განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002287636
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №441აპ-18 თბილისი
ჯ--------- ზ------, 441აპ-18 14 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ზ------ ჯ---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3, მე-4 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------ ჯ---------მ ჩაიდინა ქურდობა (2017 წლის 18 აგვისტოსა და 5-6 სექტემბრის ეპიზოდები), ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და რაც გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისისა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ------ ჯ---------მ 2017 წლის 18 აგვისტოს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, უკანონოდ შეაღწია ს-----------ს რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე მ--- მ----–---ს საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ სამზარეულოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჩინური წარმოების, 220 ლარად ღირებულ ველოსიპედს, 30 ლარად ღირებულ ოპტიკურ სათვალეს ჩასადებით, 150 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 30 ლარად ღირებულ „როქსანის“ ფირმის ქალის სუნამოსა და თანხას - 70 ლარს. ზ------ ჯ---------ს ქმედებით მ--- მ----–---ს მიადგა 500 ლარის ქონებრივი ზიანი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისისა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ------ ჯ---------მ 2017 წლის 5 სექტემბრის 23:00 საათიდან 6 სექტემბრის 06:00 საათამდე პერიოდში ორფრთიანი კარის გაღებით უკანონოდ შეაღწია ს-----------ს რაიონის სოფელ ჭ----ში მდებარე, ლ--–- ჭ-------–-ს საცხოვრებელ სახლთან არსებულ სამზარეულოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 650 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს, 10 ლარად ღირებულ მაგიდის საათს, 30 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და თანხას - 60 ლარს. ზ------ ჯ---------ს ქმედებით ლ--–- ჭ-------–ს მიადგა 750 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ზ------ ჯ---------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3, მე-4 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულ ზ------ ჯ---------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3, მე-4 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი, რასაც პალატა სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს ზ------ ჯ---------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3, მე-4 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში), რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა ზ------ ჯ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე