განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001890228
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№309აპ-18 ქ. თბილისი
კ----- ნ-----–----, 309აპ-18 22 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ-----–---- კ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------- კ-------–--ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ნ-----–---- კ-----, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------ის რაიონის სოფ. ჩ--–------ში, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში: სსკ) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რომელიც ითვალისწინებს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად) და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 მარტიდან (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი - ტ.3, ს.ფ.-117-133).
2. ზემოხსენებულ განაჩენზე მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის რ. კ-------–--ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნ-----–---- კ-----, თანამონაწილეებთან - ზ---- ზ---–---–სა და გ------- ზ----–---–თან ერთად, დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით, შეიჭრა თ---–--–ი, კ-----ის გზატკეცილის N-----ში მდებარე სუპერმარკეტ „ვ-----ში“ და მოლარე-ოპერატორებს - ნ----- კ-----–----ა და გ---–- ბ---------–---–ს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით, გასტაცა შპს „ვ----------ის“ კუთვნილი თანხა - 2100 (ორი ათას ასი) ლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. კასატორის მტკიცებით, დარღვეულია სამართლიანი და თანასწორი მართლმსაჯულების უფლება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები; მსჯავრდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ბრალად შერაცხულ დანაშაულთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მოწმეების - ს-------- კ-------სა და მ------ კ----ის ჩვენებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. როგორც ვიდეოჩანაწერით დგინდება, ს-------- კ------- დანაშაულის ჩამდენ პირებს ხვდება სულ 2 წამით, მაშინ, როდესაც იგი სამივე დამნაშავეს დეტალურად აღწერს. ამასთან, მას აქვს მხედველობის პრობლემა და ატარებს სათვალეს; რაც შეეხება მ------ კ-----ს, მისი ჩვენება საჯაროდ წაიკითხეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მისი სასამართლოში დაკითხვის შუამდგომლობაზე დაცვის მხარეს უარი ეთქვა; კასატორი უთითებს, რომ ვიდეოჩანაწერი არ არის მოპოვებული კანონიერად. ამასთან, საქმეზე არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც უტყუარად დაადგენდა ჩანაწერში ასახულ და ბრალდებულ პირთა იდენტურობას; კასატორი აგრეთვე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 125-ე მუხლთან დაკავშირებით; დაცვის მხარის მითითებით, საქმეში არსებული ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური დასკვნებით დასტურდება ნ-----–---- კ----ის უდანაშაულობის ფაქტი.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული არსებითად განსახილველად, კერძოდ: სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.
9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №191აპ.-17, № 363აპ.-17 გადაწყვეტილებები), რომლებსაც შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად არის შეფასებული, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ქვემდგომმა სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სათვალთვალო კამერის ჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომელთა ერთობლივად შეფასებით მიიღო გადაწყვეტილება.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია ვიდეოჩანაწერის შეფასებასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ადვოკატი მოწმე ს-------- კ-------ს ჩვენების არასანდოობის დამადასტურებლად, ერთი მხრივ, მიუთითებს ვიდეოჩანაწერის შინაარსზე, მეორე მხრივ, კი მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ ვიდეოჩანაწერის მოპოვებასა და გამოყენებას არაკანონიერად მიიჩნევს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარის მტკიცება, რომ დასახელებულ მოწმეს მხედველობის პრობლემა გააჩნია, მარტოოდენ მხარის ზეპირი განმარტებაა და შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და დადასტურებული; მოწმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის შედავება, რომ პირი სათვალეს ატარებს, არ მიუთითებს მოწმის მიერ დამნაშავის გარეგნული ნიშნების დანახვისა და დამახსოვრების შეუძლებლობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს საქმეში მტკიცებულებათა სახით არსებული ვიდეოჩანაწერისა და მოწმის- ს-------- კ-------ს ჩვენების შეფასების ნაწილში.
12. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მეორე მოწმის - მ------ კ----ის ჩვენება სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაიკითხეს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მითითებული მოწმე საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ჩვენება საჯაროდ გამოქვეყნდა. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს დასახელებული მოწმის ჩვენება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება მ------ კ----ის დაინტერესება ნ-----–---- კ----ის დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს უარს დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, გამოთხოვილიყო მ------ კ----ის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
13. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს არც იმ ნაწილში, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ თანასწორობის პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88 , 27/10/1993, §33). წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის ანალოგიურად მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა მტკიცებულებები, მიეღო მონაწილეობა მათ გამოკვლევაში, წარედგინა შუამდგომლობები, პროტესტები. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის ძირითად პრეტენზიებს დასაბუთებული პასუხები გასცა და მიუთითა იმ მტკიცებულებებზე (მათ შორის: ს-------- კ-------ს, მ------ კ----ის ჩვენებებზე, ამოცნობის ოქმებზე), რაც ნ-----–---- კ----ის მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ქმნიდა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
15. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ-----–---- კ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-------- კ-------–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე