განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058347
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№232აპ-18 ქ. თბილისი
ე------- ს-----–, 232აპ-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს-----– ე-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ შ----–--ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ს-----– ე-------, – დ----------–-------–-–-------------------------–---, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) – 2 წლით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----– ე------მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას; ასევე – ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (2 ეპიზოდი); ასევე – სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 16 მარტს, დღის საათებში, ა---–---–--ში, კ-–------–----------ში მდებარე ნ-----–-- ხ-------–ის საცხოვრებელ სახლში, დაუკითხავად მივიდა ნ----–------ში მცხოვრები ს-----– ე-------, რომელსაც სახლში დახვდა ნ-----–-- ხ-------–ის ქალიშვილი ს-----– ხ-------–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად. ს-----– ხ-------–მა ს-----– ე------ს უთხრა, რომ მამა – ნ-----–-- ხ-------–ი სახლში არ იყო და მოსთხოვა სახლიდან წასვლა, თუმცა ს-----– ე------- დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ გადიოდა ს-----– ხ-------–ის საცხოვრებელი სახლიდან და შესაბამისი ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ნ-----–-- და ს-----– ხ-------–ების საცხოვრებელ სახლში. რადგან ს-----– ე------- თავისი ნებით არ გადიოდა სახლიდან, ს-----– ხ-------–მა იატაკის საწმენდი ჯოხის გამოყენებით აიძულა იგი, დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი.
· ნასვამი ს-----– ე------- უცენზურო სიტყვებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას თავის მშობლებს. მორიგი ინციდენტის დროს – 2016 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, ნასვამი ს-----– ე------- დაბრუნდა ნ----–------ში, თავის სახლში, რა დროსაც მშობლებს – მ------- და გ----–------ ე------ებს დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება, შემდეგ დედას – გ----–------ ე------ს დაარტყა მხარში, მაგიდიდან აიღო და ესროლა საფერფლე, რომელიც გ. ე------ს მოხვდა ზურგში, შემდეგ კი მამას – მ------- ე------ს დაარტყა მკერდში. იმ მიზნით, რომ ს-----– ე------ს აღარ მიეყენებინა შეურაცხყოფა, მშობლები ჩაიკეტნენ სახლის ეზოში მდებარე სათავსში და გამოუძახეს პოლიციას. ს-----– ე-------ს ქმედებების შედეგად მ------- და გ----–------ ე------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და დამცირება (პირველი ეპიზოდი).
· 2017 წლის განმავლობაში ნასვამი ს-----– ე------- უცენზურო სიტყვებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას თავის მშობლებს. მორიგი ინციდენტის დროს – 2017 წლის 13 მარტს ს-----– ე------მა მ------- და გ----–------ ე------ებს აგინა უცენზურო სიტყვებით, შემდეგ ყელში სწვდა მამამისს, ხოლო გასაშველებლად მისულ დედას ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. ასევე, 2017 წლის 14 მარტს მთვრალმა ს-----– ე------მა მშობლებს კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად მ------- და გ----–------ ე------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და დამცირება (მეორე ეპიზოდი).
· 2017 წლის განმავლობაში ნასვამი ს-----– ე------- შეურაცხყოფის მიყენების დროს მშობლებს – მ------- და გ----–------ ე------ებს დანით ხელში ემუქრებოდა მოკვლით, სახლის გადაწვითა და განადგურებით. 2017 წლის 13 მარტს, მორიგი ინციდენტისას, კვლავ დაემუქრა გადაწვითა და განადგურებით, ხოლო 2017 წლის 14 მარტს სამზარეულოში ცეცხლი წაუკიდა ქაღალდებს. ს-----– ე-------ს მუქარა და მოქმედება მ------- და გ----–------ ე------ებმა აღიქვეს რეალურად, იფიქრეს, რომ ს-----– ე-------ს საქციელი საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, ამიტომ შეატყობინეს ნინოწმინდის შს რაიონულ სამმართველოს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ს-----– ე-------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ------ შ----–--ე ითხოვს ს-----– ე-------ს გამართლებას წარდგენილ ბრალდებებში იმ მოტივით, რომ მან დანაშაული, ფაქტობრივად, შეურაცხადმა ჩაიდინა, მას არ ჩატარებია ფსიქიატრიულ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის ფინანსური საშუალება თავად მსჯავრდებულს არ ჰქონდა.
6. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორი ვასილ ოსიძე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ს-----– ე-------ს ბრალეულობა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების – ს-----– ხ-------–ის, მ------- და გ----–------ ე------ების, მოწმეების – ნ-----–-- ხ-------–ის, ი--- მ--–-------ის, შ--- ა------ის, ვ---- მ–-–---ის, ბ------- პ----------ის, ვ---- მ-–---------ის, მ------ მ-----–---–ისა და სხვათა ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 აპრილის №0-------- და №0-------- დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით.
10. რაც შეეხება კასატორის მითითებას ს-----– ე-------სათვის ფსიქიატრიულ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე; დაცვის მხარეს ჰქონდა უფლება, თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები (მათ შორის – ექსპერტიზის დასკვნაც), ხოლო თუ ამის საშუალება არ ჰქონდა, მას უნდა მიემართა ბრალდების მხარისათვის ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით, რაც დაცვის მხარეს არ გაუკეთებია.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ბ------ შ----–--ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს-----– ე-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ შ----–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე