განჩინება

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
010141318700059260
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059260

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №279აპ-18 ქ. თბილისი

ნ------ ე------, 279აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებაზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე------ ნ------ს ბრალი დაედო სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 თებერვალს, შუადღის საათებში, წ--–--ს რაიონის სოფელ ი-----ში, ვალთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს, ე------ ნ------მ ფეხისა და ჯოხის დარტყმით დააზიანა ნ------- მ----–---ს კუთვნილი ,,HYUNDAI GETZ-ის” მარკის ავტომანქანის (-------------- წინა, მარჯვენა ფრთა და ძრავის ხუფი, რითაც ნ------- მიქელაძეს მიაყენა 270 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. 2017 წლის 13 მარტს ბრალდებულმა ე------ ნ------მ განცხადებით მიმართა წ--–--ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს და ითხოვა განრიდების გაფორმება.

 

3. 2017 წლის 24 მარტს შედგა განრიდების შეთავაზების ოქმი ბრალდებულ ე------ ნ------ს, პროკურორ გიორგი ჯავარაშვილსა და ზემდგომ პროკურორ ელიზბარ გოგრიჭიანს შორის. ოქმის თანახმად, განრიდების გამოყენების საფუძველია შემდეგი: ე------ ნ------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია; მან ზიანი აანაზღაურა, ამასთან, პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება; განრიდების პირობად მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა, ხოლო პირობის შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 26 მარტი, 00:00 საათი. განრიდების ოქმში მითითებულია ორი დათქმა, რომელთა თანახმად: 1. განრიდების გაფორმების შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს მის, მიმართ განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა; 2. განრიდება შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა განრიდების სუბიექტი შეასრულებს შეთავაზებულ პირობებს.

 

4. განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურით, ე------ ნ------მ 2017 წლის 24 მარტს გადაიხადა განრიდების სახით გადასახდელი 1000 ლარი.

 

5. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის 2017 წლის 28 მარტის დადგენილებით განრიდების წარმოება შეწყდა, რის საფუძვლადაც მითითებულია ე------ ნ------ს პიროვნება; დანაშაულის ხასიათი - ჩადენილია განზრახი დანაშაული, ბრალდების სიმძიმე - 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც გამოკვეთილია დევნის საჯარო ინტერესი.

 

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განჩინებით ე------ ნ------ს ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემა.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განჩინება ე------ ნ------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და საქმე გადაეცა არსებითი განხილვისათვის.

 

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდებულ ე------ ნ------ს ადვოკატ ე------ პ------ს შუამდგომლობა და ე------ ნ------ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

10. აპელანტის მოთხოვნა:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე არის უკანონო, რადგან სასამართლოს არ ჰქონდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის უფლება, თითქოსდა, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის საფუძვლით. ამით სასამართლო ცდილობს, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება მოაქციოს ჩარჩოში. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ თითქოს განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხდება განრიდების შეთავაზება და მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. განრიდების შეთავაზებამდე ე------ ნ------ აკმაყოფილებდა საჯარო ინტერესის ტესტს, რის გამოც ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მის მიმართ განრიდების შესახებ, მაგრამ შემდეგ ბრალდების მხარისთვის ცნობილი გახდა ახალი გარემოება, კერძოდ ის, რომ იგი ფიგურირებდა სხვა, მძიმე დანაშაულის ჩადენაში, სადაც ის არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. სწორედ აღნიშნულის გამო შეწყდა მის მიმართ განრიდების წარმოება და გაგრძელდა სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

სასამართლო ფაქტობრივად ბრალდების მხარეს ავალდებულებს, შეწყვიტოს დევნა და აპელირებს საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რომლის თანახმად, პროკურორს შეუძლია /და არაა ვალდებული/ შეწყვიტოს დევნა, ან არ დაიწყოს დევნა, თუ პირი შეასრულებს განრიდების პირობებს. აპელანტის აზრით, განრიდების პროცესის დაწყება და მისი პირობების შესრულება არ ნიშნავს განრიდების პროცესის დასრულებას და დევნის შეწყვეტას. კანონმდებელი პროკურორს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თუ გამოვლინდა ახალი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც არ არის მიზანშეწონილი პირის მიმართ განრიდების გაფორმება, მას შეუძლია არ მიიღოს გადაწყვეტილება დევნის შეწყვეტის შესახებ. ამრიგად, სასამართლოს განმარტება, რომ პროკურორი ვალდებული იყო შეეწყვიტა დევნა, ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლ ნაწილს.

 

აპელანტის აზრით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ ე. ნ------ს მიმართ განრიდების გამოყენებით და მის მიერ განრიდების პირობების შესრულებით, ბრალდების მხარემ უარი თქვა ბრალდებაზე, რადგან ეს არ გამომდინარეობს საპროცესო კოდექსიდან; სასამართლომ ახლებურად განმარტა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება და მიუთითა, რომ, ვინაიდან ე. ნ------მ შეასრულა განრიდების პირობები, მის მიმართ დევნის შეწყვეტა აღარ არის დამოკიდებული პროკურორის ნება-სურვილზე. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 1684-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და პირობების შესრულების შემდეგ პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას დევნის შეწყვეტის შესახებ და სხვას არავის არ შეუძლია ამ მოტივით შეწყვიტოს დევნა.

ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ დევნის შეწყვეტა საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, რადგან ეს მუხლი მხოლოდ შეურაცხაობის შემთხვევაში ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესაძლებლობას და მიაჩნია, რომ სასამართლოს განმარტება - თითქოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ შეურაცხაობის საკითხს არ ეხება და ის ცალკე შეიძლება იქნეს განმარტებული და გამოყენებული აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებთან მიმართებით, არ გამომდინარებს კანონმდებლობიდან.

 

ბრალდების მხარის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესიც არასწორად განსაზღვრა, რადგან საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლი ითვალისწინებს დევნის შეწყვეტის შემთხვევაში განჩინების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების წესს, სსსკ-ის 207-ე მუხლის შესაბამისად.

 

11. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

 

12. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და განმარტა, რომ განრიდება არის სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივა, ის უთანაბრდება დევნას, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ არსებობს განრიდება, სისხლისსამართლებრივი დევნის საჭიროება აღარ არის და იგი არ უნდა დაიწყოს, ხოლო თუ უკვე დაწყებულია, უნდა შეწყდეს. განრიდების გაუქმება და დევნის დაწყება/განახლება შეიძლება გამოიწვიოს პირის მიერ განრიდების პირობების შეუსრულებლობამ. შესაბამისად, თუ პირმა შეასრულა განრიდების პირობები, დევნა არ უნდა დაიწყოს, სწორედ ამაშია განრიდების არსი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, 2017 წლის 24 მარტის განრიდების შეთავაზების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ ე------ ნ------ს, პროკურორ გიორგი ჯავარაშვილსა და ზემდგომ პროკურორ ელიზბარ გოგრიჭიანს შორის შედგა განრიდების ოქმი, რომლის საფუძვლად მითითებულია შემდეგი: ე------ ნ------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, მან აანაზღაურა ზიანი და პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომელიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას. ოქმში განრიდების პირობად მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა, ხოლო პირობის შესრულების ვადად - 2017 წლის 26 მარტი, 00:00 საათი. განრიდების ოქმში არის ორი დათქმა, რომელთა თანახმად: 1. განრიდების გაფორმების შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, მის მიმართ განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა და 2. განრიდება განხორციელებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა განრიდების სუბიექტი შეასრულებს შეთავაზებულ პირობებს. თანხის გადახდის დასტურის (--------) თანახმად კი, დგინდება, რომ ე------ ნ------მ 2017 წლის 24 მარტს გადაიხადა განრიდების სახით გადასახდელი თანხა - 1000 ლარი, რაც ასევე დასტურდება სს „საქართველოს ბანკის“ სალაროს შემოსავლის ორდერით N--------. თუმცა 2017 წლის 28 მარტს პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა გამოიტანა დადგენილება განრიდების წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროკურორს შეუძლია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე პირობას, ესენია: ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება; ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება; დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი; ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე; ვ) ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება/განახლების უფლებამოსილება, პროკურორმა შეიძლება გამოიყენოს მაშინ, როდესაც გამოკვეთილია განრიდების პირობის შეუსრულებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირობების შესრულებას უნდა მოჰყვეს დევნის შეწყვეტა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ განრიდების შეთავაზებით გამოხატა ნება ბრალდებულ ე------ ნ------ს მიმართ განრიდების გამოყენებაზე, რითაც უარი თქვა ე------ ნ------ს ბრალდებაზე/დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით/, რის შედეგადაც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო. ვინაიდან ეს არ განხორციელდა, დევნა უნდა შეწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. განრიდება კი სწორედ ამგვარ შემთხვევას წარმოდგენს.

 

რაც შეეხება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების საკითხს, პალატა დაეთანხმა პროკურორს, რომ დევნის დაწყება და განხორციელება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ, პალატის აზრით, დევნის შეწყვეტა მხოლოდ მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს და სასამართლოს სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია, შეწყვიტოს იგი, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას“. რაც შეეხება დისკრეციულ უფლებამოსილებას განრიდების პროცესში, პროკურორის დისკრეცია დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება/არგამოყენებას გულისხმობს, მაგრამ პროკურორის დისკრეცია განრიდების გამოყენების შემდეგაც არსებობს მხოლოდ შეზღუდულად და ეხება იმ შემთხვევას, როდესაც განრიდების სუბიექტი არ შეასრულებს განრიდების პირობებს. ამის მიუხედავად, პროკურორს მაინც შეუძლია, არ დაიწყოს ან არ განაახლოს დევნა, სხვა შემთხვევაში პროკურორის დისკრეცია აღარ არსებობს.

 

აპელანტი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დევნის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რადგან, მისი აზრით, აღნიშნული მუხლი შეწყვეტის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ შეურაცხაობის შემთხვევაში.

 

აღნიშნული პოზიცია სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ეს ნორმა აწესრიგებს 2 საკითხს, რაც დასტურდება მითითებული მუხლის სათაურითაც, რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად: „სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა“. გასათვალისწინებელია, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ზოგადად აწესრიგებს ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით დევნის შეწყვეტის საკითხს, ხოლო მისი მე-2 ნაწილი - კონკრეტული გარემოების არსებობისას (შეურაცხაობისას) დევნის შეწყვეტის წესს.

 

პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უნდა გასაჩივრებულიყო საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, ვინაიდან გასაჩივრების წესის დაუდგენლობის შემთხვევაში გამოიყენება კანონის ანალოგია. მოცემულ შემთხვევაში განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მიეკუთვნება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, აღიშნულ საკითხზე უნდა გავრცელდეს იგივე წესები, რაც განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში გამოიყენება.

 

13. კასატორის მოთხოვნა:

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

 

14. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

16. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე. გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს.

17. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, ვითომდა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის მოტივით და მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროკურორს შეუძლია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე პირობას, ესენია: ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება; ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება; დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი; ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე; ვ) ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი დადგენილია, რომ თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

18. მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, ე------ ნ------მ შეასრულა განრიდების ოქმის საფუძველზე დაკისრებული განრიდების პირობა, კერძოდ, მან დათქმულ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა - 1000 ლარი. შესაბამისად, ამ მომენტიდან შესრულდა საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი განრიდებისათვის აუცილებელი მოთხოვნაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს განრიდებისათვის აუცილებელ პირობებს, ხოლო მე-3 ნაწილი - მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგს. ვინაიდან, ე------ ნ------ს მიმართ, საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, განრიდების ერთადერთ პირობას წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომელიც ბრალდებულმა შეასრულა, ამდენად, აღარ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 1681-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი - სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან განახლების საფუძველი.

 

19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების ამომწურავ და სრულყოფილ განმარტებებს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ბრალდების მხარემ ე------ ნ------ს შესთავაზა განრიდების გამოყენება, ხოლო მან სრულად შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი განრიდებისათვის აუცილებელი პირობა, ერთი მხრივ სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა ნება ე------ ნ------ს ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ე------ ნ------ს მიერ შესრულებულმა პირობამ, ბრალდების მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება ერთობლივად შებოჭა. ამდენად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს წარმოეშვა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ვალდებულება და არა - უფლებამოსილება, ხოლო ვინაიდან პროკურორმა არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება, სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლომ მართებულად შეწყვიტა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე.

 

20. პროკურორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ე------ ნ------ს მიმართ განრიდების წარმოების შეწყვეტა განაპირობა ბრალდების მხარისათვის ცნობილმა იმ ახალმა გარემოებამ, რომ იგი ფიგურირებდა სხვა, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე თავად იყო და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: ბრალდების მხარემ აღნიშნულის დასადასტურებლად წინასასამართლო სხომაზე წარადგინა 2016 წლის 23 თებერვლის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, 2016 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და იმავე წლის 23 თებერვლის ე------ ნ------ს გამოკითხვის ოქმი. ხაზი რომ არც გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მითითებული მასალები თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით (უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით) ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, ამ მასალებიდან არ იკვეთება, რომ სწორედ ე------ ნ------ იმხილებოდა სხვა დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. აქვე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მასალებით დადასტურდებოდა ე------ ნ------ს ბრალეულობა სხვა სისხლის სამართლის საქმეში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ვინაიდან მას უკვე სრულად ჰქონდა შესრულებული განრიდების პირობები, მითითებული გარემოებაც ვერ გახდებოდა განრიდების წარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძველი.

 

21. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სისხლისსამართლებრივი დევნა შეეწყვიტა საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით, რადგან ამ მუხლის შესაბამისად დევნის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის შეურაცხაობის შემთხვევაში და აღნიშნავს: პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესი არეგულირებს როგორც ზოგადად საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლებით დევნის შეწყვეტის საკითხს, ასევე იმ კონკრეტულ საფუძველსაც, რომელიც დაკავშირებულია ბრალდებულის შერაცხაობასთან.

 

22. ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების შესახებ და ამ ნაწილშიც იზიარებს პალატის განმარტებას, რის შესახებ საკასაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს.

 

23 ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე