განჩინება

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
010141318700059261
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059261

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №276აპ-18 ქ. თბილისი

დ------–---–ი ლ----, 276აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძის, მსჯავრდებულ ლ---- დ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს, მსჯავრდებულ ლ---- დ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ--–- ი------–---–--ა და მ--------- კ---–-–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- დ------–---–ს ბრალი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ---- დ------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -0.202922 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 25 აბი და 1 ოვალური ფორმის აბის ნატეხი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებიდან 0.056 გრამ ბუპრენორფინის შემცველ 7 ტაბლეტს და 0.00229221 გრამ ,,ბუპრენორფინის“ შემცველ 1 ოვალური ფორმის აბის ნატეხს უკანონოდ ინახავდა ქ. თ--–--–ი, ა-–-----ს გამზირის N---ში მდებარე N-- თავის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო 0.144 გრამ ,,ბუპრენორფინის“ შემცველ 18 აბს ინახავდა პირადად. ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა 2014 წლის 7 ივლისს, ლ---- დ------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის დროს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენით:

ლ---- დ------–---–ს წარდგენილი ბრალიდან ამოერიცხა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და იგი ამ ეპიზოდში გამართლდა.

 

ლ---- დ------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი - 2014 წლის 16 აპრილის კანონი) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 7 ივლისიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენით ლ---- დ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 16 თებერვალს ლ---- დ------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ა’’, ,,ზ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

ლ---- დ------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0.144 გრამი ნარკოტიკული საშუალება -,,ბუპრენორფინის“ შემცველი 18 აბი, რასაც პირადად ინახავდა.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ---- დ------–---–ის დამნაშავედ ცნობას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო დაცვის მხარე - გამართლებას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი თეა ბერიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ---- დ------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.

 

მსჯავრდებულ ლ---- დ------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ------ რ-------–---–- სკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას გამამტყუნებელ ნაწილში (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი) და ლ---- დ------–---–ის გამართლებას; ხოლო გამამართლებელ ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

მსჯავრდებული ლ---- დ------–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ--–- ი------–---–ი და მ--------- კ---–-–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ლ. დ------–---–ის გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. კასატორი - ბრალდების მხარე სადავოდ ხდის მსჯავრდებულ ლ---- დ------–---–ის გამართლებას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდში და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომელთა საფუძველზეც ლ---- დ------–---–ი გაამართლა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

9. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ლ---- დ------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი) საფუძველზე მისთვის შერაცხული ბრალის ნაწილში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. დ------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

10. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს პოლიციელების ჩვენებების ნაკლებ მტკიცებულებით ღირებულებაზე, რის დასასაბუთებლადაც ისინი იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (ECtHR, 11/07/2013, Ochelkov v. Russia, №17828/05), რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო არ იყო ბატონი ოჩელკოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი (რასაც თავად ოჩელკოვი სამართალდამცავებს მიაწერდა), მიუთითა იმ პოლიციელების ჩვენებების ნაკლებ მტკიცებულებით ღირებულებაზე, რომლებსაც ბრალს სდებდა ოჩელკოვი, თანაც იმ ფონზე, რომ პოლიციელების ჩვენებები არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებებით და ასევე, იყო წინააღმდეგობრვი როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, ცალსახად თქმა იმისა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ან მეტი) მნიშვნელობა აქვს, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს ევროსასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.

 

11. კასატორის მიერ ასევე დასახელებულ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მიქიაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ საქმეში, ევროპული სასამართლოს მითითებით, ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი, ძირთადად, დაეყრდნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა საკმარისი და დამაჯერებელი განმარტებების გარეშე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Mikiashvili v. Georgia), N18996/06, 09/10/2012, §82 და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/12/2012, §50). აქედან გამომდინარე, ლ---- დ------–---–ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მითითებულ გადაწყვეტილებაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძის, მსჯავრდებულ ლ---- დ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს, მსჯავრდებულ ლ---- დ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ--–- ი------–---–--ა და მ--------- კ---–-–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე