განჩინება

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
010141318700058099
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058099

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №56აგ-18 5 ნოემბერი, 2018 წელი

ტ------ ნ---, 56აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ც----–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 იანვრის განაჩენით ტ------ ნ--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით. მასვე ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების: მ----- ც----–---–ისა და ავთანდილ პეტრიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

4. 2018 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ----- ც----–---–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 იანვრის განაჩენის გადასინჯვა. აპელანტმა შუამდგომლობას დაურთო მსჯავრდებულ ნ-----–- წ---–-----ის ახსნა-განმარტება, რომელიც დაცვის მხარის განმარტებით გადასასინჯი განაჩენის გამოტანისას არ იყო ცნობილი და სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს ტ------ ნ---ს მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს დამცველის, ადვოკატ მ----- ც----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

6. კასატორი – მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ----- ც----–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ-----–- წ---–-----ის ახსნა-განმარტება არ მიიჩნია ახლად გამოვლენილ გარემოებად, რაც დაცვის მხარის პოზიციით უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ც----–---–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 იანვრის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს 2018 წლის 22 იანვრით დათარიღებულ ნ-----–- წ---–-----ის ახსნა-განმარტებას, რომელშიც მითითებულია, რომ მასა და ტ------ ნ--ს შორის რაიმე სახის უკანონო გარიგება არასრულწლოვან ნინო წ---–-----ის ექსპლუატაციის მიზნით არ შემდგარა.

 

3. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ნ-----–- წ---–-----ის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს ტ------ ნ---ს მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

4. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლომ გაიზიარა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ, რომ ტ------ ნ--მა ჩაიდინა არასრულწლოვნით ვაჭრობა - არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება ექსპლუატაციის მიზნით. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად შეაფასა როგორც ერთმანეთთან, ასევე, ნ-----–- წ---–-----ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან მიმართებით და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა ტ------ ნ---ს ბრალეულობასთან დაკავშირებით.

 

5. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ც----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ც----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ტ------ ნ---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ც----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე