განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061327
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №354აპ-18 ქ. თბილისი
ვ--–---- მ---–-------, 354აპ-18 19 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ---–------- ვ--–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჩ-------ს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ---–------- ვ--–---ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში (ორი ეპიზოდი).
მ---–------- ვ--–----ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- მ---–------- ვ--–---მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა - 0,0899 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა პირადად და 2016 წლის 27 სექტემბერს ქ. თ---–--–-, სოფელ ფ-------–-ში, 390 ლარად უკანონოდ გაასაღა რ----–-- ი---------ზე.
- მ---–------- ვ--–---მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა - 0,0754 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა პირადად და 2016 წლის 29 სექტემბერს ქ. თ---–--–-, სოფელ ფ-------–-ში, 370 ლარად უკანონოდ გაასაღა რ----–-- ი---------ზე.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით მ---–------- ვ--–----, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ---–------- ვ--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ---–------- ვ--–---ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 13 ოქტომბრიდან.
მ---–------- ვ--–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
მსჯავრდებულმა მ---–------- ვ--–---მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ ჩ-------მ მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ მოითხოვა მ---–------- ვ--–----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) და ასევე სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივისას სასჯელის შეფარდების დანაწესის მხედველობაში მიღებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ---–------- ვ--–---მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ ჩ-------მ, ასევე - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ.
დაცვის მხარე საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო ბრალდების - მ---–------- ვ--–----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) და ასევე სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივისას სასჯელის შეფარდების დანაწესის მხედველობაში მიღებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ მ---–------- ვ--–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჩ-------ს, ასევე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმის სახით დაკითხულ დეტექტივ-გამომძიებელ რ----–-- ი---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, დილით, სოფ. ფ-------–-ში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევით გაიცნო მ---–------- ვ--–----. მ---–------- ვ--–---მა არ იცოდა, რომ რ----–-- ი---------ი იყო პოლიციის თანამშრომელი და საუბრისას ჰკითხა, ნარკოტიკს ხომ არ იკეთებდა. რ----–-- ი---------მა უპასუხა, რომ მომხმარებელი იყო. მ---–------- ვ--–---მა მას შესთავაზა ერთი „ბაში“ 130 ლარად. ისინი შეთანხმდნენ, რომ იმავე დღეს, შუადღის 2 საათისთვის შეხვდებოდნენ სოფ. ფ-------–-ში. ამის შემდეგ რ----–-- ი---------ი დაბრუნდა სამსახურში და აღნიშნულის თაობაზე უფროსს პატაკით მოახსენა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამომძიებელი დ----- ი-------–---–- იყო. პროკურორის დავალებით რ----–-- ი---------ი აღიჭურვა კანონით დადგენილი წესით და მ---–------- ვ--–---ს საღამოს 17.00 საათისთვის შეხვდა. მ---–------- ვ--–---მა მას მიუტანა ასანთის კოლოფში მოთავსებული, ლურჯ პოლიეთილენის პარკში გახვეული 3 „ბაში“ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ,,სირეცი“, რომელიც ,,ჰეროინის“ დაბალი ხარისხია. რ----–-- ი---------მა 390 ლარი გადაუხადა და სამსახურში დაბრუნდა. რ----–-- ი---------მა ნარკოტიკული საშუალება გამომძიებელს გადასცა. 2016 წლის 29 სექტემბერს რ----–-- ი---------ი კვლავ შეხვდა მ---–------- ვ--–---ს სოფ. ფ-------–-ში და მისგან იყიდა 3 „ბაში“ ნარკოტიკული საშუალება 370 ლარად. ასევე შეთანხმდნენ, რომ შემდგომ შეხვედრაზე 20 ლარს დაუმატებდა. რ----–-- ი---------ი კვლავ დაბრუნდა სამსახურში და გამომძიებელს ნარკოტიკული საშუალება გადასცა. მოწმის განმარტებით, ნარკოტიკის შესაძენად თანხა შსს სამინისტრომ გამოყო თავისი სახსრებიდან. ეს თანხა მას გადასცა გამომძიებელმა დ----- ი-------–---–მა. შეხვედრისას რ----–-- ი---------მა გააკეთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, კამერა მხარზე ჰქონდა დამაგრებული. მოწმის განმარტებით, ორივე შეხვედრისას მ---–------- ვ--–---- ფეხით, ხოლო რ----–-- ი---------ი მანქანით იმყოფებოდა. მათ ფული და ნარკოტიკული საშუალება ერთმანეთს მანქანაში გადასცეს. მ---–------- ვ--–---ს შეხვედრაზე შავი სპორტულები და შავბეწვიანი ზედა ეცვა. ორივე შესყიდვის დროს მოწმე იყო მარტო. მას შესყიდვიდან პოლიციის შენობაში დასაბრუნებლად დასჭირდა დაახლოებით 20 წუთი. მოწმემ განაცხადა, რომ ის მანამდე არ იცნობდა მ---–------- ვ--–---ს და გაიცნო 2016 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მან შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება.
3. მოწმე დ----- ი-------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მ---–------- ვ--–----ს მიმართ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო თანამშრომლის, რ----–-- ი---------ის პატაკი. პატაკის მიხედვით, რ----–-- ი---------მა ფ-------–-ში გაიცნო მ---–------- ვ--–----, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკების შეძენა, რაზედაც რ----–-- ი---------მა განაცხადა თანხმობა. მან დაკითხა რ----–-- ი---------ი, რომელმაც პატაკში მოყვანილი გარემოებები დაადასტურა და განავრცო. ამის შემდეგ პროკურორმა გამოიტანა დადგენილება, რომ ჩატარებულიყო ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შედგა ოპერატიული სამუშაოების გეგმა. ასევე შსს-ს სახსრებიდან გამოიყო ფულადი თანხა, რათა მ---–------- ვ--–----სგან შეეძინათ ნარკოტიკული საშუალებები. შესაბამისი ოქმის საფუძველზე რ----–-- ი---------ს გადასცა 390 ლარი. ოქმში აისახა ფულადი კუპიურების ნომრები და რაოდენობა. როგორც ცნობილი იყო მ---–------- ვ--–---- ერთ წონაკს ყიდდა 130 ლარად. გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ პროკურორის დადგენილების საფუძველზე მოხდა რ----–-- ი---------ის მიერ მ---–------- ვ--–----სგან ნარკოტიკულ საშუალების შესყიდვის პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული ოპერაციის დასრულების შემდეგ რ----–-- ი---------ი მივიდა დ----- ი-------–---–თან და გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაილუქა, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები და დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. მოწმის განმარტებით, მ---–------- ვ--–----ს და რ----–-- ი---------ის შეხვედრა შედგა 2016 წლის 27 სექტემბერს, შუადღის საათებში. რ----–-- ი---------მა გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ის ფ-------–-ში შეხვდა მ---–------- ვ--–---ს, რომელმაც 390 ლარის სანაცვლოდ გადასცა ასანთის კოლოფში მოთავსებული 3 წონაკი ე.წ. ,,სირეცი“, რაც ნიშნავს დაბალი ხარისხის „ჰეროინს“. დათვალიერების დროს გამომძიებელმა ნახა, რომ ნარკოტიკები დაფასოებული იყო მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში. 29 სექტემბერს რ----–-- ი---------ი და მ---–------- ვ--–---- კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც რ. ი---------მა ისევ გადასცა ფულადი თანხა, შეიძინა ნარკოტიკი და მიიტანა გამომძიებელთან. 3 წონაკი დაფასოებული იყო პოლიეთილენის პარკებში. ერთი წონაკი იყო მოყვითალო პარკში, ხოლო დანარჩენი ორი, როგორც მოწმეს ახსოვს, შავ პარკებში. პარკებში მოთავსებული იყო მუქი მასა. ისინი კვლავ დაილუქა და დაინიშნა ექსპერტიზა. მ---–------- ვ--–----სგან გადაცემული ფული არ ამოუღიათ. 29 სექტემბერსაც რ----–-- ი---------ი მ---–------- ვ--–---თან შესახვედრად წავიდა მარტო. მას დ----- ი-------–---–მა გაატანა 370 ლარი. კუპიურების ნომრები შეიტანა ოქმში. არც ამ შემთხვევაში ამოუღიათ თანხა.
4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმე პოლიციელებმა - ა----- ნ-----მა და პ----- ხ-----მ.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ---–------- ვ--–----ს ჩვენებით დგინდება, რომ რ----–-- ი---------ს დაახლოებით 5, 6 თვეა იცნობს და იცის, რომ მუშაობს სოდ-ში. რ----–-- ი---------ი მის სოფელში ხშირად დადიოდა. მის მეუღლესთან ჰქონდა რაღაც საქმეები და 2-3 ჯერ იყო მისული მასთან, დაახლოებით 30 რიცხვისკენ. თვე და წელი არ ახსოვს, მაგრამ ეს ხდებოდა მის დაკავებამდე. მას ჰქონდა საუბარი რ----–-- ი---------თან, რომელსაც უთხრა, რომ მის უბანში ნუ დადიოდა, რაზეც ი---------მა უთხრა, რომ მას დააჭერინებდა. ეს მოხდა მის დაკავებამდე 4-5 თვით ადრე. 2016 წლის 27 სექტემბერს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმყოფებოდა ბაზარში და ვაჭრობდა პროდუქტებით. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი რ----–-- ი---------ს არ შეხვედრია და, შესაბამისად, გამოქვეყნებულ ვიდეოზეც თვითონ არ არის. რ----–-- ი---------ს უნდოდა მისი ციხეში ჩასმა, მაგრამ არ იცის, რატომ.
6. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--- ოქმის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება - ვიდეოჩაწერა ჩატარდა 2016 წლის 27 სექტემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე (გადაუდებელი აუცილებლობის გამო) ქ. თ---–--–-, სოფ. ფ-------–-ში, მ-------ს ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში, რ----–-- ი---------სა და მ---–------- ვ--–---ს შორის.
ვიდეოჩანაწერში დიალოგი მიმდინარეობს აზერბაიჯანულ ენაზე.
კადრში ჩანს მანქანის საჭე და მასზე - მამაკაცის ხელები. ავტომანქანა მიდის დასახლებული პუნქტის გზაზე. რამდენიმეწუთიანი სვლის შემდგომ ჩერდება, მ1 აღნიშნავს რ----–-- ი---------ს, ხოლო მ2 - მ---–------- ვ--–---ს. მ1-მა გააჩერა მანქანა და მანქანაში ჩაუჯდა მამაკაცი მათ შორის გაიმართა შემდეგი შინაარსის საუბარი მ2 - რას შვრები? იცი, როგორ საქონელს გაძლევ?, 170 რომ ღირს, ისეთს. ფული გამომიტანე. მ1- ჯერ საქონელი მაჩვენე. მ2- საქონელს სიტყვა არ ეთქმის. შეხედე საქონელს. მ1- ფული დაითვალე. მ2- დაგეთვალა და ისე მოგეტანა. მ1-100,200,300, 400 ლარი. 130 ლარად მოვილაპარაკეთ. მ2- ჩუუ ,,დავაი”. მ1- ერთი წუთით ვნახავ. ეს რა არის , სუფთა სირეცია? მ2- ჰო სირეცია. 180 ლარი ღირს და შენ გაძლევ ამ ფასში. მ2 გადავიდა მანქანიდან. მ1-მა მიაძახა: კარგი სირეცია ხომ? მ2- ჰო. მ1- კარგად, ძმაო ,,კაროჩე”, ბიჭებს თუ მოეწონებათ და კარგი იქნება, ყოველდღე ავიღებ. მ2- ჰოო, ,,ვსიო” მ1- ,,დავაი”, კარგად.
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №--- ოქმის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება - ვიდეოჩაწერა ჩატარდა 2016 წლის 29 სექტემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის №---------- განჩინების საფუძველზე ქ. თ---–--–-, სოფ. ფ-------–-ში, მ-------ს ქუჩაზე მოძრავ ავტომობილში, რ----–-- ი---------სა და მ---–------- ვ--–---ს შორის.
ვიდეოჩანაწერში დიალოგი მიმდინარეობს აზერბაიჯანულ ენაზე.
კადრში ჩანს მანქანის საჭე და მძღოლის ხელები (პირობითად, მამაკაცი „მ“ ), კადრი ჩანს პირდაპირ. მანქანა მოძრაობს დასახლებული პუნქტის გზაზე. რამდენიმეწუთიანი სვლის შემდეგ ჩერდება და ურეკავს უცნობ პირს ტელეფონზე: ,,ძმაო, მე მოვედი. ბებიის სახლის წინ ვდგავარ”. ასევე მამაკაცის მობილურ ტელეფონზე ხორციელდება ზარი: ,, აქ ვარ ბებიის სახლთან და ვერ მოხვალ?” კარგი მოვდივარ”. ქოქავს მანქანას და აგრძელებს სვლას სოფლის გზაზე. შემდეგ ჩერდება და მასთან მანქანაში ჯდება მეორე მამაკაცი (მ1), მ1-ვინ მოგყვება უკან, ბიჭო? მ- მე რა ვიცი, ბიჭო, ხელს მიქნევდა. მ1- ვის უქნევდა ხელს? მ-მე, მ1- მიდი, დაქოქე და წავედით. მ- ვინ არის? მ1- მიდი , ბიჭო, რა წადი! მ-ვინ არის რომ? მ1-მე რა ვიცი?! მ-ასე გადის გზა? მ1- კი. აიღე, სამი ცალია შიგნით. აქ იდოს მოკლედ (კადრში კარგად არ ჩანს სავარაუდოდ მანქანაში რას უტოვებს). მ-ამას წინათ ძალიან სუსტი იყო, რა. მ1- ბიჭო, ესენი განსაკუთრებული საქონელია ჩემთან. შენ ფული მომეცი! მ-აქეთ გავაჩერო? მ1- კი, აქ გააჩერე. ვინ იყო, ხელს რომ გიქნევდა? მ- რა ვიცი, მ1- მიდი, გააჩერე და მე გავარკვევ მერე. შენ ფული მომეცი ჯერ. მოკლედ, არ იყოს ჩვენს შორის მერე პრობლემა, რა. მ-არა ! 20 ლარი აკლია მოკლედ და შემდგომში რომ მოვალ, მაშინ მოგცემ, რა (მამაკაცი აძლევს ფულად თანხას, კუპიურები არ არის კადრში კარგად დაფიქსირებული). მ1- და რამდენია აქ? მ- მანდ 370 ლარია. მ1-რამდენია? მ- 370 ლარია და 20 ლარი აკლია, შემდეგ მოსვლაზე მოგცემ. მ1-კარგი (გადადის მანქანიდან), მ-სუფთაა? (კადრში ჩანს ასანთის კოლოფი რომელიც მამაკაცს ხელში უჭირავს), მ1-კი, მ- რა? მ1-ჰო. მიდი. უკან - უკან მიდი, ჩადი ქვემოთ. ძმაო, ამ გზას გაყვები და გახვალ სკოლასთან. მ- კარგი. ახლა მომისმინე ერთი კარგად, რა. კარგი იყოს ეს, რა. წინაზე სუსტი იყო და ეს ხომ ძლიერია? მ1- კარგი, კარგად. მ- კარგად.
8. 2016 წლის 28 სექტემბრს გაცემული №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - ინა თ--------ა და ს------- ც----------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მ---–------- ვ--–----საგან შეძენილი, ასანთის კოლოფში მოთავსებული, ლურჯ მილღობილთავიან პოლიეთილენის ნაჭრებში სამ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 0.2931 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს - 0.0899 გრამს.
9. 2016 წლის 30 სექტემბრის №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - ინა თ--------ა და გ-------– ქ----–-----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მ---–------- ვ--–----საგან შეძენილი, ასანთის კოლოფში მოთავსებული ლურჯ მილღობილთავიან პოლიეთილენის ნაჭრებში სამ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, საერთო წონით - 0.256 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს - 0.0754 გრამს.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი არ არის მ---–------- ვ--–---- (2016 წლის 27 სექტემბრი ეპიზოდი), შემთხვევის დღეს იგი არ შეხვედრია რ----–-- ი---------ს და მასზე არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ვერსია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
11. არ არსებობს მოწმე რ----–-- ი---------ის ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, რადგან მისი ჩვენება დასტურდება ვიდეოჩანაწერით, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ჯდება მ---–------- ვ--–---- რ----–-- ი---------თან მანქანაში და გადასცემს მას ასანთის კოლოფს. კადრში ნათლად ჩანს მსჯავრდებულის სახის გამოსახულება, რითაც დასტურდება, რომ ეს პირი ნამდვილად მ---–------- ვ--–----ა. გარდა ამისა, საყურადღებოა ვიდეოჩანაწერში რ----–-- ი---------სა და მ---–------- ვ--–---ს შორის შემდგარი საუბარი, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ ისინი სუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელსაც ,,საქონელს“ უწოდებენ. რ----–-- ი---------ის შეკითხვაზე ,,სუფთა სირეცია“, დადებითად პასუხობს მ---–------- ვ--–---- - „ჰო“.
12. გარდა ვიდეოჩანაწერისა, მოწმეების - დ----- ი-------–---–-ს, ა----- ნ-----ისა და პ----- ხაჩიძის ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი რ----–-- ი---------ის ჩვენებასთან, ისინი ადასტურებნენ იმ ფაქტს, რომ სწორედ რ----–-- ი---------ს შესთავაზა მ---–------- ვ--–---მა ნარკოტიკული საშუალების ყიდვა, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, ჩატარდა ოპერატულ-სამძებრო ღონისძიებები და რ----–-- ი---------მა განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა.
13. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ რ----–-- ი---------ის ქმედებაში არ იკვეთება რაიმე პირადი დაინტერესება მ---–------- ვ--–----ს მიმართ. ამასთანავე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრებები, რომ რ----–-- ი---------ს პოლიციის შენობაში მისვლამდე გზაში შეეძლო ნივთიერების შეცვლა და საეჭვოა ექსპერტიზის დასკვნა შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც რ----–-- ი---------ის, ისე დ----- ი-------–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული იყო ასანთის კოლოფში, რომელიც გახვეული იყო ლურჯ პოლიეთინელის პარკში; დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მ---–------- ვ--–----სგან შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერება გამომძიებლმა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დალუქა შსს N-- ლუქით, რომელზეც დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ხელი მოაწერეს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტი იყო დალუქული, შეფუთვისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება იყო „ჰეროინის“ შემცველი მასა, რომლის სანდოობაში ეჭვის შატანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
14. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ---–------- ვ--–----ს დამნაშავედ ცნობის შესახებ 2016 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდში, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ნაწილში ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მ---–------- ვ--–----ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რ----–-- ი---------ის ჩვენებაა. სააპელაციო პალატა მართებულად მიუთითებს, რომ მოცემულ ეპიზოდში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი არ ასახავს მ---–------- ვ--–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტს. მითითებული ჩანაწერის არცერთ კადრში გარკვევით არ ჩანს მ---–------- ვ--–----, მისი გამოსახულება, ამასთან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ან ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც მოხდებოდა ვიდეოჩანაწერში არსებული გამოსახულების ან ხმის იდენტიფიცირება მსჯავრდებულ მ---–------- ვ--–---თან. შესაბამისად, 2016 წლის 29 სექტემბრის ვიდეოჩანაწერით არ ირკვევა, ნამდვილად მ---–------- ვ--–----ა თუ არა ის მამაკაცი, რომელიც რ----–-- ი---------ის მანქანაში ჩაჯდა.
15. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ---–------- ვ--–----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2016 წლის 29 ეპიზოდი) ბრალეულობაში.
16. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის კიდევ ერთ მოთხოვნას, კერძოდ, მ---–------- ვ--–----სათვის სასჯელის განსაზღვრას დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი საქმის მასალებით, დადგენილია, რომ მ---–------- ვ--–---- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული განაჩენით მას მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. შესაბამისად, დადგენილია, რომ 2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდისათვის შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს მ---–------- ვ--–---- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ---–------- ვ--–----ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) სანქცია ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მისთვის შეფარდებული სასჯელი არ უნდა იყოს 7 წელზე ნაკლები. ამდენად, მ---–------- ვ--–---ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ---–------- ვ--–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჩ-------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. მ---–------- ვ--–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
5. მ---–------- ვ--–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (2016 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ---–------- ვ--–---ს განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 13 ოქტომბრიდან;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე