განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
010100218700050677
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050677

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №372აპ-18 ქ. თბილისი

ხ-------- ვ--–-------, 372აპ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--–------- ხ--------ს ბრალი დაედო კანონიერ ქურდობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ--–------- ხ-------- 2012 წელს აღიარეს კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური

ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 12 ივლისს ვ--–------- ხ-------- დააკავეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ვ--–------- ხ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა ვ--–------- ხ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ ვ--–------- ხ--------ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების - გ------- შ-------–---–-ს, მ-----– ბ-------ს, ი-–-- თ-------ს ჩვენებები და რუსული ვებგვერდის დათვალიერების ოქმი, სადაც რუსულ ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, თავიანთი ქურდული ზედმეტსახელებით, მონათვლის თარიღითა და სასჯელის მოხდის წლებით, რაც საკმარისია გამართლებულ ვ--–------- ხ--------ს დამნაშავედ ცნობისათვის.

 

აპელანტმა ასევე ითხოვა გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნება, რადგან გამართლებულმა დაარღვია გირაოს პირობები და არ შეასრულა ვალდებულება - პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებისთანავე ჩაებარებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ--–------- ხ--------ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და ასევე - გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნებას სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას ვ--–------- ხ--------ს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, კერძოდ:

 

3. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამდენად, კანონიერი ქურდის ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან სხვა პირთა გარკვეული ჯგუფის მართვაში ან ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერ ფორმით. ქურდული სამყაროს ორგანიზება კი ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას, ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მათ გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებისათვის, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ამ წესებს, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა. შ. რაც შეეხება ქურდული სამყაროს მართვას, იგი გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში და ა. შ., კანონიერმა ქურდმა შეიძლება მართოს არა მარტო ქურდული სამყარო, არამედ პირთა გარკვეული სხვა ჯგუფებიც, რომლებსაც არ უღიარებიათ ქურდული სამყარო და არც მისი წევრები არიან, მაგრამ შეიძლება, საშველად მიმართეს კანონიერ ქურდს ან კანონიერ ქურდი იძულებისა და მუქარის გამოყენებით ახერხებს მათ მართვას.

 

4. შესაბამისად, იმისათვის, რომ კანონიერი ქურდობისათვის დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა დადგინდეს, რომ პირი მოქმედებდა (მართავდა ან/და ორგანიზებას უწევდა პირთა წრეს) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად.

 

5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას: მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვ--–------- ხ--------, ოპერატიული და ინტერნეტვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მიჩნეულია კანონიერ ქურდად, არ არის საკმარისი აღნიშნული მუხლით პირის მსჯავრდებისათვის. კანონის მიხედვით, აუცილებელია, პირს დაუმტკიცდეს კონკრეტულ მოქმედებების განხორციელება - პირთა გარკვეული წრის მართვა ან/და ორგანიზება, რაც სათანადო მტკიცებასაც საჭიროებს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ვ--–------- ხ--------ს მიერ ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვის ან/და ორგანიზების შესახებ, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მოწმეების - გ------- შ-------–---–-ს, მ-----– ბ-------ს, ი-–-- თ-------ს ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ გააჩნიათ ოპერატიული ინფორმაცია ვ--–------- ხ--------ს კანონიერი ქურდობის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია მის მიერ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, რაც დაადასტურებდა ამ პირის ქურდული სამყაროს წევრობას ან/და მის კანონიერ ქურდობას, არ აქვთ. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას ინტერნეტგვერდ „-------------------- დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, ვერც აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს ვ--–------- ხ--------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან უცნობია რა წყაროებს ეყრდნობა იგი, რაც საეჭვოს ხდის მის სანდოობასა და ავთენტიკურობას.

 

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ,,ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ" (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Hassan v The UK) №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

7. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი ვ--–------- ხ--------ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო გირაოს ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი საფუძვლებით:

 

8. საკასაციო საჩივრით პროკურორი აგრეთვე ითხოვს ვ--–------- ხ--------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული და შეტანილი გირაოს საკითხის გადაწყვეტის ნაწილში გირაოს თანხის - 15 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას იმ საფუძვლით, რომ ვ--–------- ხ--------მ დაარღვია ამ ღონისძიების პირობები, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, კერძოდ:

 

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ--–------- ხ--------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შეეფარდა გირაო - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, საპატიმრო უზრუნველყოფით. მასვე იმავე განჩინებით პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა გამომძიებლისათვის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ყველა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. იმავე წლის 1-----–--- ბრალდებულმა გადაიხადა გირაოს თანხა და გათავისუფლდა პატიმრობიდან, თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ ჩააბარა ზემომითითებული დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ჯერ 2017 წლის 1-----–--- თ---------ს რესპუბლიკის (უკან დაბრუნდა 2017 წლის 1-----–---), ხოლო მოგვიანებით - იმავე წლის 1-----–--- ა-------------ს რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ--–------- ხ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეიცვალა პატიმრობით, ხოლო პროკურორის 2017 წლის 19 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა მისი ძებნა.

 

10. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, გირაოს შეტანის წინ როგორც ვ--–------- ხ--------, ისე უშუალოდ მისი შემტანი (განსახილველ შემთხვევაში - მ----- ხ--------) გაფრთხილებულები იყვნენ წერილობითი ვალდებულებით, ბრალდებულ ვ--–------- ხ--------ს მიერ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ვ--–------- ხ--------მ არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება, არ ჩააბარა მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ყველა დოკუმენტი და გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რითაც დაარღვია მითითებული ღონისძიების გამოყენების პირობა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენს - გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძველს.

11. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 4 მაისის განაჩენით გააუქმა ვ--–------- ხ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რაც არასწორია, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინება გირაოს გამოყენების შესახებ და დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა ვ--–------- ხ--------სათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. შესაბამისად, ვ--–------- ხ--------ს მიმართ უნდა გაუქმდეს არა გირაო, არამედ - პატიმრობა, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. გაუქმდეს ვ--–------- ხ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, ხოლო გირაოს სახით შეტანილი თანხა - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე