განჩინება

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
010100117002148332
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002148332

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №312აპ-18 ქ. თბილისი

ჩ----ე მ---, 312აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ--- ჩ----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

განაჩენით მსჯავრდებულ მ--- ჩ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 21 ივნისს ქ.ბ------–ი, 9 მ------ს ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--- ჩ----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფ------ ჩ--------ს კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ოქროს სამკაულს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 5000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ მ--- ჩ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ--- ჩ----ის ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ჩ----ეს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

 

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე