განჩინება

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
010141318700059230
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059230

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №305აპ-18 ქ. თბილისი

ზ--------–---–ი ა----, 305აპ-18 13 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ო----- ხ----–---ს, ტ------– კ--------ა და ი-----–- ჩ------–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---- ზ--------–---–ს ბრალი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და არაერთგზის; საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, ხოლო მ------ ყ-------ს - ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 10 ნოემბერს, ღამით, ქ. რ-------–ი, ი--–-------ს მთის ფერდობზე, ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ მიწის თხრილში ჩააგდეს გ------- მ----–---ი, ხელებით და ფეხებით სცემეს მას. ამავე დროს რამდენჯერმე დაემუქრნენ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2016 წლის 10 ნოემბერს, ღამით, მკვლელობისთვის ნასამართლევმა ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ ქ. რ-------–ი, მ---- მკ/რ–ის სიახლოვეს მდებარე ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მოკვლის მიზნით მდინარე მტკვარში გადააგდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი გ------- ძ------ე და მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ა---- ზ--------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ,,ფ-1’’-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა, სასკდომი მუხტით და ამფეთქი ფალიით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. რ-------–ი, მ---- მკ/რნ N----, საიდანაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 2016 წლის 11 ნოემბერს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით:

ა---- ზ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებზე.

 

ა---- ზ--------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 3000 ლარი, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია), 151-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ა---- ზ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ნოემბრიდან.

 

მ------ ყ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებზე.

 

მ------ ყ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 3000 ლარი, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) და 151-ე მუხლით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მ------ ყ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ნოემბრიდან.

 

განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---- ზ--------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და არაერთგზის, ხოლო მ------ ყ-------მ - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ჯგუფურად.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა---- ზ--------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ------ ყ-------ს - სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათ მიმართ 109-ე მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

ა---- ზ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 3000 ლარი, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა---- ზ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ნოემბრიდან.

 

მ------ ყ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 3000 ლარი, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ყ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ნოემბრიდან.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებული გ------- მ----–---ი არის დაინტერესებული პირი და სასამართლოს შეგნებულად აწვდის ცრუ ინფორმაციას. იგი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ სცემეს და დაემუქრნენ. დამცველის განმარტებით, თუკი დადგენილად მივიჩნევთ, რომ მსჯავრდებულებმა ნამდვილად სცემეს მ----–---ს, მათ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება არის ნაკლებად სანდო, თუნდაც იმიტომ, რომ გ------- მ----–---ს გაუჩნდა მათი დაჭერის სურვილი.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა მიიჩნია უსაფუძვლოდ. დაზარალებულმა გ------- მ----–---მა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2017 წლის 9 ნოემბრის საღამოდან განვითარებული მოვლენები, მათ შორის, თუ სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა; რა დროს დაბრუნდა სახლში; აღწერა ა---- ზ--------–---–სა და მ------ ყ-------სთან შეხვედრისა და იალღუჯას მთაზე წაყვანის დეტალები; დაწვრილებით გადმოსცა ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს მიერ მისი ცემისა და ოჯახის წევრების მიმართ გამოხატული მუქარის მომენტები; დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მოძალადეთა მოთხოვნით, ი--–-------ს ფერდობიდან ტაქსით დაბრუნების შემდეგ ყველანი ავიდნენ მასთან სახლში, სადაც, მეუღლეს რომ არ შეშინებოდა, მათ შესთავაზა ლუდი და ყავა, ხოლო შემდეგ, სახლიდან გაყვანის მიზნით, უთხრა, რომ მანქანით წაიყვანდა სახლებში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულ გ------- მ----–---ის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ მას ნამდვილად სცემეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; ასევე დაემუქრნენ, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თავად მსჯავრდებულები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ შემთხვევის ღამეს სურდათ გ------- მ----–---ის ნახვა, რათა გაერკვიათ ა---- ზ--------–---–ის დასთან დაკავშირებული საკითხი. ნახეს კიდევაც იგი, გაიყვანეს მე-8 მიკრორაიონის უკან, მინდორში და გააფრთხილეს, რომ მისი და აღარავის შეეწუხებინა, თორემ უსიამოვნება მოუვიდოდა, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკან და გ------- მ----–---ის შეთავაზების შემდეგ ავიდნენ მასთან სახლში.

 

დაზარალებულ გ------- მ----–---ის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმე თ----- ხ---–---–-ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ შეშინდა, როდესაც გაიგო, რომ მისი მეუღლე ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ წაიყვანეს და დაიწყო მისი ძებნა. როდესაც მისი მეუღლე გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, მას მოჰყვნენ ა---- ზ--------–---–ი და მ------ ყ-------, რომლებიც უცნაურად იქცეოდნენ, ეკითხებოდნენ მას - ბავშვი იყო თუ არა გ------- მ----–---ის და თავად იყო თუ არა მისი მეუღლე. შეატყო, რომ გ------- იყო შეშინებული და აღელვებული; მას კისერზე ეტყობოდა დაზიანება და ტანსაცმელი ჰქონდა დასვრილი. ამ ყველაფრის გამო თვითონაც ნერვიულობდა.

 

იმ ფაქტს, რომ გ------- მ----–---ს ნამდვილად სცემეს და დაემუქრნენ, ადასტურებს გ------- მ----–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა გ------- მ----–---ის სხეულზე ნაჭდევების არსებობა, რაც განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ატარებდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საყურადღებო მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე გ------- მ----–---ის ტანსაცმელი და ა---- ზ--------–---–ის ქურთუკი, რომლებიც გამოიკვლიეს ექსპერტებმა და მათზე აღმოჩნდა გ------- მ----–---ის სისხლის კვალი. იმავე ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ------- მ----–---ის ტანსაცმელი დაბინძურებული იყო ნიადაგისმაგვარი დანაშრევებით. გარდა ამისა, საქმის მასალებში მოთავსებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სიგარეტის ნამწვავები, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს გენეტიკური პროფილის არსებობა. მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი დადასტურებულია ასევე იმ სატელეფონო ანძების ამონაწერით, რომლებმაც უზრუნველყვეს მათი სატელეფონო კავშირი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარეს დაზარალებულ გ------- მ----–---ის ჩვენების შეფასებაში და აღნიშნა, რომ მან სრულიად დამაჯერებლად და გარკვევით აღწერა თითოეული გარემოება - 2016 წლის 9 ნოემბერს, საღამოს, ა---- ზ--------–---–სა და მ------ ყ-------სთან შეხვედრიდან, მათი 10 ნოემბერს, გამთენიისას, დაშორების მომენტის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ მის ჩვენებაში იკვეთება გარკვეული არაერთგვაროვანი პასუხები, სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივად, დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ გ------- მ----–---მა იცრუა სასამართლოს წინაშე და მას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულების დასჯის სურვილი. დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მისი მეუღლის – თ----- ხ---–---–-სა და დეიდაშვილის - ს----- ლ--------ს ჩვენებებთან. ისინი იმავე თანმიმდევრობითა და ლოგიკური წყობით აღწერენ მათთვის ცნობილ, განვითარებულ მოვლენებს, როგორც – დაზარალებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; ასევე ჩაიდინეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა---- ზ--------–---–მა ჩაიდინა საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მართალია, ა---- ზ--------–---–მა არც ამ ნაწილში ცნო თავი დამნაშავედ და უარყო ხელყუმბარის კუთვნილება, ასევე მასთან რაიმე სახის კავშირი, მაგრამ საქმეში არსებული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. ა---- ზ--------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მისი ბინის საკუჭნაო ოთახში არსებული ჩანთიდან ამოიღეს ხელყუმბარა ამფეთქ დეტონატორთან ერთად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ხელყუმბარა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ა---- ზ--------–---–ის გენეტიკური პროფილი.

 

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მსჯელობა გ------- ძ-------ს მკვლელობის ნაწილში და აღნიშნა, რომ დაზარალებულმა გ------- მ----–---მა, საქმესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასთან, მათ შორის გ------- ძ-------ს მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მისცა სრული და დამაჯერებელი ჩვენება. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით დადასტურებული და გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით, კერძოდ: ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ თავადაც დაადასტურეს გ------- მ----–---ის ბინის ეზოში ი---- გ------სა და გ------- ძ-------ს ნახვის ფაქტი; ასევე, იმ ავტომანქანით, რომელსაც გ------- მ----–---ი მართავდა, მათი ჯერ ა---- ზ--------–---–ის ბინის ეზოში წაყვანის, ხოლო შემდეგ, გ------- ძ-------სა და გ------- ზ--------–---–ის სკოლის ეზოში მიყვანის ფაქტი. ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირები მითითებული მარშრუტით მოძრაობდნენ, ასევე დასტურდება მათ კუთვნილ მობილურ ტელეფონებზე არსებული შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერითა და დადგენილი სატელეფონო ანძების მდებარეობის შესახებ არსებული ნუსხით. გარდა ამისა, საქმის მასალებში მოთავსებულია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, საიდანაც დგინდება, რომ სკოლის ეზოში აღმოჩენილი სისხლის ლაქები ეკუთვნის გ------- ზ--------–---–ს. აღნიშნულით კი დასტურდება გ------- მ----–---ის ჩვენების იმ ნაწილის რეალობა, სადაც იგი განმარტავს, რომ სკოლის ეზოში ა---- ზ--------–---–მა მანქანიდან გადაიყვანა გ------- ზ--------–---–ი, ეკითხებოდა, თუ რა ჰქონდა მოწეული და თან დაუწყო ცემა, რის შემდეგაც გ------- ზ--------–---–ი გაიქცა. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით გ------- ზ--------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის სარტყლის მიდამოში, რაც განვითარებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითთებულ თარიღს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ა---- ზ--------–---–ის მიერ გ------- ზ--------–---–ის ცემის ფაქტი ასევე დაადასტურა გ------- ზ--------–---–ის სიმამრმა ვ--–---- რ--–--------ა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულ გ------- მ----–---ის ჩვენებასთან იმ ნაწილშიც, რომლის თანახმადაც, გ------- ზ--------–---–ის გაქცევის შემდეგ მას დაედევნა ა---- ზ--------–---–ი (და არა მ------ ყ-------, როგორც ამას მსჯავრდებულები აცხადებენ), თუმცა ვერ დაეწია და დაბრუნდა უკან. გ------- მ----–---ის ჩვენება შეესაბამება ასევე ი---- გ------ს ჩვენებასაც, მათი შეხვედრისა და ა---- ზ--------–---–ის სახლის მიმართულებით გაადაადგილების ფაქტზე საუბრისას.

 

როგორც დაზარალებულმა გ------- მ----–---მა აღნიშნა, გ------- ზ--------–---–ის გაქცევისა და მისი სიმამრის წასვლის შემდეგ ა---- ზ--------–---–მა მანქანიდან გადმოიყვანა გ------- ძ------ე და ცდილობდა მის გამოფხიზლებას, თუმცა ვერ შეძლო და უთხრა, რომ ასეთი საქციელის გამო ჭკუას ასწავლიდა; იგი ისევ ჩასვა მანქანაში და მას (გ------- მ----–---ს) მიუთითა, თუ რომელი გზით და სად უნდა წასულიყო. გ------- მ----–---მა აღწერა, თუ როგორ მივიდნენ მ---- მ/რ-ში არსებულ ხიდთან, ა---- ზ--------–---–მა და მ------ ყ-------მ როგორ გადმოიყვანეს მანქანიდან გ------- ძ------ე და როგორ სცემეს, შემდეგ კი მკლავებსა და ფეხებში ხელის მოკიდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, დამცავი ჯებირიდან გადააგდეს მტკვარში. თავად კი იჯდა მანქანაში და შიშის გამო ვერ დაძრა ავტომობილი, რადგან მოძალადეებმა გააფრთხილეს და დაემუქრნენ, მათ იცოდნენ მისი სახლი და ეშინოდა ოჯახის წევრების დახოცვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკმაოდ ლოგიკური და დასაბუთებულია დაზარალებულის ჩვენება და მისი არგაზიარების საფუძველი არ არსებობს. საფუძვლიანია მისი განმარტება მსჯავრდებულთა მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც. მსჯავრდებულთა პიროვნებისა და მათ მიერ, როგორც თავად გ------- მ----–---ის, ასევე გ------- ძ-------ს მიმართ ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმყოფეობდა სტრესულ, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ამოძრავებდა ოჯახის დაცვის მიზანი (როდესაც შეიტყო გ. ძ-------ს გვამის პოვნის თაობაზე რესტორანში მიატოვა მეუღლე სტუმრებთან ერთად და თვითონ შვილთან დაბრუნდა სახლში), რის გამოც არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ გ------- ძ-------ს მკვლელობის ადგილზე ა---- ზ--------–---–ი და მ------ ყ------- საერთოდ არ ყოფილან და გ------- ძ------ე დატოვეს სკოლის ეზოში, გ------- მ----–---ის მანქანაში. საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნული განმარტების გაზიარების საფუძველი. პირიქით, გამოკვეთილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უდავოდ ადასტურებს გვამის აღმოჩენის ადგილზე მსჯავრდებულთა ყოფნის, მათ მიერ გ------- ძ-------ს ცემისა და დამცავი ჯებირიდან გადაგდების ფაქტს, რაც განხორციელდა 2016 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 05:00 საათიდან, 06:00 საათამდე პერიოდში.

 

საქმის მასალებში არსებული სატელეფონო ანძების ამონაწერის მიხედვით, მითითებულ დროს ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს კუთვნილ ტელეფონებზე ფიქსირდება ზუსტად ის ადგილი, სადაც მდებარეობს შემთხვევის ადგილი. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე რ----- მ----–--ე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ გ------- ძ-------ს მკვლელობის ადგილზე, 06:01:15 საათზე ა---- ზ--------–---–ის ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ სატელეფონო კავშირს მოემსახურებოდა მდინარის მეორე ნაპირზე არსებულ დასახლებაში მდებარე ანძა N1001-240. აღნიშნული დადასტურებულია ანძების ამონაწერებითაც.

 

საყურადღებოა ასევე დაზარალებულ გ------- მ----–---ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც მოწმე აცხადებს, რომ გ------- ძ-------ს ჯებირიდან გადაგდების შემდეგ ზ--------–---–მა და ყ-------მ იგი წამოიყვანეს მ---- მიკრორაიონში, მანქანა გააჩერებინეს ე.წ. „ს--------–-ს ბაზართან“ არსებულ ნაგვის ურნასთან. ა----ს ხელში ეჭირა თეთრი მობილური ტელეფონი, მას გადაავლო წყალი და ჩააგდო ნაგვის ურნაში. როგორც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული თეთრი ტელეფონი ეკუთვნოდა გ------- ძ------ეს, რომელზეც მითითებულ ადგილზე დაფიქსირდა შემავალი ზარები, რაც დარჩა უპასუხოდ. ეს გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გ------- მ----–---ი არ ცრუობს და მსჯავრდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ გ------- ძ-------ს მკვლელობის ადგილზე.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი, სასამართლომ გაიზიაროს მსჯავრდებულთა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ა---- ზ--------–---–ი და მ------ ყ------- სკოლის ეზოდან წასვლის შემდეგ იმყოფებოდნენ რესტორანში და გ------- ძ------ესთან შეხება აღარ ჰქონიათ. აღნიშნული ვერსიის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა. აღნიშნული განმარტების უსაფუძვლობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქ.რ-------–ი, ე.წ. ,,ს--------–----------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ------ს’’ და ლ--------ა და მ----–---–-ს ქუჩების კვეთაზე მდებარე სავალუტო ჯიხურ ,,გ---–--ი+-ის“ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმის მიხედვით, გ------- მ----–---ი, ა---- ზ--------–---–ი და მ------ ყ------- 2016 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 06:09 საათზე გ.მ----–---ის მიერ დაქირავებული ,,ნისან ტეანას’’ მარკის ავტომანქანით კვლავ მიდიან ლ-------- ქუჩაზე არსებულ სადღეღამისო მაღაზიაში, სადაც მ------ ყ------- ყიდულობს სიგარეტს. ჩანაწერის მიხედვით, ავტომანქანა მოემართება ე.წ ,,ს--------–-ს’’ ბაზრის მხრიდან. დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების შემთხვევაში, მითითებულ დროს ა---- ზ--------–---–ი, მ------ ყ------- და გ------- მ----–---ი ვიდეოკამერაზე ერთად მყოფნი აღარ უნდა დაფიქსირებულიყვნენ. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოს ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ექსპერტიზა და არ დადგენილა - აფიქსირებს თუ არა კამერა რეალურ დროს. საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ იმ ორგანიზაციის მფლობელები, სადაც განთავსებულია ვიდეოკამერები, მათ დაადასტურეს ჩანაწერთა რეალობა და ეს ჩვენებები მხარეებმა უდავო მტკიცებულებებად მიიჩნიეს.

 

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის მსჯელობა მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ს------ შ---------მ შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება ჩაატარა 2016 წლის 11 ნოემბრეს, 08.00 საათიდან 08.30–მდე პერიოდში, ხოლო ა---- ზ--------–---–ი დააკავეს 11 ნოემბერს, 13:27-13:50 საათზე, მ------ ყ------- კი – ამავე დღეს, 17:35-17:55 საათზე. ამდენად, შეუძლებელია გამომძიებელს წინასწარ ჰქონოდა სიგარეტის ნამწვები, რომლებზეც გამოვლინდებოდა მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის არსებობა.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას, კერძოდ, შემთხვევის ადგილების დათვალიერების, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტების, ა---- ზ--------–---–ის ბინის ჩხრეკისა და სხვა არაერთი მტკიცებულების მოპოვების მომენტში სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები არსებითად არ დარღვეულა მათი შესრულებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია და დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, რომელთაც შენიშვნები ოქმში არ შეუტანიათ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა შემდგენმა პირებმა და არ არსებობს მათ სისწორესა და ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება ა---- ზ--------–---–ის მეუღლის განმარტებას მისი დაკითხვის და ბინის ჩრეკისას არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარემაც ვერ დაასაბუთა მისი ჩვენების უტყუარობა, იგი ვერ ქმნის საქმეზე წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით შედგენილი წერილობითი მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველს.

 

რაც შეეხება ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს ქმედება გ------- ძ-------ს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დამთავრებული დანაშაული. ბრალდების მხარემ წარმოადგინა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ გ------- ძ-------ს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებებით, რომელიც, თავის მხრივ, ორ ჯგუფად - ობიექტური და სუბიექტური ნიშნით დამძიმებულ გარემოებებად იყოფა. ობიექტური ნიშნით დამძიმებულ გარემოებებს მიეკუთვნება იმ ტიპის გარემოებები, სადაც მდგომარეობას ამძიმებს დანაშაულის ხერხი და საშუალება, დანაშაულის მსხვერპლთა და ამსრულებელთა რაოდენობა და ა.შ. ეს ის ნიშნებია, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამ სახის დამამძიმებელ გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და ა.შ. ხოლო სუბიექტური ნიშნით დამძიმებულ გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობის მოტივი, მიზანი, ამსრულებლისათვის პერსონალურად დამახასიათებელი რაიმე სხვა ნიშანი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ გაირკვეს, თუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს; რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე; რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ა---- ზ--------–---–მა ვერ მოახერხა გ------- ძ-------ს გამოფხიზლება, გონს მოყვანა, დაემუქრა მას, რომ ასეთი საქციელისთვის ჭკუას ასწავლიდა და მ------ ყ-------სთან ერთად გადაწყვიტა მისი მოკვლა, რაც მოიყვანეს კიდეც სისრულეში.

 

ქმედების განზრახ მკვლელობად ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის ან მოსპობის მცდელობისაკენ. ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებულო სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. ცემისა და დამცავი ჯებირიდან გადაგდებით სიცოცხლისთვის სახიფათო მიდამოში დაზიანების მიყენების განზრახვიდან გამომდინარე (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- ძ-------ს სიკვდილის მიზეზია თავის ბლაგვი ტრავმით გამოწვეული თავის ქალას სარქვლისა და ფუძის ძვლების მოტეხილობა სისხლჩაქცევებით, ქალას ღრუსა და ტვინში და თავის ტვინის დაზიანება. სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები); ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯებირიდან გადაგდების შემდეგ მოძალადეები ჩაჰყვნენ გ------- ძ------ეს ქვემოთ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულები გ------- ძ-------ს მიმართ მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მკვლელობის განზრახვით, რადგან ცემისა და შვიდი მეტრის სიმაღლიდან გადაგდების გზით, ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში დაზიანებების მიყენება, მკვლელობის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განზრახ მკვლელობის, როგორც დამთავრებული დანაშაულის, სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ეტაპზე იპოვეს გ------- ძ-------ს გვამი, წარმოადგინეს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა სიკვდილის გამომწვევი უშუალო მიზეზი, ასევე დადგენილია მის სხეულზე მრავლობითი დაზიანებების არსებობა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ გ------- ძ------ე მ------ ყ-------მ და ა---- ზ--------–---–მა გ------- მ----–---ის მანქანით, რომელსაც თვითონვე მართავდა, წაიყვანეს მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის მიმართულებით; მოწმე გ------- მ----–---ის ჩვენებით, ორივე მათგანმა მიაყენა მას სხეულის დაზიანებები და შემდეგ ერთობლივად მკლავებსა და ფეხებზე ხელის ჩაჭიდებით გადააგდეს ჯებირიდან. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ წარმოადგენს საეჭვო გარემოებას; ამდენად, მ------ ყ-------სა და ა---- ზ--------–---–ს ბრალად უნდა შეერაცხოთ დამთავრებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობის) ჩადენა, ვინაიდან უტყუარად დგინდება, რომ მათი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მათ სუბიექტურად სურდათ შედეგის დადგომა და მიაღწიეს კიდეც მიზანს.

 

რაც შეეხება უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს დანაშაულის ჩადენას ისეთი ადამიანის მიმართ, რომელსაც, თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო, არ გააჩნია დამნაშავის ქმედებაზე რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამასთან, აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება პირს შეიძლება შეერაცხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლეულია როგორც დამნაშავის მიერ დაზარალებულის უმწეობის სუბიექტური აღქმა, ისე დაზარალებულის ობიექტური მდგომარეობა უმწეო მდგომარეობაში ყოფნისა. ერთ-ერთი კრიტერიუმის არარსებობა გამორიცხავს დამნაშავისთვის ზემოაღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია გ------- ძ-------ს უმწეო მდგომარეობაში ყოფნა (იგი იყო გათიშული, დროდადრო ლუღლუღებდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა მოძალადეებს). ასევე დადგენილია, რომ გ------- ძ-------ს მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ვინაიდან ა---- ზ--------–---–ი და მ------ ყ------- მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ერთიანი მიზნით.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა---- ზ--------–---–სა და მ------ ყ-------ს, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნიათ) მხედველობაში მიღებით, შეეფარდათ სამართლიანი სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორებიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

მსჯავრდებულების - ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო----- ხ----–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.

 

მსჯავრდებულების - ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ტ------– კ------ე და ი-----–- ჩ------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №138აპ-18 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

9. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივრებში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულების სასიკეთოდ.

 

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მტკიცებულებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა---- ზ--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია), 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო მ------ ყ-------ს მიერ - სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია), 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

 

12. საკასაციო პალატამ გულდასმით შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დარღვეულა.

 

13. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], N 39630/09, § 151, 13.12.2012).)

 

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების - ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - ა---- ზ--------–---–ისა და მ------ ყ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ო----- ხ----–---ს, ტ------– კ--------ა და ი-----–- ჩ------–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე