განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059737
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №300აპ-18 ქ. თბილისი
მ-----------–ი გ-------, 300აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- მ-----------–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ------- მ-----------–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ------- მ-----------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენითა და 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით (`ამნისტიის შესახებ~ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი - 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენითა და 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით (`ამნისტიის შესახებ~ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- მ-----------–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 16 ოქტომბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ გ------- მ-----------–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, თ---–--–ი, დ-------- გ---–--ს ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- მ-----------–ი მივიდა თავის ნაცნობ ზ------ შ----–-------ნ, რომელსაც იცნობდა 2011 წლიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდიდან, მის მეგობარ ქალბატონ მ---- თოდაშვილსა (რომლისგანაც ელოდება შვილს) და ზ------ შ----–---ს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გარკვევისა და მოგვარების მიზნით. შეხვედრისას ზ------ შ----–--- იმყოფებოდა ნასვამი, მათ ერთადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც გ------- მ-----------–მა ზ------ შ----–---ს უთხრა, რომ მ---- თ-----–---–------ს თავი დაენებებინა და მიეცა დ-------- გ---–--ს ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე სექს-მუშაკად მუშაობის საშუალება. გ------- მ-----------–ის ამ ნათქვამზე ზ------ შ----–--- გახდა აგრესიული და მას მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და მოახდინა თავისი სასქესო ორგანოს დემონსტრირება. აღნიშნულზე განაწყენებულმა, ასევე ნასვამმა გ------- მ-----------–მა ზ------ შ----–---ს თავის არეში ჩაარტყა სამშენებლო ბეტონის ფილა და განზრახ მოკვლის მიზნით, იქვე არსებული სამზარეულოს დანა რამდენჯერმე დაარტყა ყელში, თუმცა ზ------ შ----–--- ჯერ კიდევ სუნთქავდა და მოძრაობდა. გ------- მ-----------–მა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უკვე მეორედ, თავზე გადაამტვრია ბეტონის ფილა, რის შედეგადაც ზ------ შ----–---მ მიიღო სახის, ქალასარქვლისა და ქალას ფუძის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ქალას ღრუში, მაგარი გარსის ზემოთ, მაგარი და რბილი გარსების ქვეშ, დიფუზური სისხლჩაქცევა თავის ტვინის ნივთიერებაში - ლეპტომენინგიტის განვითარებით, რის შემდეგაც ზ------ შ----–---მ შეწყვიტა მოძრაობა, ხოლო გ------- მ-----------–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2016 წლის 22 ნოემბერს გ------- მ-----------–ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად ზ------ შ----–--- სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში’’ გარდაიცვალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- მ-----------–მა, რომელიც საკასაციო საჩივრებით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასჯელის შემცირების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ------- მ-----------–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №252აპ-11; №701აპ-10).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- მ-----------–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე