განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061694
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №413აპ-18 თბილისი
დ-------- გ-------, 413აპ-18 14 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნინო კეპულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ------- დ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ------- დ-------ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 28 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 12 მაისიდან 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, 2016 წლის 12 მაისს თ---–--–------–--------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფარმაცევტული კომპანია „ი------ -ის“ სასაწყობო ოფისიდან გ------- დ--------, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, კომპანიის დარაჯის - გ------- ბ-----–---–-ს ნების საწინააღმდეგოდ, აშკარად დაეუფლა კომპანიის კუთვნილ პრეპარატ „რ---------ს“, რითაც კომპანიას მიაყენა 80 ლარის მატერიალური ზიანი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- დ--------ს ადვოკატმა ვ-–- ა-------–---მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ------- დ--------ს გამართლება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით: დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა, გ------- დ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით. გ------- დ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ გ------- დ-------ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში პალატამ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული არ უარყოფდა საწყობიდან პრეპარატების წაღების ფაქტს, თუმცა დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა აღნიშნული პრეპარატების მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაუფლებას და განმარტა, რომ დაზარალებულმა გ------- ბ-----–---–მა გ------- დ-------ს წამლები აჩუქა ალკოჰოლური სასმლისათვის თავის დასანებებლად, რაც სხვა დროსაც გაუკეთებია.
პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის ჩადენისას აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის (მფლობელისათვის, მოსარგებლისათვის), ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ამასთან, აუცილებელია, დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრიობა.
ამრიგად, ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ნამდვილად მიისაკუთრა თუ არა მართლსაწინააღმდეგოდ მსჯავრდებულმა საწყობიდან წამლები.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ფაქტის უშუალო მონაწილეა ორი პირი - დაზარალებული გ------- ბ-----–---–- და მსჯავრდებული გ------- დ--------. დაზარალებულის განმარტებით, გ------- დ-------მა მას წამლები წაართვა, ხოლო მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ გ------- ბ-----–---–მა წამლები მისცა საკუთარი სურვილით, რაც ადრეც გაუკეთებია. პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულის განმარტებით, გ------- დ-------თან ერთად იყო სხვა პირიც, რომელსაც ხმა არ ამოუღია, თუმცა ბრალდების მხარეს არ დაუდგენია შემთხვევის ადგილზე მესამე პირის ყოფნის ფაქტი, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა გ------- ბ-----–---–მა განმარტა, რომ ის გ------- დ-------ს შემთხვევამდეც იცნობდა და მასთან ადრე პატარა შელაპარაკებაც მოუხდა. 2016 წლის 12 მაისს გ------- დ-------- მივიდა საწყობში და მიუხედავად მისი უარისა და გაფრთხილებისა, რომ პოლიციაში დარეკავდა, წამალი წაიღო. ერთი ყუთი დაუვარდა, გაუტყდა და მეორე აიღო. გ------- დ-------თან ერთად იყო კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ხმა არ ამოუღია. დაზარალებულის განმარტებით, გ. დ-------მა შემთხვევამდე სამი კვირით ადრეც წაიღო წამალი, უთხრა, რომ ფულს მიუტანდა, მაგრამ არ მიუტანია და წამლის ღირებულება თვითონ გადაიხადა. გ. ბ-----–---–მა ასევე აღნიშნა, რომ დ--------ს წასვლის შემდეგ ჯერ ოფისში დარეკა, რადგან მამამისი იქ მუშაობს, მამამისმაც და უფროსმაც უთხრეს, რომ პოლიციისთვის ეცნობებინა და მანაც შეატყობინა. მისივე განმარტებით, პირველად გ. დ-------მა „იჩუქა“ წამალი, მაშინ მას პოლიციაში არ დაურეკავს, რადგან მამამ უთხრა, რომ ვერ დაამტკიცებდნენ.
მსჯავრდებულმა გ------- დ-------მა კი განაცხადა, რომ ის წლებია, იცნობს გ------- ბ-----–---–ს. მასთან კონფლიქტი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს ის და ს----- შ------–--- მე-20 კორპუსთან სვამდნენ. მათთან გ------- მივიდა, საჭმელი და სასმელი მიუტანა, ერთად დალიეს. საუბრისას თქვა, რომ სურდა სასმლისთვის თავი დაენებებინა. გ-------მ ჰკითხა, მოეწონა თუ არა ის წამალი, რომელიც ადრე მისცა, რაზეც უპასუხა რომ მოეწონა. გ------- დაჰპირდა, რომ კიდევ მისცემდა. იგი გ-------ს წაჰყვა საწყობში და მან ერთი ყუთი მიაწოდა, რომელიც ხელიდან გაუვარდა და გატყდა. გ-------მ უთხრა, რომ თვითონ მიხედავდა და მეორე ყუთიც მიაწოდა. მსჯავრდებულის განმარტებით, დაახლოებით ორი თვის წინ გ-------მ მას მისცა იგივე წამალი, თან აუხსნა, რომ ეს იყო გადასხმებისთვის საჭირო პრეპარატი. როცა ყუთი სახლში აიტანა და დაბლა ჩამოვიდა, პატრული დახვდა, გ-------ს მამამ მასზე მიუთითა და უთხრა, რომ ესააო.
პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ დაზარალებულმა გარკვეულწილად დაადასტურა მსჯავრდებულის ჩვენება, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში მან განმარტა, რომ მისი საწყობიდან ბაღამდე დაახლოებით 50 მეტრია, სადაც დ-------- და ერთი კაცი მაგიდასთან ისხდნენ. მან გ. დ-------ს პატივისცემის ნიშნად სასმელი გაუტანა ბაღში, რადგან დღესასწაული იყო. იქ მას არ დაულევია. გ-------მ უთხრა, რომ პრეპარატი მიეცა, რადგან გადასხმა სჭირდებოდა. მათ საუბარს იქ მყოფი პირიც ისმენდა. მან გ------- დ-------ს წამლის მიცემაზე უარი უთხრა, მაგრამ ის არ მოეშვა და მაინც გაჰყვა საწყობში. მისივე განმარტებით, საწყობში რვა სახის მედიკამენტია, გ-------მ საიდან იცოდა, სად იდო ის პრეპარატი, არ იცის, მისთვის არ უკითხავს და თვითონ აიღო.
აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა და განმარტა, რომ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის ჩვენების სისწორეს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რაც მათთვის გახდა ცნობილი დაზარალებულ გ------- ბ-----–---–-საგან, ასევე -ინფორმაცია, რომ გ------- დ--------სგან ამოიღეს ერთი კოლოფი პრეპარატი „რ---------ი“, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- ჭ--–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ფარმაცევტულ ფირმა „ი------- -ში“ დირექტორად, იგი მდებარეობს ნ--–-------------------ში. ამავე ფირმაში მუშაობენ მამა - შვილი გ------- და ე-–------- ბ-----–---–ები, რომელთა მოვალეობაში შედის საწყობის დაცვა და ელექტრონულად გაფორმებული დოკუმენტების შესაბამისად დისტრიბუტორებისთვის მედიკამენტების გადაცემა. 2016 წლის 12 მაისის ფაქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია, რომ გ------- დ-------მა გ------- ბ-----–---–ს, რომელიც იმ დღეს მუშაობდა, გასტაცა საინიექციო წამლის შეკვრა, ხოლო ნაწილი ხელიდან გაუვარდა და გატყდა, რითაც კომპანიას მიადგა 80 ლარის ზიანი. მოწმემ აღნიშნა, რომ მას გ------- ბ-----–---–მა დაურეკა და უთხრა ინციდენტის შესახებ და ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო, თუმცა მან ზუსტად არ იცის ინციდენტის არსი.
მოწმის სახით დაკითხულმა ი---- ქ------მ, თ---------- ა----–---–მა, ვ-–-------- ს---–---------მ და ვ--–---- გ----–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.
ამრიგად, ბრალდების მხარეს საქმეში წარდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ გ------- დ--------ს ჩვენება, როგორც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლის სანდოობისა და გულწრფელობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მისი თანამიმდევრულობა. პალატის აზრით, დაზარალებულის ჩვენება არ არის სარწმუნო, ვინაიდან მისი განმარტებით, გ. დ-------მა დაახლოებით სამი კვირის წინ მას წამალი გამოართვა, რომლის ღირებულების გადახდა თვითონ მოუწია. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მიდის საწყობის მოშორებით მდებარე ბაღში მყოფ გ. დ-------თან და როგორც აცხადებს, პატივისცემის ნიშნად მიაქვს მასთან სასმელი. ასევე გაუგებარია, საიდან უნდა სცოდნოდა გ. დ-------ს, რომ გ. ბ-----–---–ს საწყობში ჰქონდა პრეპარატი „რ---------ი“, ან სად ინახებოდა ეს პრეპარატი. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების შესაფასებლად პალატამ ყურადღება გაამახვილა სასამართლოში გამოკვლეულ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათებზე, რომელთა თანახმადაც, გ------- ბ-----–---–ს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი - შიზოტიპური აშლილობა. ამავე ბარათებით გაირკვა, რომ იგი მკურნალობდა 2011 წლიდან. სხვადასხვა დროს მას კონფლიქტი ჰქონდა საკუთარი ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან (კონფლიქტი მოუვიდა ბიძაშვილთან - თავი გაუტეხა, რადგან ჩათვალა, რომ მას ცუდად მოექცა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სტაციონარში მოათავსეს). ასევე გაირკვა, რომ მან დანით დაჭრა მეზობელი, ვინაიდან მისივე გამოთქმით, ეს პირი მას უვარდებოდა სახლში და ჩხუბისთვის იწვევდა გარეთ, შეეშინდა და დანა დაარტყა თავდაცვის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ იგი არანებაყოფლობით ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოათავსეს. პალატამ ასევე გაითვალისწინა, რომ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გ. ბ-----–---–- მოთავსებული იყო სტაციონარში დიაგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია. ამავე დიაგნოზით იყო მოთავსებული იგი სტაციონარში შემთხვევიდან სამი თვის შემდეგაც (იგი აცხადებდა, რომ საწყობში მამამისი სპეციალურად ისე აწყობდა წამლებს, რომ მას ვეღარ მიეგნო).
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს. ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება - სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ფაქტის შემსწრენი, სხვა სახის მტკიცებულებები, საიდანაც პირდაპირ არ გამომდინარეობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირი მოწმეების ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების შემოწმების საშუალებას და მათ საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ფაქტების დადგენა უმეტეს შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2კ-აპ-14).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების შემსწრეა მხოლოდ ერთადერთი პირი - დაზარალებული, რომლის ჩვენებაც საკმარისი არ არის გ------- დ--------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დადგენილია, რომ გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ასევე, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო კეპულაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულ გ------- დ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი, რასაც პალატა სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს გ------- დ--------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში არსებობს საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125; მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნინო კეპულაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე