განჩინება

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
010141318700057106
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057106

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №55აგ-18 5 ნოემბერი, 2018 წელი

ა-----ა ვ-------, 55აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ვ------- ა-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. 2018 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ------- ა-----ამ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

5. კასატორი – მსჯავრდებული ვ------- ა-----ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის პოზიციით, დაუშვებელია მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ვინაიდან პროკურორისა და ადვოკატის წინასწარი შეთანხმებით მხარეებმა ისინი უდავო მტკიცებულებად მიიჩნიეს, რის გამოც მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ხელახლა უნდა შეფასდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს გარემოება, რომლის მიხედვითაც, დადასტურდებოდა იმ მტკიცებულებების დაუშვებლობა, რომლებიც საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენს. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადასასინჯ განაჩენში გამოყენებულია დაუშვებელი მტკიცებულება, არ წარმოუდგენია.

 

3. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სხვა გარემოებას, კერძოდ: განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები (უდავო მტკიცებულებები) სამართლებრივად შეფასდა საქმის განხილვისას, ხოლო მათი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.

 

4. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ვ------- ა-----ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე