განჩინება

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
010141318700061133
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061133

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №338აპ-18 ქ. თბილისი

ლ-–--- ზ-----, 338აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ----- ლ-–---ს ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობაში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; არასრულწლოვნის დაყოლიებაში მათხოვრობაზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ზ----- ლ-–---ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 24 მარტს თ---–--–--------------------------------–---–-------–---–----------–----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ლ-–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის 9 წლის შვილს – ი------–- ლ-–---ს, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა გულმკერდის არეში. აღნიშნულის შემდეგ ი------–- ლ-–--- გაიქცა სახლის ეზოში. ზ----- ლ-–--- დაეწია მას და თავში ჩაარტყა შუშის საგანი, ხოლო შემდეგ ესროლა ქვები, რომელთაგან ორი მოხვდა ი------–- ლ-–---ს თავსა და ტუჩის არეში, რის შემდეგაც ზ----- ლ-–---მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში. ზ----- ლ-–---ს ამ ქმედებებმა ი------–- ლ-–---ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

· ზ----- ლ-–--- 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სისტემატურად აიძულებდა თავის 9 წლის შვილს – ი------–- ლ-–---ს, რომ მას ემათხოვრა. იძულების შედეგად ამ პერიოდში ი------–- ლ-–--- მათხოვრობდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ზ----- ლ-–---, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ----- ლ-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-მუხლის მე-2 ნასილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ----- ლ-–---ს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 24 მარტიდან.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა: ზ----- ლ-–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 111, 171–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება ზ----- ლ-–---ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სსკ–ის 111, 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ----- ლ-–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 111, 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ზ----- ლ-–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და ამასთანავე, გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ----- ლ-–---ს საქართველოს სსკ-ის 111,171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე