განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066890
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №605აპ-18 ქ. თბილისი
ც--–--- თ--------, 605აპ-18 21 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გ------- შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ------- მ----–---სა და დ------- მ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით თ-------- ც--–---, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ-------- ც--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა.
მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
2. აღნიშნული განაჩენით თ-------- ც--–---ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში; ასევე - ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
თ-------- ც--–---ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის 31 აგვისტოს ი-----–- კ---------- სტუმრად იმყოფებოდა ე---------- ლ-------სთან. სტუმრად მყოფს შელაპარაკება მოუხდა ე---------- ლ-------ს მეზობელ ზ---- მ-------–---–თან, რა დროსაც ი-----–- კ----------მ ზ---- მ-------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ისინი გააშველეს მეზობლებმა, ხოლო ი-----–- კ---------- დაემუქრა ზ---- მ-------–---–ს, რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა და იძიებდა მასზე შურს. ამ მიზნით, იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს, ი-----–- კ---------- დაუკავშირდა თ-------- ც--–---ს და საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, უ--------------------, როდესაც ზ---- მ-------–---–ი იმყოფებოდა საკუთარი სახლის წინ, ი-----–- კ----------მ თ-------- ც--–---სთან ერთად დაუწყო მას ცემა და ხმამაღლა გინება. ი-----–- კ----------სა და თ-------- ც--–---ს ლანძღვა-გინებისა და ჩხუბის ხმაზე შეიკრიბა ხალხი და გადაიკეტა ავტომანქანების მოძრაობა, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რაც გრძელდებოდა დაახლოებით 5-10 წუთს. ჩხუბის დროს თ-------- ც--–---მ განიზრახა ზ---- მ-------–---–ის მკვლელობა და განზრახვის აღსასრულებლად ხელთ არსებული დანით მიაყენა მას ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, მარცხენა ფილტვის დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რის შემდეგაც თ-------- ც--–--- და ი-----–- კ---------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ზ---- მ-------–---–ი კი გადაიყვანეს „მიხაილოვის“ სახელობის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რითაც მოხერხდა მისი გადარჩენა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ------- მ----–---მ და დ------- მ---------მ. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ-------- ც--–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ-------- ც--–---ს მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებათა ჩადენას.
დაცვის მხარემ საეჭვოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მოწმეების, დაზარალებულ ზ---- მ-------–---–ისა და მისი შვილების - ე-–--- და გ------- მ-------–---–ების ჩვენებები და განმარტა, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო, არასარწმუნო და დამაჯერებლობას მოკლებულია, რის გამოც არ უნდა იქნეს გაზიარებული. ასევე, განმარტა, რომ სხვა სახის პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ-------- ც--–---ს ბრალეულობას ზ---- მ-------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება და მიუთითა შემდეგი: დაზარალებულმა ზ---- მ-------–---–მა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2010 წლის 31 აგვისტოს დილიდან განვითარებული მოვლენები. აღწერა ე---------- ლ-------სთან კონფლიქტის მიზეზები, შემთხვევის დღეს მის ბინაში ასვლის ფაქტი და ი-----–- კ----------სთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ი-----–- კ---------- დაემუქრა, რომ კონფლიქტს არ შეარჩენდა და კვლავ დაბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ ზ---- მ-------–---–მა დაწვრილებით გადმოსცა იმავე საღამოს ი-----–- კ----------სა და თ-------- ც--–---ს მის სახლთან მისვლის, მომხდარი დაპირისპირებისა და თ-------- ც--–---ს მიერ მისი დაჭრის დეტალები. სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან მის ჩვენებაში არ იკვეთება არაერთგვაროვანი პასუხები, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ზ---- მ-------–---–მა იცრუა სასამართლოს წინაშე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვედენილი მოწმეების - ე-–--- და გ------- მ-------–---–ების ჩვენებებთან. ისინი იმავე თანმიმდევრობითა და ლოგიკური შესაბამისობით აღწერენ მათთვის ცნობილ, მოვლენებს, როგორც ამას აღწერს ზ---- მ-------–---–ი. სამივე მათგანი ერთგვაროვნად მიუთითებს, რომ დაზარალებული ცდილობდა ჩხუბისთვის თავი დაეღწია და მიემართებოდა თავისი სატვირთო მანქანის მიმართულებით, თუმცა ჩხუბის დროს იგი დაეცა. ამის შემდეგ ც--–--- და კ---------- კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას; ხოლო მას შემდეგ, რაც წამოდგომა მოახერხა, ხელი ჩაჭიდებული ჰქონდა კ----------სთვის, რა დროსაც ც--–---მ მოუქნია დანა. ზ---- მ-------–---–ის განმარტებით, მან დანას ხელი დაახვედრა, თუმცა ისეთი ძალით იყო მოქნეული, რომ ვერ შეაჩერა და მხოლოდ ოდნავ შეუცვალა მიმართულება. მანვე მიუთითა, რომ გარშემო ბევრი ხალხი შეიკრიბა, ისინი ჩადგნენ მასა და ც--–---ს შორის და ამ უკანასკნელმა ვეღარ შეძლო თავდასხმის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ე-–--- და გ------- მ-------–---–ების განმარტებას, რომ ც--–---მ მ-------–---–ს დანა გულის არეში დაარტყა, ეს პირი კვლავ აპირებდა მამისთვის დანის დარტყმას, მოიქნია ხელი, მაგრამ ხალხმა არ მისცა ამის საშუალება, კერძოდ, ორი უცნობი პირი ჩადგა ზ---- მ-------–---–სა და თ-------- ც--–---ს შორის. ე-–--- და გ------- მ-------–---–ებს კარგად ახსოვთ, რომ ც--–---მ მეორედაც მოიქნია დანა ზ----ს მიმართულებით, მაგრამ ვეღარ შეძლო მეორედ დარტყმა, რაც არ ეწინააღმდეგება ზ---- მ-------–---–ის ჩენებას, რომ ც--–---მ მას მხოლოდ ერთხელ დაარტყა დანა. ის ფაქტი, რომ დაჭრილ ზ---- მ-------–---–ს არ დაუნახავს დანის მეორედ მოქნევა, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვერც ავტოფარეხის სახურავზე მდგომმა მისმა შვილებმა ვერ დაინახეს. მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ისინი ურთიერთთავსებადი და ერთმანეთთან თანხვდენილია. მართალია, გარკვეული ფაქტები მათ წარმოაჩინეს არაერთგვაროვნად, მაგრამ გარემოებები ასახეს ისე, როგორც მოხვდა თითოეული მათგანის თვალთახედვის არეში და არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები ჩვენებებს შორის არ გამოვლენილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები და აღნიშნა, რომ მათ სასამართლოს მიაწოდეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია; ორივე მათგანმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მათი ასაკისა და შემთხვევიდან გასული დროის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ახსოვთ 2010 წლის 31 აგვისტოს მათ თვალწინ განვითარებული მოვლენები, ვინაიდან ამ ფაქტმა მათ მეხსიერებაში ღრმა კვალი დატოვა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლებოდა მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გამხდარიყო.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ გარდა ზ---- მ-------–---–ისა და მისი შვილების ჩვენებებისა, საქმეზე არ წარმოდგენილა სხვა სახის პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პალატამ მიუთითა, რომ დაზარალებულ ზ---- მ-------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, დადასტურებული და გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით. მათ შორის, მოწმე ი-----–- კ----------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ზ---- მ-------–---–თან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ არ სურდა ე---------- ლ-------ს მის გამო კიდევ რაიმე პრობლემა შექმნოდა და ამ მიზნით გადაწყვიტა, კვლავ ენახა დაზარალებული, რის გამოც იმ დღეს მოძრაობდა ზ---- მ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ქუჩაზე, ხოლო როდესაც საღამოს იგი დაინახა სახლის ეზოდან გამოსული, გადავიდა მანქანიდან მასთან დასალაპარაკებლად. ი-----–- კ----------მ დაადასტურა, რომ მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც თ-------- ც--–---ც იყო ჩართული; მათი ქმედებით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, შეფერხდა საგზაო მოძრაობაც, ხოლო ჩხუბიდან თავის დაღწევის შემდეგ ავტომანქანაში თ-------- ც--–---მ უთხრა, რომ „მგონი, დავჭერიო“. ასევე, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობას განამტკიცებს მოწმეების - ი----- ე–------ს, ა---------– პ-------–---–-ს, თ---------- თ-------სა და ი----- მ----------ს ჩვენებები; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2010 წლის 24 სექტემბრის N------- დასკვნა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტურ მხარეს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის ან მოსპობის მცდელობისაკენ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბერის გადაწყვეტილებაზეც, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან განასხვავებს განზრახვის მიმართულება, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია, ზოგადად, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა (იხ. საქმე №322აპ-15, 2015 წლის 2 დეკემბერი). თ-------- ც--–---ს ქცევა მიუთითებს სწორედ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის სავალდებულო სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე, რაც დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკველული დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 14 სექტემბრის ექსპერტის N------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, ზ---- მ-------–---–ს აღენიშნებოდა: თორაკო-აბდომინალური ნაჩხლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, მარცხენა ფილტვის დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით. ექსპერტმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. სწორედ მიყენებული დაზიანებების ადგილმდებარეობიდან და მათი სიმძიმიდან გამომდინარე, დაზიანებების მიყენება, მკვლელობის განზრახვის გარეშე, საფუძველს მოკლებულია.
დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის დღემდე თ. ც--–--- არ იცნობდა ზ---- მ-------–---–ს. შესაბამისად, მისი მოკვლის რაიმე პირადი ინტერესი არ ჰქონია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა: ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ გაირკვეს რა ამოძრავებდა დამნაშავეს; რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე; რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი და ა.შ. ამასთან, ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულო არ არის პირს წინასწარ განზრახული და დაგეგემილი ჰონდეს პირის მოკვლა. სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაული შეიძლება გამოიხატოს სწორედ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩხუბის დროს ჩადენილ მკვლელობაში, როდესაც პირს იმწუთიერად, ჩხუბის მიმდინარეობისას წარმოეშობა პირის მოკვლის განზრახვა და ასევე, მკვლელობის მოტივი და მიზანიც შესაძლოა, შელაპარაკების ნიადაგზე იყოს აღმოცენებული. რაც შეეხება გარემოებას, თუ რატომ არ მოიყვანა თ-------- ც--–---მ სისრულეში ზ---- მ-------–---–ის მკველობის განზრახვა, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეების ჩვენებებზე, კერძოდ: დაზარალებულმა ზ---- მ-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ თ. ც--–---ს მის გარშემო შეკრებილი ბევრი ხალხის დანახვამ შეაკავებინა თავი. ხოლო ე-–--- და გ------- მ-------–---–ების ჩვენებებით დადგენილია, რომ სატვირთო ავტომობილის უკანა მხრიდან გამოსულმა ორმა პირმა შეუშალა ხელი თ-------- ც--–---ს, რომ კიდევ ერთხელ მოექნია დანა ზ---- მ-------–---–ის მიმართულებით.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------- ც--–---მ ჩაიდინა ხულიგნობა, რასაც ადასტურებს საქმეზე არსებული, დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ ზ---- მ-------–---–ის ჩვენება, მოწმეების - ი-----–- კ----------ს, ე-–--- მ-------–---–ის, გ------- მ-------–---–ის, ი----- ე–------ს, ა---------– პ-------–---–-ს, თ---------- თ-------ს, ი----- მ----------ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N------- დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის განაჩენი. ამ მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- კ----------მ და თ-------- ც--–---მ 2010 წლის 31 აგვისტოს, საღამოს, უ-------------------- ზ---- მ-------–---–ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის - თ. ც--–---მ ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ჩხუბის ხმაზე შეიკრიბა ხალხი და შეჩერდა ავტომანქანების მოძრაობა, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, თ-------- ც--–--- გამოხატავდა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, იყო ძალიან აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დანას იქნევდა მათი მიმართულებით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც თ-------- ც--–---ს წარედგინა ბრალი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------- ც--–---სათვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე; შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ხაზი გაუსვა სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნია, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე - დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად. ყოველივე აღნიშნულისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სამართლიანი, ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას: ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ------- მ----–---მ და დ------- მ---------მ. კასატორები ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ-------- ც--–---სის უდანაშაულოდ ცნობას შერაცხულ ბრალდებებში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ მან ჩაიდინა ბრალად შერახცული ქმედებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, საჩივარში არ არის მითითებული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ-------- ც--–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ------- მ----–---სა და დ------- მ---------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე