განჩინება

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
820100117002133406
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100117002133406

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№396აპ-18 ქ. თბილისი

ბ------ ლ----, 396აპ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პ----- სილაგაძე, პ----- ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ლ---- ბ------, –-------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 14 ოქტომბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულ ლ---- ბ------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ბ------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში, ბ------–ი, ა---–------–ის დასახლებაში, მდინარე ჭ-------ის მიმდებარე ტერიტორიიდან, ლ---- ბ------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა------- წ---–-----ის ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ა---------– მ--------ის ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ და ითხოვა ლ---- ბ-----ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ან სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულების – ა---------– მ--------ისა და ა------- წ---–-----ის, მოწმეების – თ------ ა----ის, თ------–- ვ-–--–-----ის, ი----- ჩ-------–---–ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, თავად ლ---- ბ-----ის აღიარებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ლ---- ბ------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

8. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ლ---- ბ-----ისათვის განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების ან პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ასევე არ არსებობს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი, რადგან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, მოცემულ შემთხვევაში კი ლ---- ბ------ს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია; ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე