განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061949
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№373აპ-18 ქ. თბილისი
ხ------ ო----, 373აპ-18 14 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ო---- ხ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ჩ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ო---- ხ------, –-------------–-------–--–--------------–---- – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულ ო. ხ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 28 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო---- ხ------მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილისა და მოსამართლის შეურაცხყოფაში.
ო---- ხ------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 28 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოში ო---- ხ------სა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს – 13 საათსა და 20 წუთზე – ბრალდებულმა ო---- ხ------მ უხეში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ხ------- თ-----–-–---–ს, რის გამოც იგი სხდომის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა და 100 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ო---- ხ------მ ამჯერად მოსამართლეს მიაყენა უხეში სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო---- ხ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------ ჩ--------მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ზუბიაშვილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არის დადგენილი, რომ ო---- ხ------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა (რეციდივის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით), რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო---- ხ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ჩ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე