განჩინება

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
010141318700059733
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059733

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№302აპ-18 ქ. თბილისი

ბ---------–---–- შ--–--, 302აპ-18 20 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ--–-- ბ---------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ღ----–---ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შ--–-- ბ---------–---–-, – დ----------–-------–-–---------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ--–-- ბ---------–---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ--–-- ბ---------–---–ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 თებერვლიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

2016 წლის 15 თებერვალს თ--–--–ი, თ---–-------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--–-- ბ---------–---–მა დ----- მ------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, ცივი იარაღით, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, მე-5 ნეკნის დონეზე და გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ, მე-4 ნეკნის დონეზე, ასევე -მარცხენა წინა მხრის არეში, კისრის წინა, გვერდით ზედაპირზე, მარცხნივ და შუბლის არეში, წინა მხრის არეში, კისრის წინა გვერდით ზედაპირზე, მარცხნივ და შუბლის არეში - ნაკვეთი ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ასევე, შ--–-- ბ---------–---–მა 2016 წლის 15 თებერვალს თ--–--–ი, თ---–-------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ--–--- ჯ----–---–ს დანით მიაყენა დაზიანებები გულმკერდში, მარცხნივ, იღლიის წინა ხაზზე VII ნეკნის დონეზე, წელის IV-V მალის დონეზე და სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა -მარცხენა მხარში. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და შ--–-- ბ---------–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის მითითებით, წარდგენილ ბრალდებაში შ--–-- ბ---------–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო და მისთვის უცნობია, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანებები; დ----- მ------–---–ი არის დაზარალებული, რის გამოც იგი ვერ იქნება მიუკერძოებელი, ვინაიდან მას გააჩნია პირდაპირი ინტერესი საქმის შედეგის მიმართ. ამდენად, მისი ჩვენების სანდოობის ხარისხი დაბალია; დაზარალებული ჯ--–--- ჯ----–---–ი კი დ----- მ------–---–ისგან საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა; კასატორი მიუთითებს, რომ საძინებელი ოთახიდან დანის ამოღებას არავინ დასწრებია; ამოღებულ დანაზე მხოლოდ დნმ-ის ექსპერტიზა ჩატარდა, ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა; დასაბუთებული არ არის, რომ შ--–-- ბ---------–---–- პირდაპირი განზრახვით მოქმედებდა; ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლომ დაასაბუთოს, თუ როგორ დაადგინა ფაქტები და გამოიყენა კანონი. აღნიშნულზე მიუთითებს ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებაც.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №527აპ-17, 57აპ-15 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

10. დაცვის მხარის მითითებას, რომ დანის ამოღების დროს საძინებელ ოთახში არავინ იმყოფებოდა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. მოწმე რ--------- ყ---–---მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გარკვევით განაცხადა, რომ დანა პოლიციელებმა მისი თანდასწრებით ამოიღეს. ამასთან, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს არ ახლავს შენიშვნა ან განცხადება. ბიოლოგიური (გენეტიკური, სერეოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ დანის პირზე აღმოჩენილი სისხლი ეკუთვნით დაზარალებულებს - დ----- მ------–---–სა და დ----- ჯ----–---–ს, ხოლო ამავე დანის ტარზე გამოვლენილია შ--–-- ბ---------–---–-ს, დ----- მ------–---–ისა და დ----- ჯ----–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ--–-- ბ---------–---–-ს ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის გენეტიკური პროფილი და ჯ--–--- ჯ----–---–ის სისხლის გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული გარემოებები, თავის მხრივ, მიუთითებენ დაზარალებულ დ----- მ------–---–ის ჩვენების სისწორეზე, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ იგი დაინტერესებული მოწმეა და მისი ჩვენების სანდოობის ხარისხი არის დაბალი. საქმის მასალებით დ. მ------–---–ის დაინტერესება შ. ბ---------–---–-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით არ დგინდება.

 

11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97 , 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93 , 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პრეტენზიები (მათ შორის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის არარსებობასა და დანაშაულის ჩადენის განზრახვაზე), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს.

 

12. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შ--–-- ბ---------–---–-ს მიერ როგორც საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, ისე 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ შ--–-- ბ---------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ღ----–---ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე