განჩინება

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
150100118002308095
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002308095

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №451აპ-18 ქ. თბილისი

ნ---------- ს------, 451პ-18 20 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებაზე მსჯავრდებულ ს------ ნ----------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ს------ ნ----------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 300 საათით - შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით.

 

ს------ ნ---------ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 იანვრიდან იმავე წლის 8 იანვრის ჩათვლით.

 

ს------ ნ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

განაჩენით მსჯავრდებულ ს------ ნ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 20 ან 21 დეკემბერს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ა---–---–--ის რაიონის სოფელ ა------ში ს------ ნ---------სა და მის მეუღლეს - მ---- ა--–---ს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ნასვამმა ს------ ნ---------მა მ---- ა--–---ს თავიანთი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც მ---- ა--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი (პირველი ეპიზოდი).

 

2017 წლის 5 იანვარს, საღამოს საათებში, ა---–---–--ის რაიონის სოფელ ა------ში, ნასვამმა ს------ ნ---------მა თავისივე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მეუღლეს - მ---- ა--–---ს თავიანთი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით რკინის ჯამი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც მ---- ა--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი (მეორე ეპიზოდი).

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ს------ ნ----------სათვის სასჯელის დამძიმებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

ს------ ნ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 20-21 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეორე ეპიზოდისთვის შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა პირველი ეპიზოდისთვის შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ნ---------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 იანვრიდან იმავე წლის 8 იანვრის ჩათვლით.

 

ს------ ნ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით აღმოიფხვრა უზუსტობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, განაჩენის დადგენილებით ნაწილში მიეთითა:

 

,,ს------ ნ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით განსაზღვრული და დღეისათვის მოხდილი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 300 საათი შემდეგი გაანგარიშებით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის 5 საათი - თავისუფლების აღკვეთის 1 დღე, რაც შეადგენს 60 დღეს“. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს------ ნ---------მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს პირობითი მსჯავრის სრულად მოხსნასა და სასჯელის მოხდილად ჩათვლას იმ საფუძვლით, რომ მან მოიხადა დანიშნული სასჯელი - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 300 საათით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ერთი და იმავე ქმედებისათვის დამატებით მიუსაჯა პირობით მსჯავრი.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ მას უკვე მოხდილი ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით განსაზღვრული სასჯელი და გასაჩივრებული განჩინებით პირობითი მსჯავრის შეფარდებით მას ერთი და იმავე ქმედებისათვის დამატებით დაენიშნა სასჯელი. პალატა აღნიშნავს: ის ფაქტი, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს------ ნ----------სათვის განსაზღვრული სასჯელის სახე მას უკვე მოხდილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას, სრულებით არ გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის სხვა სახის გამოყენებისა და დამძიმების შესაძლებლობას. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით - მსჯავრდებულ ს------ ნ---------ს უკვე მოხდილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 23 მაისს განაჩენის დადგენისას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 25 ივნისს გამოტანილ განჩინებაში, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დააზუსტა განაჩენის აღსრულებისას გამოვლენილი უზუსტობა, რასაც გავლენა არ მოუხდენია არც მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციასა და არც სასჯელის სახეზე.

 

7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს------ ნ----------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე