განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002066210
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №316აპ-18 ქ. თბილისი
ყ------ი ი-----–-, 316აპ-18 26 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–- ყ------ს ბრალი დაედო ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი-----–- ყ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 3500 ლარი, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი. 2013 წლის 25 ოქტომბერს იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადამდე. ი-----–- ყ------ი ითვლებოდა ნასამართლევად, მაგრამ 2017 წლის 23 ივლისს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მივიდა ქ. ზ----------–ი, კ--------ს ქუჩაზე მდებარე ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ თ------ კ-------------ნ, რომელსაც სესხის სახით მოსთხოვა 5 ლარი. თ------ კ---------მ მას გადასცა 10-ლარიანი კუპიურა, რომლის დახურდავება და 5 ლარის უკან დაბრუნება სთხოვა. აღნიშნულზე განაწყენებულ ი-----–- ყ------ს სურდა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა თ------ კ---------ს კუთვნილ თანხას, სწრაფად გამოართვა მას 10-ლარიანი კუპიურა, რის შემდეგაც იქვე დადებული მისი ხელჩანთიდან ამოიღო საფულე მასში მოთავსებული 500 ლარით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ქმედებით მან თ------ კ---------ს მიაყენა 510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ი-----–- ყ------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ი-----–- ყ------ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი-----–- ყ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი-----–- ყ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ი-----–- ყ------ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე