განჩინება

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
080100117002181059
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002181059

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №433აპ-18 თბილისი

შ---------- ა-–----------, 433აპ-18 24 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–---------- შ----------ს ადვოკატ ე--- ნ--------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით ა-–---------- შ----------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ა-–---------- შ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა: 2017 წლის 12 და 14 სექტემბრის ეპიზოდებში - 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდში - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------- შ----------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა-–---------- შ----------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 18 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.

2. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ა-–---------- შ---------- გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში - ბრალდების შესახებ დადგენილებით მას ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 10 სექტემბერს ქ----------–-------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა-–---------- შ----------მ არასრულწლოვანი შვილიშვილის - მ---- ნ-------ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ზ----- ა---------ზე - ხელი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ა-–---------- შ----------ს მსჯავრი დაედო ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში (სამ ეპიზოდში), რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ----------–-------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა-–---------- შ----------მ იძალადა მეუღლეზე - ზ----- ა---------ზე: 2017 წლის 12 სექტემბერს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მუცლის არეში, 14 სექტემბერს - ხელი ორჯერ დაარტყა მუცელში, ხოლო 15 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, - ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკლავზე და წაქცეულს სახეში დაარტყა ფეხი, ამ ქმედებებით ზ----- ა---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. აპელანტების მოთხოვნა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გამართლებულ ა-–---------- შ----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა-–---------- შ----------ს გამართლება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ა-–---------- შ---------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 და 14 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. ა-–---------- შ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდში და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა-–---------- შ----------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 18 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---------- შ----------ს ადვოკატმა ე--- ნ--------მ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა-–---------- შ----------ს გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ა-–---------- შ---------- დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

9. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, § 151, 13.12.2012).

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-–---------- შ----------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-–---------- შ----------ს ადვოკატ ე--- ნ--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე