განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061459
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №360აპ-18 ქ. თბილისი
გ-----–-- მ--------, 360აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ-------- გ-----–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---- გ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
მ-------- გ-----–--, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111, 120–ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ-------- გ-----–--ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 14 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენით მ-------- გ-----–--ს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აგრეთვე - განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
მ-------- გ-----–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2016 წლის 3 ივნისს მ-------- გ-----–-- მივიდა თ---–--–---–-----–----------–-------------------------------------------------–- მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან ნ-----–-- გ-------–-–---–თან საცხოვრებელ სახლში, და ხელჯოხითა და ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ-----–-- გ-------–-–---–ს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ზედაპირული ტრავმა, მრავლობითი ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
- 2016 წლის 3 ივნისს მ-------- გ-----–--მ თ---–--–---–-----–----------–----------------------------- კორპუსის ეზოში, ხელჯოხის გამოყენებით დააზიანა შ------- მ-----------–---––თ----------–---ს კუთვნილი ავტომანქანა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ალფა რომეო 147-ისთვის“ სახელმწიფო ნომრით „-----------, წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანი აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს - 250 ლარს.
- 2017 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში, თ---–--–-----–----–----–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------- გ-----–--მ ზ------ მ-------–---–ს, მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები წელის, მარჯვენა წინამხრისა და დუნდულის არეში. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები წელის, მარჯვენა წინამხრისა და დუნდულის (მარცხენა) არეში; მარჯვენა თირკმლის ტრავმა; მარჯვენა თირკმლის ჭრილობა; ღვიძლის ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებანი ერთობლივად მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მ-------- გ-----–--მ, ზ------ მ-------–---–ისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო, თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-------- გ-----–--მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–- გ----------–---–მა. აპელანტებმა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 111, 120–ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში მ-------- გ-----–--ს გამართლება, საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - შემცირება, ხოლო სსკ–ის 19,108–ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში - მსჯაურდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-------- გ-----–--ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---- გ-------მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 111, 120–ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში მ-------- გ-----–--ს გამართლებას, სსკ–ის 187–ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო სსკ–ის 19,108–ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ მ-------- გ-----–--ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით, სსკ-ის 111, 120–ე მუხლითა და სსკ-ის 187–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სადავოდ არ ხდის მითითებული ბრალდების ეპიზოდს) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეული უტყუარი და ერთმანეთთან თანხვდენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ-------- გ-----–--ს ქმედებების კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ-------- გ-----–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---- გ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე