განჩინება

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
010141318700059228
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №291აპ-18 ქ. თბილისი

ტ-----ი ა----–-თ, 291აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა----–-თ ტ-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ა----–-თ ტ-----ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა----–-თ ტ-----ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 წლის, 5 თვისა და 23 დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა----–-თ ტ-----ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 ივნისიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენით მსჯავრდებულ ა----–-თ ტ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 15 ივნისს, 22:55 საათიდან 23:10 დროის შუალედში, გ---------ს რაიონის სოფელ თ---------–ი, შპს ,,ჯ---------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაზ-21140 მარკის ავტომანქანით, სახ.#U--------- გადაადგილდებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს №1-251-07 განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი ა----–-თ ტ-----ი, რომელიც პირადად ინახავდა მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობის, 0,5502 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს”.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც დაზუსტებული საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა----–-თ ტ-----მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს------- ჯ---------მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ ა. ტ-----ისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორები ითხოვენ მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის შემდეგი მიზნები: სამართლიანობის აღდგენა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დამნაშავის რესოციალიზაცია. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, ენიჭება თუ არა სასჯელის რომელიმე მიზანს პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს სასჯელის მიზნის პრიორიტეტულობა; სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული იქნება; ქმედების სიმძიმის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის ბრალეულობა და ის ზიანი, რაც მის ქმედებას მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ა----–-თ ტ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია) და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორების მითითება, რომ მსჯავრდებულ ა----–-თ ტ-----ს მისჯილი აქვს ძალიან მკაცრი სასჯელი, რაც ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. პალატა აღნიშნავს, რომ მრავალმა სახელმწიფომ სასჯელის შეფარდების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად პროპორციულობის კონცეფცია შეიმუშავა იმ საფუძვლით, რომ სამართლიანი სასჯელის ხანგრძლივობა და ტიპი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულს და დამნაშავის მახასიათებლებს. პროპორციულობის პრინციპი ირღვევა მხოლოდ ძალიან ხანგრძლივი სასჯელის შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასჯელის ხანგრძლივობის საფუძველზე კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არ ადგენს, გარდა ძალიან რთული შემთხვევებისა. ევროსასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,უხეში არაპროპორციულობის’’ ტესტი მკაცრია და იგი ვლინდება მხოლოდ იშვიათ და უნიკალურ შემთხვევებში. ევროსასამართლოს თავშეკავება ნაწილობრივ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მას არ სურს, ჩაერიოს სახელმწიფოს არჩევანში სასჯელებთან მიმართებით. სახელმწიფოები მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოები უზრუნველყოფილნი არიან დისკრეციის გარკვეული ხარისხით. ეს პრინციპი პირველად დადგინდა საქმეზე ,,ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Handyside v. the United Kingdom), რომელიც ეხებოდა მე-10 მუხლთან დაკავშირებულ დავას. სასამართლომ დაადგინა, რომ: „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მუდმივი კონტაქტის გამო, სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები პრინციპულად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან საერთაშორისო მოსამართლეებთან შედარებით, რათა გამოხატონ მოსაზრება ... „შეზღუდვისა“, თუ „სასჯელის“ „აუცილებლობასთან“ მიმართებით... ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს ევალებათ, თავდაპირველად შეაფასონ მწვავე სოციალური საჭიროების რეალობა, რომელსაც მოიცავს „აუცილებლობის“ ცნება ამ კონტექსტში. შესაბამისად, მე-10 (2) მუხლი მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უტოვებს შეფასების ზღვარს. ეს ზღვარი ეძლევათ ქვეყნის კანონმდებელს ... და იმ ორგანოებს, მათ შორის - სასამართლო ორგანოებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან განმარტონ და გამოიყენონ მოქმედი კანონები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Handyside v. the United Kingdom), N5493/72, 7/12/1976.).

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა----–-თ ტ-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე