განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061139
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№337აპ-18 ქ. თბილისი
ხ-–---- ტ-------, 337აპ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ------- ხ-–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ს----ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ტ------- ხ-–----, –-------------–-------–--–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, 2016 წლის 14 დეკემბრიდან იმავე წლის 16 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 30000 ლარი. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა დანაშაულის საგნების კონფისკაცია.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------- ხ-–----მ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 14 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტ------- ხ-–----მ საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტისა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ზონის“ გავლით დუბაიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა ტ------- ხ-–----ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს მის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 64 ერთეული ოქროს ყელსაბამი, 27 ერთეული ოქროს სამაჯური ბრილიანტის თვლებით, 33 წყვილი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით, 12 ერთეული ოქროს კულონი ბრილიანტის თვლებით, 58 ერთეული ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, 3 ერთეული ოქროს ყელსაბამი კულონით, ხოლო ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს 36 ერთეული ოქროს ყელსაბამი, 12 ერთეული ოქროს სამაჯური ბრილიანტის თვლებით, 2 წყვილი ოქროს საყურე, 19 წყვილი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით, 11 ერთეული ოქროს კულონი ბრილიანტის თვლებით, 4 ერთეული ოქროს ბეჭედი, 40 ერთეული ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, 2 ერთეული ოქროს კოლიე ბრილიანტის თვლებით, 2 ერთეული ვერცხლის ყელსაბამი, 75 ერთეული მაჯის საათი და 2 ერთეული ნატურალური ბეწვის ქურქი. ტ------- ხ-–----ს მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამურად შეადგინა 513 956 ლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ------- ხ-–----ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ ს----ამ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენის გაუქმება და ტ------- ხ-–----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე – ძვირფასი საიუველირო ნაკეთობების დაბრუნება კანონიერი მესაკუთრეებისათვის საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივებით, რომ ტ------- ხ-–----ს არ ჰქონია საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განზრახვა, ასევე – არ არსებობდა ძვირფასი საიუველირო ნივთების საპროცესო კონფისკაციის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, მით უფრო, რომ ეს ნივთები სხვა არაბრალეულ პირებს ეკუთვნის და მათი საქართველოში იმპორტი არ მომხდარა.
5. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი გიორგი მიქელაძე შესაგებლით ითხოვს ადვოკატ მ------ ს----ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ტ------- ხ-–----ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ტ------- ხ-–----ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – ან-------- გ--–---–---–ის, ნ-----–---- გ-–-------ის, ნ---- ლ-----ის, ლ---- შ--------ის, ლ---- გ-------ის, ლ--- ხ----–---–ის, ე-–--- ჩ--------ისა და მ------ ა------ის ჩვენებებით, მგზავრის ხელბარგისა და მგზავრის დათვალიერების ოქმებით, საქონლის რაოდენობის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის 2016 წლის 14 დეკემბრის N0----- დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის 27 დეკემბრის №0-------- დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, 2016 წლის 14 დეკემბრის დათვალიერების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით.
9. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ადვოკატი. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ძვირფასი საიუველირო ნაკეთობების მესაკუთრეებისათვის დაბრუნების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით, გამამტყუნებელი განაჩენით სრულიად კანონიერად მოახდინა ზემოთ მითითებული საიუველირო ნაკეთობების, როგორც დანაშაულის საგნის, საპროცესო კონფისკაცია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ------- ხ-–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ს----ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე