განჩინება

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
330100115001046015
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001046015

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №332აპ-18 ქ. თბილისი

ო------------ გ-------, 332აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ო------------ს ბრალი დაედო დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენაში, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით, ასევე - მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის N---- ბრძანების შესაბამისად, ქ. თ---–--–- მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N-- დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი გ------- ო------------ გადაიყვანეს ქ. ბ------–- მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N-- დაწესებულებაში.

 

გ------- ო------------სთვის მიუღებელი აღმოჩნდა თ---–------- ბ------–- განთავსებულ დაწესებულებაში გადაყვანა და N3 დაწესებულებაში შესახლებისას დაემუქრა დაწესებულების თანამშრომლებს, რომ თუ არ დააბრუნებდნენ თ---–--–-, მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა, რომ იყო დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი.

 

2014 წლის 22 სექტემბერს, N3 დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, გ------- ო------------მ მიიყენა თვითდაზიანებები და სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას პირადი მოტივით, N-- დაწესებულებაში დაბრუნების მიზნით, მას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს, მის მიმართ N-- დაწესებულების თანამშრომლმა მ------ მ--–------მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს და N3 დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა ჩაიდინეს მძიმე დანაშაული - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რაც გახდა სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი.

 

2014 წლის 2 ოქტომბერს, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას, გ------- ო------------მ მისცა ცრუ ჩვენება, რომ თითქოს, N3 დაწესებულების თანამშრომელმა მ------ მ--–------მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებმა, გ------- ო------------ს მიმართ ჩაიდინეს მძიმე დანაშაული - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით :

 

გ------- ო------------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

გამართლებულ გ------- ო------------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ. აპელანტმა მოითხოვა გ------- ო------------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამტყუნება წარდგენილ ბრალდებებში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. განაჩენის ფაქტობრივი და სამართებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება განახორციელა და ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ძირითადად არიან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები, აიხსნება საქმის სპეციფიკით, ხოლო სხვა, მესამე მტკიცებულების მოპოვების თეორიული შანსი ბრალდების მხარეს არ გააჩნდა. პალატამ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა N------------ საქმეზე ჩატარებული გამოძიების არასრულფასოვნებაზე. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი გამოძიებას (გამომძიბელს) ავალდებულებს, რომ გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებამ დაკითხა პენიტენციური დაწესებულებისა და საბადრაგო სამმართველოს ის თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობასაც გ------- ო------------ ამხელდა მის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაში. აღნიშნულმა პირებმა კატეგორიულად უარყვეს მათ მიერ გ------- ო------------ს მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედების ფაქტი. სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია, გამოძიებამ რა საფუძვლით არ დაუშვა, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები, შესაძლოა, მიკერძოებული და სუბიექტური ყოფილიყო, რამდენადაც მათ გ. ო------------ ამხელდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში მაშინ, როდესაც ლოგიკურად სავსებით დასაშვები იყო, რომ მათი ჩვენებები მიზნად ისახავდა მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. აღნიშნული გარემოებების გვერდის ავლით, გამოძიებამ მიიჩნია: N------------ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება გ------- ო------------ს მიმართ, რის გამოც 2014 წლის 13 ოქტომბერს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, პოლიციელთა ჩვენებებთან მიმართებაში, კერძოდ: პოლიციელის (კონკრეტულ შემთხვევაში პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პირთა) ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ, როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ჩადენილია უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზული არასათანადო მოპყრობა, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად ავალდებულებს: „ყველასათვის, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, უზრუნველყონ ... კონვენციით... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში („Assenov and Others v. Bulgaria“, 28.10.1998, §102, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ საქმეზე გამოძიების შეწყვეტა აპრიორი არ გულისხმობს, რომ პირის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არსებობს გ------- ო------------ს, ასევე დაცვის მხარის სხვა მოწმეების მამხილებელი ჩვენებები გ. ო------------ს მიმართ განხორციელებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, დანაშაულში მხილებულ პირთა ჩვენებები, რომლებიც უარყოფენ დანაშაულის ჩადენას. სხვა, მესამე შუალედური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა რომელიმე მხარის პოზიციას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს არსებობს ეჭვი, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაწყდეს გ------- ო------------ს სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერებით დაინტერესდა, მაგრამ ჩანაწერი 24 საათში ნადგურდება, რის გამოც მათი მტკიცებულების სახით წარდგენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ხოლო ე.წ. „პულტების“ ოთახის თანამშრომელთა ვინაობის დადგენა და დაკითხვა, პროკურორის მოსაზრებით, გარდამტეხ ცვლილებას ვერ შეიტანდა საქმესთან მიმართებით და მათი ჩვენებები იქნებოდა ირიბი, სააპელაციო პალატა კატეგორიულად არ დაეთანხმა და აღნიშნა: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ იმ საკნებზე, რომლებშიც მოთავსებული იყო გ------- ო------------, ვიდეოთვალთვალს აწარმოებდნენ ე.წ. „პულტების“ ოთახში მყოფი თანამშრომლები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოსა და ოპერატიულ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მუშაკები და მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში აცნობებდნენ ციხის თანამშრომლებს, როგორც ეს, თითქოსდა, მოხდა მოცემულ საქმეზეც. ამ სამსახურის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ექნებოდათ ინფორმაცია დეესკალაციის ოთახში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ისინი უშუალოდ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობნენ 227-ე და 232-ე საკნებს და, შესაბამისად, მათი ჩვენებები არ იქნებოდა ირიბი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ, მართალია, 2014 წლის 2 ოქტომბერს, დაკითხვისას, გ------- ო------------ არ გააფრთხილეს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა გამოძიებამ აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი და წარადგინა გ------- ო------------ს 2014 წლის 1 ივლისის დაკითხვის ოქმი, სადაც იგი გაფრთხილებულია ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ანუ ჩვენების მიცემისას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არც ეს მსჯელობა და მიუთითა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პირის გაფრთხილება ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოცემულ საქმეზე საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ არგუმენტს, რომ გ------- ო------------ს ჩვენება ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნას და მიუთითა, რომ პალატის აზრით, ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება არა გ------- ო------------ს, არამედ - ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მოწმეთა ჩვნებებთან შეუსაბამისობის შესახებ და აღნიშნა: საქმის მასალებით დადასტურებულია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, N3 დაწესებულებაში შესახლებამდე, პატიმარ გ------- ო------------ს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. აღნიშნულ დაწესებულებაში გ------- ო------------ს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის N--------- დასკვნის მიხედვით, გ. ო------------ს სხეულზე დაფიქსირდა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც ცალ- ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2014 წლის 22 სექტემბერს. პირადი შემოწმების მონაცემებით: შესამოწმებელი პირი გაისინჯა 2014 წლის 22 სექტემბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2014 წლის 26 სექტემბერს. მარცხენა წინა მხარზე ადევს ნახვევი, რომლის მოხსნის შემდეგ არსებული ჭრილობებიდან წამოვიდა სისხლი. აღენიშნება მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში შედარებით სწორკიდეებიანი ორი ჭრილობა კანის ყველა შრის მთლიანობის დარღვევით; უფრო ზემოთ მდებარე ჭრილობა 3,2X0,4სმ ზომის, ქვემოთ მდებარე 2,7X0,4სმ ზომის. ორივე ჭრილობა სისხლმდენია. ორივე წინამხრის წინა ზედაპირზე მრავლობითი ერთმანეთის პარალელურად მდებარე მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერის ირგვლივ მდებარე კანის დონიდან ოდნავ მაღლა მდებარე ფუფხით დაფარულია ხაზოვანი ფორმის ნაჭდევებ-ნაკაწრები. მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში წინა გარეთა ზედაპირზე არასწორი ფორმის მუქი მოწითალო- მოყავისფრო ფერის ირგვლივ მდებარე კანის დონიდან ოდნავ მაღლა მდებარე ფუფხით დაფარულია არასწორი ფორმის ნაჭდევი 2,1X1,7სმ ზომის. მარჯვენა საფეთქლის საპროექციოდ თმოვანი საფარის ქვეშ არასწორი ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი 2,8X2,4სმ ზომის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარცხენა საფეთქლის საპროექციოდ, 3,1X2,6სმ ზომის.

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და კიდევ უფრო დარწმუნდა ჩატარებული გამოძიების ტენდენციურობაში, ვინაიდან გამოძიებამ ფაქტობრივად არ შეაფასა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ როგორ შეეძლო შიმშილობისაგან დაუძლურებულ გ------- ო------------ს თავად მიეყენებინა აღნიშნული ლოკალიზაციისა და რაოდენობის თვითდაზიანებები. ბრალდების მხარის სუბიექტური მიდგომა გამოვლინდა საკმაოდ მნიშვნელოვან ერთ დეტალშიც, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია და განსაკუთრებით ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვნებებით დასტურდება, რომ გ------- ო------------ იყო პრობლემური პატიმარი და იგი მიდრეკილი იყო თვითდაზიანებისკენ. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო ბრალდებამ ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე გაიზიარა პენიტენციური დაწესებულების თანაშრომელთა ჩვენებები, რომ გ------- ო------------მ, რომელიც ისე იყო დაუძლურებული, რომ მანქანამდე მისვლაში სხვა დაეხმარა, შეძლო და თავისი ხელით ჩამოამტვრია კაფელი, ასევე გადატეხა პლასტმასის ბოთლი. ასევე, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც: თუკი გ------- ო------------ ემუქრებოდა პენიტენციური დაწესებულების თანმშრომლებს, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებას და ამ დაზიანებებს მათ დააბრალებდა, რის შესახებაც ინფორმირებული იყო სრულიად ყველა პირი, მათ შორის დაწესებულების ხელმძღვანელობაც, რატომ არ გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული გ------- ო------------ს მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტი.

 

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ჩატარებულმა არასრულყოფილმა გამოძიებამ განაპირობა მეორე სისხლის სამართლის N------------ საქმის არსებობა, რომელიც ასევე არ იქნა გამოძიებული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემობა დადასტურდეს მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისად ნათელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ------- ო------------მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები.

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო აგრეთვე იმ გარემობაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია გამართლებულ გ------- ო------------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--------- ბ--------–---–-ს საჩივრები, რომლითაც საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვდნენ გ------- ო------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებას. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს, 2016 წლის 29 იანვარს, პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გ------- ო------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვის საკითხი, რა დროსაც გაუქმდა გ------- ო------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დარჩა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა, მითითებული განჩინებების გაუქმების თაობაზე.

 

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა“. საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესახებ, მითუფრო იმ პირობებეში, როდესაც გ------- ო------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და იგი დარჩა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ------- ო------------ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეფასდა და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას გ------- ო------------ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე