განჩინება

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
010141318700061703
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061703

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #409ap-18. ქ. თბილისი

ხ--------- ნ----409აპ-18. 11 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ--- ხ---------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განაჩენით ნ--- ხ---------, –-------------–-------–--–-- ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ნ--- ხ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 19 ოქტომბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- ხ--------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2008 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–----ის რაიონის სოფელ ც--------ში, ე.წ. „კო------------------–---ში“, ნ--- ხ--------- და მისი ნათესავი და თანასოფლელი ი-----– ჯ----–---- იყვნენ მთვრალები. მთვრალ ნ--- ხ--------ს ი-----– ჯ----–---თან მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ სტუმრად მყოფ ი-----– ჯ----–---ს გადაწყვეტილი ჰქონდა ს----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გამგზავრება. რამდენიმე ხანში მათ შორის წარმოშობილი სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. სტუმრად დარჩენაზე ი. ჯ----–----ს კატეგორიული უარით გაღიზიანებულმა ნ--- ხ--------მა განიზრახა მისი მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან მოიმარჯვა თანნაქონი დანა და ი-----– ჯ----–---ს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით. ნ--- ხ--------- არ შეჩერდა და ი-----– ჯ----–---ს, სიცოცხლის მოსპობისა და განზრახვის ბოლომდე მიყვანის მიზნით, განმეორებით მოუქნია დანა და მარცხენა წინამხრის ზედა მესამედში მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა დასახმარებლად უხმო იქვე, ბინაში მყოფ ს---------- მ--------სა და ა---–- რ-----–---ს, ნ--- ხ--------- მიხვდა, რომ მათი ჩარევის შემდეგ განზრახვას სისრულეში ვეღარ მოიყვანდა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. რაც შეეხება ი-----– ჯ----–---ს, შემთხვევის ადგილზე მისული ს. მ--------ისა და ა. რ-----–---ის დახმარებით ის გადაიყვანეს თბილისის ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ექიმების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის გადარჩენა.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელმაც ითხოვა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) შემდეგი მოტივით: მას ი-----– ჯ----–----ს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, აუცილებლად მოიყვანდა სისრულეში, რადგან ხელს არაფერი უშლიდა; მან დაზარალებულს მხოლოდ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც არ არის დასჯადი ქმედება.

 

3. შიდა ქართლისა და მ–----ა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი გიორგი ჯებაშვილი შესაგებლით ითხოვს ნ--- ხ---------ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

6. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა ნ--- ხ---------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: მის მიერ მიყენებული დაზიანების მდებარეობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი – ზურგიდან მიპარვა და დანით ჭრილობის მიყენება, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე არსებული კონფლიქტი, საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიუთითებენ ნ--- ხ---------ს განზრახვაზე – მოეკლა ი-----– ჯ----–----, რაც მან სისრულეში ვერ მოიყვანა მხოლოდ იმის გამო, რომ დაჭრილმა ი. ჯ----–---მა დასახმარებლად უხმო ახლობლებს. გარდა ამისა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ნ--- ხ---------ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა (რაზეც კასატორი მიუთითებს); შესაბამისად, არც მოგერიების წინაპირობა არსებობდა.

 

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ--- ხ---------ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი.

 

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ--- ხ---------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის

 

განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე