განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
020141318700051281
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700051281

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №51აგ-18 22 ოქტომბერი, 2018 წელი

ხ-----–--- გ-------, 51აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ხ-----–--ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2017 წლის 1 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ------- ხ-----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა”, ”ე” ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და ”ე” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 3000 ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ხ-----–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გ------- ხ-----–---ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლით.

 

გ------- ხ-----–---ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 21 მარტიდან.

 

2. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ხ-----–---მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ხ-----–---მ, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენებით წარმოადგენდა სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს, 2017 წლის 21 მარტს, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 0,018 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ და უკანონოდ შეინახა სხეულში, რაც 2017 წლის 21 მარტს ჩატარებული ენდოსკოპიური დათვალიერებისას მისგან ამოიღეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენებით ცნობილი იყო რა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და წარმოადგენდა რა ნასამართლევ პირს, გ------- ხ-----–---მ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2017 წლის 20 მარტს,----–--------ის რაიონის სოფელ ს-----ში ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მარიხუანა).

 

3. 2018 წლის 18 იანვარს მსჯავრდებულმა გ------- ხ-----–---მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებათა გამო: მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება განაპირობა იმან, რომ იგი წინათ ნასამართლევი იყო ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ამჟამად ,,მარიხუანის“ მოხმარება აღარ ისჯება სისხლის სამართლის წესით, ითხოვს, მოეხსნას ბრალად შერაცხული დამამძიმებელი გარემოება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

 

გ------- ხ-----–---ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შერაცხული ბრალდებიდან ამოერიცხა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაზე მითითება. დანარჩენ ნაწილში - მათ შორის სასჯელის ნაწილში - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი - მსჯავრდებული გ------- ხ-----–--- საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ------- ხ-----–--ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძვლზე გ------- ხ-----–--ისთვის სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრის ამორიცხვა, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება კანონიერია.

 

3. კანონიერია ასევე გ------- ხ-----–--ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: დიდი ოდენობით - 0,018 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა სასჯელის ზომის გადასინჯვის რაიმე საფუძველი.

 

4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- ხ-----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე