განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002143533
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №304აპ-18 ქ. თბილისი
ქ--------ი ე-----, 304აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე----- ქ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ გ--–----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით ე----- ქ--------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ქ--------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 სექტემბრიდან.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენით მსჯავრდებულ ე----- ქ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ე----- ქ--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების - 13,1166 გრამი ,,ჰეროინისა“ და 1,9249 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები, დაფასოებული 38 ცალად, საიდანაც ე----- ქ--------მა 2 ცალად დაფასოებული 0,0621 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 2017 წლის 9 სექტემბერს, ფ-------–-–ი, კ. გ-------------ს ქ.N----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 160 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ------- თ---–---------ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე 33 ცალად დაფასოებული 12,2645 გრამი ,,ჰეროინის“ და 1.8317 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები შეინახა ქ. თ---–--–ი, ს.ფ-------–-–ი, კ. გ-------------ს ქ. №-- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 3 ცალად დაფასოებული 0,7900 გრამი ,,ჰეროინის“ და 0,0932 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები კი შეინახა შარვლის ჯიბეში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 20 სექტემბერს ე----- ქ--------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სამართამდამცავებმა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით - სასჯელის შემსუბუქებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე----- ქ--------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------ გ--–----ა, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას და ე. ქ--------ისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ მსჯავრდებულ ე----- ქ--------ისათვის შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ე. ქ--------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. #545აპ-16; 609აპ-17).
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე----- ქ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ გ--–----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე