარჩელის მტკიცებას, რომ რეგიტრაციიდან 2015 წლის დეკემბრამდე (მოპასუხის მიერ ავტომობილის მოტყუებით დაუფლებამდე) ის ფლობდა ავტომობილს, გამორიცხავს თვად მოსარჩელის მიერვე მოწვეული მოწმის, ა-- ბ-------ის, ჩვენება, რომელმაც 2016 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე (იხ. საოქმო ჩანაწერი 10:11:26-10:11:42) დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომობილს ძირითდად ფლობდა და ავტომობილით სარგებლობდა მოპასუხე, ხოლო, მოსარჩელე, მხოლოდ, მაშინ სარგებლობდა, როცა მოპასუხე ათხოვებდა ამ ავტომობილს. მოწმის ჩვენების ეს ეპიზოდი სრულ თანხვედრაშია მოპასუხის პოზიციასთან (ის 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ფლობს და სარგებლობს სადავო ავტომობილით), სადავო ავტომობილის ი-–-- ძ---–-–---–ის სახელზე დარეგისტრირებიდანვე (2014 წლის დეკემბრიდან) ეს ავტომობილი უწყვეტად იმყოფებოდა მოპასუხის პირდაპირ მფლობელობაში (მოსარჩელემ თავისი ახსნა-განამრტებით, ასევე, მოწმე ა-- ბ--------მ /იხ. 2016 წლის 2 ნომებრის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი ,10:37:19-10:37:59; ასევე 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი 10:12:20/ დაადასტურეს, რომ შ------- თ--------–---–სა და ი-–-- ძ---–-–---–ს სადავო ავტომობილის ი-–-- ძ---–-–---–ის სახელზე დარეგისტრირების მომენტისათვის, აღარ ჰქონდათ ახლო მეგობრულ ურთიერთობა). ამდენად, არ დგინდება, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე სადავო სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა აპელანტის მფლობელობაში. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჯარიმო ქვითრებით დგინდება მხოლოდ ის, რომ კონკეტულ თარიღებში (20.12.2014წ; 15.01.2015წ; 09.08.2015წ; 28.08.2015წ. და არა 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე), როდესაც სადავო სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაფიქსირდა დარღვევა და შედგა შესაბამისი ოქმები, სადავო ავტომობილი იმყოფებოდა შ------- თ--------–---–ის სარგებლობაში და თავად მართავდა. ის ფაქტი კი, რომ შ------- თ--------–---–ი პერიოდულად თხოულობდა ამ ავტომობილს ი-–-- ძ---–-–---–ისაგან დადასტურებულია ა-- ბ-------ის ჩვენებითაც. მოსარჩელე დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ი-–-- ძ---–-–---–ის მიერ 2015 წლის დეკემბერში სადავო ავტომობილის მოტყუებით დაუფლება (იხ. 2018 წლის 9 იანვრის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 14:26:55);
1.2.5. ზემოხსენებული გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვტომობილის რეგისტრაციის მომენტისათვის მხარეები აღარ მეგობრობდნენ, გასაზიარებელია, მოპასუხის მტკიცება, რომ ზეპირი ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) საფუძველზე გადაეცა მოპასუხეს ავტომობილი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები და მოწმის ჩვენება, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დაადგინა სადავო მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველი. ამ მხრივ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს დასაბუთებული შესაგებელი არ წარმოუდგენია და სარჩელში მითითებული ფაქტები სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია. საქმეში არსებული შესაგებელი მართლაც არ მოიცავს არსებითი ხასიათის შედავებებს, თუმცა, მოპასუხე ამ საქმის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტს _ მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობას კვალიფიციურად ედავება, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებისაგან (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი). იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავად ვერ ამტკიცებს ნივთის ვინდიცირების შესახებ სარჩელის წინაპირობებს (სკ-ის 170-ე-172-ე მუხლები), სასამართლომ მართებულად უთხრა მას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მ-----– ე-–---–---–ის მიერ 22.05.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 350 ლარის, 70% _ 945 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ------- თ--------–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შ------- თ--------–---–ს (პ/#0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ-----– ე-–---–---–ის მიერ 22.05.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახეწლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 350 ლარის 70% _ 945 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი