განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100116001526882
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№287აპ-18 ქ. თბილისი
მ------ე გ----–-, 287აპ-18 12 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ----–- მ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ა-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ----–- მ------ე, –-------------–-------–--–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 19,212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 4 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----–- მ------ემ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით და ყალბი ვალუტის გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ----–- მ------ემ, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ასევე გასაღების მიზნით ინახავდა ყალბ 100-ლარიან კუპიურას. 2016 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ--------ში, ნ. ჟ---------ას ქუჩაზე ყოფნისას, გ----–- მ------ემ სცადა სავაჭრო ჯიხურში ყალბი 100-ლარიანი კუპიურის გასაღება, თუმცა გამყიდველმა ე-–---- თ---–----–---–მა შეამჩნია, რომ კუპიურა იყო ყალბი და დაუბრუნა. აღნიშნულის შემდეგ გ----–- მ------ე შევიდა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრში და კვლავ სცადა ყალბი 100-ლარიანის გასაღება. გამყიდველი ს-–- თ-----–---–ი დაეჭვდა, რომ აღნიშნული კუპიურა ყალბი იყო და დაუბრუნა გ----–- მ------ეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ს----- ა-------მა, რომელმაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ----–- მ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არაობიექტურად და მიკერძოებულად შეაფასა მტკიცებულებები; საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გ----–- მ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
5. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ს. ა-------ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გ----–- მ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. გ----–- მ------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – ე-–---- თ---–----–---–ის, ს-–- თ-----–---–ის, ა------ ს--------–--ის, რ----- გ--------–--ის, მ--–---- ჩ----ისა და სხვათა ჩვენებებით, 2016 წლის 21 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 24 აგვისტოს N-------- დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი. რაც შეეხება კასატორის განმარტებას პროცესუალური დოკუმენტების არასანდოობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა კანონის ისეთი დარღვევა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და გ----–- მ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ----–- მ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ა-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე