განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
010100116001479597
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001479597

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №334აპ-18 ქ. თბილისი

ხ--–------ ა-–--–-, 334აპ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–--–- ხ--–------ს ბრალი დაედო ცემაში (ძალადობაში), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა-–--–- ხ--–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ---------–---–-------------–-------------–- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა-–--–- ხ--–------მ მკერდის არეში ხელის დარტყმებით გ-----– მ----ს მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით ა-–--–- ხ--–------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა ა-–--–- ხ--–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გამართლებულ ა-–--–- ხ--–------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცება – მოწმეების გ-----– მ----ისა და გ---–--- მ--------ს ჩვენებების ჩანაწერები ორ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში, მისი შენახვის ვადით.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. აპელანტმა ითხოვა ა-–--–- ხ--–------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში; ასევე ითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმისა და მის საფუძველზე დაცვის მხარის მოწმის - მ----- კ---–---ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაუშვებლად ცნობა, შემდეგი საფუძვლებით:

 

სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არცერთი პირდაპირი მოწმე უშუალოდ არ დაკითხულა სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე; ბრალდების მხარემ ორი ძირითადი და პირდაპირი მოწმისაგან მიიღო ჩვენებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან ისინი დიდი ხნით ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. გარდა ზემოაღნიშნული ორი მოწმის ჩვენებისა, ბრალდების მხარემ წარადგინა გამოძიების ეტაპზე დაკითხული სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც გამოქვეყნდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან ისინი არ იმყოფებოდნენ საქართველოში; ასევე წარდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დადასტურებულია, რომ დაზარალებულ გ-----– მ----ს მის მიერ მითითებულ ადგილას, გულმკერდის არეში, აღენიშნებოდა დაზიანება, ხოლო სხვა პირდაპირ მტკიცებულებას ბრალდების მხარე ვერ წარადგენდა, ვინაიდან სხვა არავინ შესწრებია გ-----– მ----ის ცემის ფაქტს; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მიკერძოებული მოწმეების - მ----- კ---–---სა და ა-–--–- ხ--–------ს ჩვენებები; დაცვის მხარემ სასამართლოში მოწმე მ----- კ---–---ს ჩვენება წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსის 83-ე მუხლისა და 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით; მ----- კ---–---ს ჩვენებით ვერ ხერხდება ინციდენტში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება, ამდენად, მისი ჩვენება არ არის არსებითად მნიშვნელოვანი; მ----- კ---–---ს სადარბაზოში ყოფნასა და მომხდარი ფაქტის შესაძლო შესწრებას არ ადასტურებს საქმეში დაკითხული არცერთი მოწმე, მათ შორის არც ა-–--–- ხ--–------, რაც მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველია.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა-–--–- ხ--–------ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და ასევე, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მ----- კ---–---ს გამოკითხვის ოქმისა და მის საფუძველზე დაცვის მხარის მოწმის - მ----- კ---–---ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაუშვებლად ცნობას სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. დაზარალებულ გ-----– მ----ის ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) დადგენილია, რომ ახლო ნათესავებთან: დედასთან – ზ------– მ--------სთან, დასთან – გ---–--- მ--------სთან, ძმასთან – მ---- მ----------სთან, ბიძაშვილთან – კ------– ს---–---------სთან ერთად 2016 წლის 22 ივლისს ტურისტული მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და 23 ივლისს იქირავა ბინა ქ---------–--------------–-------–-, ა-–--–- ხ--–------სგან. სურდათ 10 დღით დარჩენილიყვნენ ბ------–-, თუმცა ხ--–------სთან წარმოეშვათ უთანხმოება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ სამი დღის შემდეგ გადაწყვიტეს თ--------ში გამგზავრება. როდესაც ბინის დატოვების შესახებ აცნობეს ხ--–------ს, ქირავნობის თანხის ოდენობის გამო, წარმოეშვათ უთანხმოება. ხ--–------ 10 დღის თანხის გადახდას ითხოვდა სრულად. საუბრისას, რომელიც ბინაში მიმდინარეობდა, გახდა საკმაოდ აგრესიული, სახლიდან გარეთ გაყარა გ-----–ის და და ბიძაშვილი, ხოლო გ-----–ს და დედამისს კარი ჩაუკეტა და კატეგორიულად მოითხოვა თანხის გადახდა. გარეთ დარჩენილმა კ------– ს---–---------მ დაუძახა ხ--–------ს, კარი გაეღო და ის გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, ა-–--–-მ კარი გააღო და შემოუშვა გარეთ მყოფები, ხოლო კ------–ის მიერ 20 - ლარიანის მიწოდების შემდეგ კიდევ უფრო გაბრაზდა - „ხმა აიმაღლა, შეტევაზე გადავიდა“, ცალი ხელით ხელები გაუკავა გ-----–ს, მეორე ხელით კი 2-3-ჯერ დაარტყა გულმკერდის არეში. ისინი შუაში ჩაუდგნენ და გააშველეს. მან მიიღო დაზიანება მაჯისა და გულმკერდის არეში, სადაც განაკაწრი ჰქონდა და სისხლი წამოუვიდა.

 

3. მოწმე გ---–--- მ--------მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) ჩვენებაში განმარტა, რომ 2016 წლის 22 ივლისს დედასა, და-ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა საქართველოში და 23 ივლისს ყველანი ერთად დაბინავდნენ ქ. ბ------–-, ა-–--–- ხ--–------ს ბინაში. ხ--–------მ ბინის ერთი ოთახი დაუთმო მათ, იმავე ბინაში ცხოვრობდა თვითონაც დედასთან ერთად. წინასწარი შეთანხმებით 10 დღით უნდა დარჩენილიყვნენ ხ--–------სთან, თუმცა იმის გამო, რომ ბინაში ცხოვრების პირობები არ მოეწონათ, ხ--–------ უზღუდავდა აბაზანით, სამზარეულოთი სარგებლობას და მსგავს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოეშვათ, სამი დღის შემდეგ გადაწყვიტეს თ--------ში გამგზავრება. ბრალდებულის ბინაში არყოფნისას ჩაალაგეს ნივთები და ტელეფონით აცნობეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ. ხ--–------ დაბრუნდა სახლში და მოსთხოვა არა სამი, არამედ 10 დღის ქირის გადახდა. გახდა საკმაოდ აგრესიული. თვითონ და მისი ბიძაშვილი გარეთ გააგდო და კარი ჩაუკეტა, ხოლო დედა - ზ------– მ-------- და და, დარჩნენ ბინაში, საიდანაც საკმაოდ ხმამაღალი საუბარი ისმოდა, ამიტომ გარეთ დარჩენილებმა დაიწყეს კარზე კაკუნი და დაუძახეს ა-–--–-ს, რომ შეეშვა სახლში და გადაუხდიდნენ თანხას. ა-–--–-მ კარი გააღო და შეუშვა ორივე ბინაში, თუმცა ს---–---------ს გაწვდილმა 20 - ლარიანმა უფრო გააბრაზა, ფული მოისროლა, ხელი მაჯაში სტაცა გ-----–ს, ხოლო მეორე ხელით 2-3-ჯერ დაარტყა გულმკერდის არეში. ამ ადგილას ნაკაწრიც დარჩა გ-----–ს. ა-–--–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირს არ მიუმართავს.

 

4. მოწმე კ------– ს---–---------მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა თავის ნათესავებთან ერთად დასასვენებლად ბ------–- ჩამოსვლისა და ა-–--–- ხ--–------ს ბინაში დაბინავების ფაქტი და მიუთითა ხ--–------სთან წარმოშობილი უთანხმოების იმავე მიზეზებზე, ასევე განმარტა იმ ინციდენტის გარემოებები, რომელიც მოხდა ა-–--–- ხ--–------ს ბინაში. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო მდგმურების განზრახვა, წინასწარ შეთანხმებულზე უფრო ადრე დაეტოვებინათ მისი ბინა. ხ--–------ს მოთხოვნა იყო თანხის სრულად გადახდა, რასაც მდგმურები არ იზიარებდნენ. ხ--–------ გაბრაზდა, გარეთ გაყარა კ------–ი და გ---–---, ბინაში დარჩენილებს კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. კ------–მა დაუძახა, კარი გაეღო და გადაუხდიდა თანხას. ა-–--–-მ კარი გააღო, თუმცა კ------–ის გაწვდილმა 20 - ლარიანმა გააბრაზა, ცემა დაუწყო გ-----–ს მკერდის არეში, სადაც რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. არც ს---–---------ს და არც მის ნათესავებს ფიზიკური შეურაცხყოფა ა-–--–-სთავის არ მიუყენებიათ.

 

5. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე ზ------– მ--------მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში).

 

6. მოწმე მ---- მ----------ს (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ის საერთოდ არ შესწრებია თავის ნათესავებსა და ა-–--–- ხ--–------ს შორის მომხდარ ინციდენტს, ამ დროს ბულვარში იყო სასეირნოდ წასული.

 

7. მოწმე მ--- ფ-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ა-–--–- ხ--–------ს მეზობელია. პირადად არ შესწრებია ა-–--–- ხ--–------სა და მასთან მდგმურად მყოფ დამსვენებლებს შორის მომხდარ ინციდენტს. ბინის ეზოში დაინახა მხოლოდ, როგორ ესაუბრებოდა ა. ხ--–------ პოლიციის თანამშრომელს, მათთან ერთად იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ და როგორც მიხვდა, მათ შორის უთანხმოება მოხდა თანხასთან დაკავშირებით.

 

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, გ-----– მ----ს აღენიშნებოდა ნაჭდევი გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. იგი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა ლ---- ფ-----------მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

9. დაცვის მხარის მოწმის - მ----- კ---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ სრულიად შემთხვევით შეესწრო ა. ხ--–------სა და მის მდგმურებს შორის მომხდარ ინციდენტს. იგი დაახლოებით 11 საათიდან - 13 საათამდე დროის მონაკვეთში ხ--–------ს გვერდით ბინაში მცხოვრებ ნათესავებთან მივიდა და ა-–--–-ს ბინის გაღებული კარის ზღურბლთან დაინახა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი, საკმაოდ მაღალი და მსუქანი ახალგაზრდა მამაკაცი, „ფეხით და ხელით იქაჩებოდა“ ა-–--–-ს ბინისკენ და ასევე, დიდი და ჩაფსკვნილი ქალბატონი აკავებდა მას. ისინი ქართულად არ საუბრობდნენ. კარიდან ჩანდა ბინაში მყოფი კიდევ რამდენიმე ადამიანი. დაინახა ა-–--–- და დედამისი - მ------, რომელიც იყო წაქცეული და ა-–--–- მას აქცევდა ყურადღებას და ზღურბლთან მდგარი, ამ ხალხისკენ არც იყურებოდა.

 

10. ა-–--–- ხ--–------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი ამ საქმეზე არა ბრალდებულად, არამედ - დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი, რადგან მასთან ბინაში მდგმურად მყოფმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არა - პირიქით. მოხუც და ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ვერაფრით დაეხმარებოდა, მარტო აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი ხუთი ადამიანის პირისპირ. ვერანაირად ვერ დააზიანებდა მათ, ვინაიდან მათგან ერთი იყო საკმაოდ მოსული და მკვრივი აღნაგობის, ნავარჯიშევი, კუნთმაგარი მამაკაცი, ხოლო დანარჩენები - ასევე ფიზიკურად მასზე ბევრად ძლიერი ქალბატონები. ფიზიკური შეურაცხყოფა მას მიაყენეს, მას სცემეს. განსაკუთრებით მტკივნეული და რთული იყო მ---- მ----------ს მიერ ფეხის დარტყმით მიყენებული დაზიანება მარჯვენა ფეხზე. დაზიანებები, რომლებიც ამ ცემის შედეგად მიიღო, ასახულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. გ-----– მ----ის ნაკაწრი კი ამ ფიზიკური შეხლა- შემოხლისა და ორომტრიალის შემთხვევითი შედეგია.

 

11. საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა-–--–- ხ--–------ს ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით სხეულის სხვადასხვა არეში: მარცხენა მხრის ქვედა მესამედში - მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე - ასეთივე ხასიათისა და ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა წვივის შიდა ზედაპირზე - შუა მესამედში ასეთივე სისხლნაჟღენთი, ასეთივე დაზიანება აღენიშნება მარცხენა ტერფის ზედა ზედაპირსა და ამავე ტერფის ზედა ზედაპირზე მე-3-4 თითების ფალანგების არეში. ექსპერტმა მ------ მ---------–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

12. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაზარალებული გ-----– მ----ი, მოწმეები – გ---–--- მ--------, ზ------– მ--------, კ------– ს---–---------, მ---- მ---------- პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაკითხულან და მათი ჩვენებები გამოქვეყნდა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: ამ მოწმეთაგან ორნი – გ-----– მ----ი და გ---–--- მ-------- გამოძიების ეტაპზე დაიკითხნენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რადგან ისინი დიდი ხნით ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

 

13. სააპელაციო პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პირდაპირი მოწმეები არ დაკითხულან არსებითი განხილვის სხდომაზე, არ გაიზიარა მათი ჩვენებები და, შესაბამისად, არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულ გ-----– მ----ს მიყენებული აქვს დაზიანება. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ა-–--–- ხ--–------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის აღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

15. საკასაციო პალატა მტკიცებულებათა დასაშვებობისა და მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ: ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. იგი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა, მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა („ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12,). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა („ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 ,). რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტს, თუ დაცვის უფლებები იყო დაცული. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ დაცვას მიეცეს ბრალდების მოწმის დაკითხვისა და მისი ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა მის მიერ ჩვენების მიცემისას ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე („SN შვედეთის წინააღმდეგ“ (S.N. v. SWEDEN), 02.10.2002, § 44), „ბირუტისი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ“ (BIRUTIS AND OTHERS v. LITHUANIA), 28.06.2002, § 28). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მსჯავრდება მთლიანად ან გადამწყვეტი ხარისხით არ უნდა ემყარებოდეს იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა პირადად ან სხვების მეშვეობით დაკითხვის შესაძლებლობა ბრალდებულს არ მიეცა გამოძიების ან სასამართლო განხილვის ეტაპზე („AM იტალიის წინააღმდეგ“, (A.M. v. ITALY) , 14/03/2000, § 25.

 

16. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, გამოძიებამ დაზარალებული გ-----– მ----ი და მოწმე გ---–--- მ-------- გამოკითხა შემთხვევის დღესვე - 2016 წლის 27 ივლისს, ხოლო მოგვიანებით, 2016 წლის 4 აგვისტოს, ვინაიდან ორივე მათგანი იყო აზერბაიჯანის მოქალაქე და დიდი ხნით ტოვებდნენ საქართველოს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მაგისტრატ მოსამართლეს. ისინი მოწმის სახით იმავე დღეს დაიკითხნენ მოსამართლესთან. მოწმეთა დაკითხვას ესწრებოდა ბრალდებულ ა. ხ--–------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ----- ბ------, რომელმაც მოწმეებს კითხვები დაუსვა. რაც შეეხება ბრალდების მხარის დანარჩენი მოწმეების - კ------– ს---–---------ს, ზ------– მ--------სა და მ---- მ----------ს ჩვენებებს, მათი გამოკითხვის ოქმები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა სასამართლო სხომაზე.

 

17. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიეცა და ჰქონდა შესაძლებლობა, მოსამართლის წინაშე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები - გ-----– მ----ი და გ---–--- მ--------, რითიც მან ისარგებლა კიდეც. გარდა ამისა, ხაზი რომც არ გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ შეზღუდვია დაცვის უფლება და ჰქონდა მოწმეებისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-–--–- ხ--–------ს ბრალდება ემყარებოდა არა მხოლოდ მოწმეების - გ-----– მ----ისა და მოწმე გ---–--- მ--------ს დეპონირებულ ჩვენებებს, არამედ ასევე სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სრულად არის თანხვდენილი გ-----– მ----ისა და გ---–--- მ--------ს ჩვენებებთან და რომლითაც დადგენილია, რომ გ-----– მ----ს აღენიშნებოდა დაზიანება გულმკერდის არეში; ასევე - მოწმე მ--- ფ-----------ს ჩვენებას, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია მომხდარ ფაქტს, თუმცა ადასტურებს, რომ ა-–--–- ხ--–------სა და მასთან მდგმურად მყოფ დამსვენებლებს შორის მართლაც მოხდა კონფლიქტი.

 

18. რაც შეეხება თვითონ ა-–--–- ხ--–------ს ჩვენებას, იგი არ უარყოფს კონფლიქტის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ ის კი არ დაესხა თავს მისი ბინის დამქირავებლებს, არამედ პირიქით - დამქირავებლები დაესხნენ თავს, ხოლო დაზარალებულმა გ-----– მ----მა დაზიანება შემთხვევით მიიღო. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მის ჩვენებას, რომ მას დაზიანება არ მიუყენებია დაზარალებულისათვის, რადგან ეს პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და პალატას არ აქვს საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულ გ-----– მ----ისა და მოწმე გ---–--- მ--------ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან სრულად არის თანხვდენილი და შეესაბამებიან საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე მ----- კ---–---ს ჩვენებას, რომლის თანახმად, გარდა იმისა, რომ არ დგინდება, იყო თუ არა მის ჩვენებაში გადმოცემული პირი - „მაღალი და მსუქანი ახალგაზრდა მამაკაცი“ - მ---- მ----------, ასევე სხვა არცერთი მოწმე არ ადასტურებს როგორც მ---- მ----------ს, ისე თვითონ - მ----- კ---–---ს ყოფნის ფაქტს კონფლიქტის დროს.

 

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–--–- ხ--–------მ ჩაიდინა ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

20. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-–--–- ხ--–------ს, ასაკისა და იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და პირველადაა სამართლაში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის გამამართლებელი განაჩენი.

 

3. ა-–--–- ხ--–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.

 

4. გაუქმდეს ა-–--–- ხ--–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

5. ნივთმტკიცება – მოწმეების გ-----– მ----ისა და გ---–--- მ--------ს ჩვენებების ჩანაწერები ორ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში მისი შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე