განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059550
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №293აპ-18 ქ. თბილისი
მ-------ე ნ-------, 293აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ------- მ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
ნ------- მ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლიდან - 141-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).
ნ------- მ-------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 მარტიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ნ------- მ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ნ------- მ-------ემ 2016 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელ ,,f-------”-ის მეშვეობით გაიცნო 13 წლის ა-–---------- ჩ---------ი, რომელსაც ინფორმაციაში მითითებული ჰქონდა, რომ იყო 14 წლის და ნ------- მ-------ეს უთხრა თავისი რეალური ასაკი. 2016 წლის დეკემბრიდან ნ------- მ-------ეს სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა მომხმარებლის გვერდიდან, მათ შორის ,,ლ----–--------------ნ“, ჰქონდა მიმოწერა არასრულწლოვან ა-–---------- ჩ---------თან - მომხმარებლის სახელი ,,ა-–---------- ჩ---------ი“. ნ------- მ-------ე მიმოწერისას მოითხოვდა მისგან შიშველი ფოტოების გადაგზავნას. ა-–---------- ჩ---------მა გაუგზავნა თავისი ფოტოები, მათ შორის - ნახევრად შიშველი. მითითებული ფოტოების გაგზავნის შემდეგ, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის 1 მარტამდე, ნ------- მ-------ე მოითხოვდა ა-–---------- ჩ---------ისგან შიშველი ფოტოების გადაგზავნას და შეხვედრას, რა დროსაც უნდა ჰქონოდა სექსუალური კონტაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სკოლაში სახელგამტეხი ცნობების გახმაურებითა და მის მიერ გაგზავნილი ფოტოების გავრცელებით, რაც არასრულწლოვანმა აღიქვა რეალურად.
ნ------- მ-------ე ა-–---------- ჩ---------ს სწერდა სექსუალური შინაარსის ტექსტებს და 2017 წლის 7 თებერვალს და 11 თებერვალს გადაუგზავნა მამაკაცის სასქესო ორგანოს სურათები, რითაც ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. მ-------ისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ------- მ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).
ნ------- მ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).
ნ------- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა (სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა) შთანთქა მეორე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. მ-------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 მარტიდან.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ------- მ-------ემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ნ------- მ-------ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №90აპ-17, №77აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის - მსჯავრდებულ ნ------- მ-------ის მოსაზრებას, რომ კანონიერად და ობიექტურად არ დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ------- მ-------ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ნ------- კ--–----------ს, ს-----–--- კ--–----------ს, ნ------- კ----------ს, ნ------- დ---–---ს, ნ---- ე-–---–---–-ს ჩვენებები, ჩხრეკისა და დათვალიერების ოქმები, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და ასევე აღნიშნულ ოქმზე დათვალიერების შედეგად ამობეჭდილი და დართული დოკუმენტები, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმი, თანდართული ე.წ. „სქრინშოტები“ და საქმის სხვა მასალები.
10. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97 , 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93 , 29/05/1997, §43).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ------- მ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე